ფეხბურთი

9:10 | 17.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

“დაჩაგრული” “ბარსა”

“თქვენთვის სიახლეა, “ბარსელონას” სასარგებლოდ დამსახურებულ პენალტებს რომ არ დებენ”, - კამპ ნოუელთა მთავარი მწვრთნელის ლუის ენრიკეს ეს სიტყვები პოპულარულ გამოცემა Marca-ს მოჰყავს. “ბლაუგრანას” დამრიგებელი “რომასთან” საჩემპიონთალიგო ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩში მსაჯების მოქმედებით უკმაყოფილო დარჩა.

ლუის ენრიკეს აზრით, მატჩის არბიტრმა ურუგვაელ ფორვარდზე ლუის სუარესზე წესის აშკარა დარღვევა “გაატარა” და პირიქით, სამხრეთამერიკელს სიმულაცია ჩაუთვალა.

მთავარი მწვრთნელის პოზიციას სავსებით იზიარებს ეპიზოდის უშუალო მონაწილე ლუის სუარესი. ურუგვაელი თავდამსხმელის აზრით, “ბარსელონა” “მარადიულ ქალაქში” მოგებას იმსახურებდა, ამასთან, მსაჯს რომაელთა კარის მიმართულებით თერთმეტმეტრიანი უნდა დაენიშნა.

“მოწინააღმდეგემ გოლი შორეული დარტყმის შესრულების შემდეგ გაგვიტანა, შემდეგ კი დაცვაში ჩაჯდა და შეტევათა წარმოებაზე ნაკლებად ფიქრობდა. ამასთან, არბიტრმა “სუფთა” პენალტი არ დაგვიდო. იმ ეპიზოდში ჩემ წინააღმდეგ თამაშისას რომაელებმა წესი დაარღვიეს. ვისაც ეჭვი ეპარება, შეუძლია ვიდეოჩანაწერი იხილოს და დარწმუნდეს ჩემი სიტყვების მართებულობაში”, - ლუის სუარესს Marca ციტირებს.

შეგახსენებთ, “სტადიო ოლიმპიკოზე” “რომა” და “ბარსელონა” 1:1 დაზავდნენ.

0.153959