დასრულდა მსოფლიოს 2015 წლის ჩემპიონატი 20 წლამდე გოგონებსა და ვაჟებს შორის, რომელსაც ქალაქი ხანტი-მანსიისკი (რუსეთი) მასპინძლობდა. ასპარეზობა შვეიცარიული სისტემით 13 ტურად ჩატარდა.
ამ ტურნირში საქართველოდან ნინო ხომერიკი (2296) და ირაკლი ბერაძე (2380) მონაწილეობდნენ. სამწუხაროდ, ქართველმა მოჭადრაკეებმა თავი ვერაფრით გამოიჩინეს. ხომერიკმა 7.5 ქულით მე-15 ადგილი დაიკავა. რაც შეეხება ბერაძეს, მან 7 ქულის აღება მოახერხა და 25-ე ადგილი ერგო.
გოგონათა შორის ყველაზე კარგი შედეგი უკრაინელმა ნატალია ბუკსამ ( 2199) აჩვენა, რომელმაც 10 ქულა დააგროვა და პირველი ადგილის მფლობელი გახდა.
ვაჟთა შორის, 10-10 ქულით, პირველი-მეორე ადგილები მიხაილ ანტიპოვმა (რუსეთი,2538) და პოლონელმა ჟან დუდამ (2645) გაინაწილეს. უკეთესი კოეფიციენტის წყალობით პირველი ადგილი და ოქროს მედალი ანტიპოვმა მოიპოვა.