მადრიდის “რეალის” პორტუგალიელმა ვარსკვლავმა კრიშტიანუ რონალდუმ ჩემპიონთა ლიგის წლევანდელი გათამაშების ჯგუფური ტურნირის სასტარტო მატჩში ჰეთ-თრიკი შეუსრულა დონეცკის “შახტარს” და ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. კრიშტიანუს ჩემპიონთა ლიგაში 80 ბურთი აქვს გატანილი და 3 გოლით უსწრებს ბარსელონელ ლეო მესის.
ამასთან, რონალდუმ დონბასელებს 2 ბურთი თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან შეუგდო და ჩემპიონთა ლიგაში ყველაზე მეტჯერ მოიყვანა სისრულეში “უმაღლესი საფეხბურთო სასჯელი”. პორტუგალიელმა 12 პენალტი გაიტანა და თითოთი გაუსწრო თანამემამულე ლუიშ ფიგუსა და ჰოლანდიელ რუუდ ვან ნისტელროის.
“ამჟამად კარგ ფორმაში ვართ და განსაკუთრებით “რეალის” გუნდური თამაში მსურს აღვნიშნო. ესპანეთის პრიმერა დივიზიონის პირველ ტურში 2 დაკარგული ქულის შემდეგ “გამოვფხიზლდით” და სწორ გზაზე დავდექით. ჩემ გოლებს რაც შეეხება, ამისთვის მადლობას პარტნიორებს ვუხდი. მათ ჩემი სწამთ, კარგი პასებით მამარაგებენ და მეც მათ ვუმართლებ – ბოლო 2 მატჩში 8 გოლის გატანა მოვახერხე”, - კრიშტიანუ რონალდუს ეს სიტყვები პოპულარულ გამოცემა AS-ს მოჰყავს.