პლანეტის ერთ-ერთმა ყველაზე ტიტულოვანმა კლუბმა მიუნხენის “ბაიერნმა” ჩემპიონთა ლიგის მორიგი გათამაშება დამაჯერებელი საგარეო მოგებით დაიწყო. “რეკორდმაისტერმა” პირეოსში “ოლიმპიაკოსი” 3:0 დაამარცხა და რიხიანი ნაბიჯი გადადგა მორიგი საჩემპიონთალიგო პლეი ოფისკენ.
“ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის სასტარტო შეხვედრა ყოველთვის რთულად ჩასატარებელია. მით უმეტეს, მოწინააღმეგედ შთამბეჭდავი სტატისტიკის მქონე კლუბი გვყავდა – “ოლიმპიაკოსს” აპრილიდან მოყოლებული მატჩი არ ჰქონდა წაგებული, ჩემპიონთა ლიგის ბოლო 6 საშინაო ასპარეზობა კი მოგებული. ამის ფონზე სასიხარულოა, შეხვედრას თავიდან ბოლომდე რომ ვაკონტროლებდით, მარიო გიოტცეს გოლის შემდეგ კი საბოლოო ამოცანის მიღწევა გაგვიიოლდა. სტარტით კმაყოფილი ვარ და ბიჭებს მოგებას ვულოცავ”, - ბავარიელთა კატალონელი დამრიგებლის ეს სიტყვები მიუნხენელთა კლუბის ოფიციალურ ვებგვერდს მოჰყავს.
ამავე ვებგვერდთან საუბრისას კმაყოფილება არ დაუმალავს ბერძენთა კარში 2 გოლის ავტორ თომას მიულერსაც: “ოლიმპიაკოსი” მატჩის მსვლელობისას მინდვრის შუაგულში პრესინგის მარწუხებში გვამყოფებდა, თუმცა ამან ჩვენ სათამაშო გეგმა ვერ შეცვალა – ბურთს და მთლიანად თამაშს ჩვენ ვაკონტროლებდით. სასტარტო მატჩის მოგება ყოველთვის მნიშვნელოვანია”.