როგორც ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა და “გურიას” პრეზიდენტმა ზაზა ურუშაძემ “გურია ნიუსისთვის” მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა საწვრთნელო შტაბსა და დირექტორატს ბოლო გაფრთხილება მისცა:
“მწვრთნელისთვის გადამწყვეტი თამაში იქნება. მოგების შემთხვევაში თანამდებობას შეინარჩუნებს, მარცხის შემთხვევაში კი მთელ სამწვრთნელო შტაბთან მოგვიწევს დამშვიდობება. მათ უკვე მივეცი ბოლო გაფრთხილება და შესაბამისად ბოლო შანსი. ეს შანსი და გაფრთხილება გუნდის დირექტორატსაც ეხება” – აღნიშნა ზაზა ურუშაძემ.
“გურია”, რომელიც 4 ქულით მე-10 ადგილზე იმყოფება, შემდეგ მატჩს 20 სექტემბერს საკუთარ კედლებში “საბურთალოსთან” გამართავენ.
ფაქტია მწვრთნელს არ ეძლევა მუშაობის საშუალება. ქართულ ფეხბურთში ტრადიციად იქცა მოკლე პერიოდზე გათვლილი გეგმები. კახი გოგიჩაიშვილი მცირე ხნის წინ, მოსამზადებელი ეტაპის წინ შეუერთდა კლუბს, თუმცა უკვე 5 ტურის შემდეგ ზაზა ურუშაძემ მას კატეგორიული მოთხოვნა წაუყენა. მისაღებია, როდესაც ხელმძღვანელი პირი მთავარ მწვრთნელს კონკრეტულ მიზანს უსახავს, მაგრამ როდესაც მთავარ მწვრთნელს დროს არ აძლევენ და სეზონის სტარტზევე მის მუშაობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ, სტაბილურად წარმატებული გუნდის გაკეთება საქართველოს ჩემპიონატის დონეზეც კი შეუძლებელია.
ამიტომაც გუნდის პრობლემა არა მწვრთნელში, არამედ ზაზა ურუშაძეშია, რომელიც როგორც ჩანს ერთპიროვნულ გადაწყვეტილებებს იღებს, რადგან გადაყენებას უპირებს არა მხოლოდ სამწვრთნელო შტაბს, არამედ გუნდის დირექტორსაც.