ჰოლანდიის ეინდჰოვენის პსვ-ის მთავარი მწვრთნელი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური სტადიის საწყის შეხვედრაში “მანჩესტერ იუნაიტედის” დამარცხებით მეტად კმაყოფილია და ნამატჩევს მისი ემოცია უეფას ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა:
“ვამაყობ ჩემი ფეხბურთელებით. პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული და ტიტულოვანი კლუბის წინააღმდეგ ასპარეზობისას პირველი გოლი გავუშვით, მაგრამ ფსიქოლოგიურად არ გავმტყდარვართ, საკუთარი თავის რწმენა არ დაგვიკარგავს და დიდი გამარჯვება მოვიპოვეთ. მთელი მატჩის მსვლელობისას ორგანიზებულად ვთამაშობდით, მეტოქეს ფლანგები ჩავუკეტეთ, რის გამოც მანჩესტერელებმა ჩვენ კართან სახიფათო მომენტი ძალიან მცირე რაოდენობის შექმნეს. სტადიონის ტრიბუნებზე ბრწყინვალე ატმოსფერო სუფევდა და ჩვენი ქომაგი გამარჯვების აქტიური თანამონაწილე გახდა”.
კოკუ მანჩესტერელთა განაპირა მცველის ლუკ შოუს მძიმე ტრავმასაც (მოთამაშეს 2 ადგილას აქვს ფეხის ძვალი გატეხილი) გამოეხმაურა: “ძალიან განვიცდით შოუს მიერ მიღებულ დაზიანებას. პსვ-ს ფეხბურთელები არასდროს არიან მომართული მოწინააღმდეგის ფეხბურთელის დასამტვრევად. ლუკის ტრავმა მიზანმიმართული უხეშობის შედეგი ნამდვილად არაა”.
ხანგრძლივი პაუზის შემდეგ მანჩესტერელთა კარი ესპანელმა კიპერმა დავიდ დე ხეამ დაიცვა და საკუთარი ტვიტერის გვერდზე შეხვედრას “იუნაიტედის” პირენელი ლეგიონერი მოკლედ გამოეხმაურა: “წაგება გულდასაწყვეტია, მაგრამ ყველაზე მეტად ლუკ შოუს მდგომარეობა მადარდებს. იმედია, ჩვენი მცველი მალე გამოჯანმრთელდება და მინდორს უკეთეს ფორმაში მყოფი დაუბრუნდება”.