ინგლისის პრემიერლიგაში აღებული ცუდი სტარტის შემდეგ საკუთარი გულშემატკივარი როგორც იქნა გაახარა დასვლეთლონდონის “ჩელსიმ”. ჟოზე მოურინიოს გაწვრთნილმა “არისტოკრატებმა” ჩემპიონთა ლიგაში წარმატებული სტარტი აიღეს – თელ ავივის “მაკაბი” შინ 4 უპასუხო გოლით გაისტუმრეს, 4:0.
“სტემფორდ ბრიჯზე” ჩატარებული მატჩის ერთ-ერთიგამორჩეული ფიგურა ლონდონელთა ესპანელი წევრი სესკ ფაბრეგასი გახლდათ. “არსენალისა” და “ბარსელონას” ყოფილმა მოთამაშემ ამჯერად გოლიც გაიტანა და შედეგიანი გადაცემითაც გამოიჩინა თავი.
“როდესაც “ჩელსი” მიჯრით რამდენიმე თამაშს ვერ მოიგებს, ქომაგები ნერვიულობას იწყებენ და ამგვარი მდგომარეობა ფეხბურთელებსაც გადაეცემათ. ჩვენ დიდ კლუბში ვთამაშობთ, დარწმუნებული ვარ, მდგომარეობას საშინაო ასპარეზზეც გამოვასწორებთ, რასაც საფუძველი “მაკაბისთან” მოგებამ უნდა ჩაუყაროს”, - განუცხადა ნამატჩევს ფაბრეგასმა BT Sports-ს.
ებრაელებთან ნამატჩევს ჟურნალისტებს სტემფორდ ბრიჯელთა მცველი გარი კეჰილიც გაესაუბრა: “მშრალი ანგარიშით” გამარჯვება საკუთარი ძალისადმი რწმენას განგვიმტკიცებს. შეტევაშიც კარგად ვითამაშეთ და დაცვაშიც სოლიდურად გამოვიყურებოდით”.
ჩემპიონთა ლიგაში წარმატებული სტარტით კმაყოფილი ბრიტანელთა პორტუგალიელი დამრიგებელი ჟოზე მოურინიოც იყო, თუმცა პრემიერლიგის მეექვსე ტურში “არსენალის” წინააღმდეგ ჩელსელთა მთავარ მწვრთნელს ოპტიმალური შემადგენლობის მინდორზე გაყვანის საშუალება არ ექნება. ლონდონელთა ახალწვეულმა ფორვარდმა პედრომ მაკაბელთა წინააღმდეგ ტრავმის გამო ვერ ითამაშა, ჩემპიონთა ლიგის სასტარტო მატჩის 23-ე წუთზე კი ფეხის დაზიანების გამო შესაცვლელი შეიქნა ებრაელთა კარში პირველი გოლის ავტორი, ნახევარმცველი ვილიანი. პრემიერლიგის მომდევნო ტურში პედროსა და ვილიანის ასპარეზობა გამორიცხულია.