ფეხბურთი

17:02 | 15.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

ილია კოკაია: “ფიფამ და უეფამ სახელმწიფოს მხრიდან არჩევნებში ჩარევა ვერ დაინახეს”

საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონის” მფლობელმა ილია კოკაიამ სკანდალური პრესკონფერენცია გამართა, რომელზეც ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომისა და პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ალექსანდრე ჩივაძის გაკრიტიკებას არ მორიდებია.

ილია კოკაია: “როგორც იცით, მეც ვიყავი აღმასკომის სხოდმაზე. თავის დროზე, იმ სტატუსზე რაც აღმასკომზე მომცეს უარი განვაცხადე, მაგრამ წინა აღმასკომზე დასწრება ვითხოვე, რადგან ქართული ფეხბურთის ბედი წყდებოდა.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში დიდი ხანია არ ვყოფილვარ. კლუბის დაფინანსება შევწყვიტე და მენეჯმენტს გადავეცი. ერთი პერიოდი “ზესტაფონი” ფეხბურთის ფედერაციიდან გარიცხეს და შემდეგ წევრობა კვლავ აღუდგინეს.

ჩემთვის მოულოდნელი იყო ის განწყობა თუ როგორ უდგებოდა აღმასკომის წევრების უმრავლესობა საკითხის განხილვას. იქ სკამები რომ არ ყოფილიყო ალბათ საქმეს “ჩაცუცქული” გაარჩევდნენ, როგორც ვერაზე ირჩეოდა ხოლმე.

აღმასკომს ალექსანდრე ჩივაძე ესწრებოდა, რომელმაც 30 ვერცხლად ქართული ფეხბურთი მეორედ გაყიდა. ჯერ დიდ ნოდარ ახალკაცს უღალატა და ფედერაცია ჟორდანიას კლანს გადააბარა. ჩივაძემ სახე დაკარგა. აღმასკომზე, თბილისის “დინამოს” პრეზიდენტი რომან ფიფია, მე და “ვიტ ჯორჯიას” პრეზიდენტი გურამ რუხაძე უმცირესობაში მოვხვდით. არ ითვალისწინებენ ინვესტორებისა და იმ ხალხის აზრს, რომლებმაც ფეხბურთში ათეულობით მილიონი დახარჯეს და კიდევ აპირებენ დახარჯვას სიტუაცია თუ გამოსწორდება.

ყველაზე მეტად განმაცვიფრა, რომ სხდომას იურიდიული სამსახურის წარმომადგენელი არ ესწრებოდა. ამ სამსახურის ფუნქცია საშეჯიბრო სამსახურის უფროსმა დიმა ბოკერიამ შეითავსა, რომელმაც თქვა, რომ იურიდიული განათლება აქვს. მე მაგის იურიდიული განათლება არ ვიცი. არ ვიცი სხდომას ქალბატონი კესო რატომ არ ესწრებოდა. ის ფედერაციაში იყო, მერე მანქანაში ჩაჯდა და გაქრა.

გენერალური სამდივნოს წარმომადგენელმა რეზო შენგელიამ კვალიფიციურად დაადასტურა, რომ გაწევრიანების შესახებ 4-5 კლუბის მოთხოვნა ლეგიტიმური იყო, რომლებმაც დოკუმენტაცია მთლიანად წარმოადგინეს. თუმცა, აღმასკომმა გადაწყვიტა ისინი არ გაეწევრიანებინა.

გვაქვს წერილი და წესდების თანახმად ფეხბურთის ფედერაციის სუბიექტების 1/5-ს შეუძლია რიგგარეშე ყრილობის მოწვევა და იმ საკითხის განხილვა, რომელსაც ფედერაცია 3 თვე იხილავს.

ახლა ყბადაღებული თემაა, რომ არჩევნებში სახელმწიფო ერევა და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი საფეხბურთო საზოგადოებამ უნდა აირჩიოს. ვსვამ კითხვას – არის თუ არა “საბურთალო”, საჩხერის “ჩიხურა”, “ლოკომოტივი”, ბათუმის “დინამო” და “შუქურა” საფეხბურთო საზოგადოება?

ჩვენ ვნახეთ ყრილობის დელეგატები როგორ დაამტკიცეს. ერთ დელეგატს “ზესტაფონის” ვალი აქვს და ფეხბურთის ფედერაციამ დაადგინა, რომ ამ ვალს ერთ თვეში თუ არ გადაიხდიდა საფეხბურთო საქმიანობას აუკრძალავდნენ. ახლა კი დელეგატია. საუბარია ხვიჩა ქასრაშვილზე.

მე დავაყენე საკითხი თუ რა კავშირი აქვს თაღლით ქასრაშვილს სამცხე-ჯავახეთის ფეხბურთის ფედერაციასთან. ქასრაშვილის პიროვნებასთან პრობლემა არ მაქვს, მაგრამ მას პრობლემა კანონთან აქვს. ჩემი პოზიცია დავაფიქსირე, საბუთები დავტოვე და ვიკითხე საკითხს როდის განიხილავდნენ. მიპასუხეს, რომ უახლოეს მომავალში განიხილავენ.

აღმასკომზე მთავარი “სკრიპკა” ბოკერია და ფირცხალავა იყვნენ. ფირცხალავამ პროფესიული ფეხბურთის ლიგა დაშალა და მოსვლის დღიდან ქართულ ფეხბურთს ანადგურებს.

რომან ფიფია შემეცოდა, რომელმაც ბევრი იბრძოლა. ფიფია რეალურად ჩემი კონკურენტია. ის ათეულობით მილიონს თავის ოჯახს აკლებს და ფეხბურთში დებს, მაგრამ არ უსმენენ. ჭამენ იმას რაც ჩვენ მოგვაქვს და თან არ გვისმენენ.

იმერეთის ფეხბურთის ფედერაცის პრეზიდენტს ვკითხე თუ ვის დაეკითხა ზესტაფონში, როდესაც ყრილობაზე დელეგატს ასახელებდა და ისეთი გვარი დამისახელა, რომ ის კაცი ზესტაფონში საერთოდ არ ცხოვრობს.

იმერეთის რეგიონშია “ზესტაფონი”, “ტორპედო”, “ჩიხურა”, “საპოვნელა” და რომელიმესთვის ეკითხა, როცა დელეგატს ასახელებდა.

გურიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა განაცხადა, მე მაქვს უფლება საკუთარი თავის დანიშვნისო. მონარქიასაც კი აქვს თავისი კანონები, როდესაც მონარქს ირჩევენ. ვეუბნები გამგეობის წევრები გეძებენ და ვერ გპოულობენ-მეთქი და მიპასუხა, რომ ტელეფონის ნომერი იციან და დამირეკონო.

ეს არის უკანონობა და განუკითხაობა. ადამიანების ჯგუფი შეიჭრა შენობაში, რომელიც ინგრევა და მთავრობა ეუბნება გამოდიო, მაგრამ არ გამოდიან.

აღმასკომის სხდომა პროტესტის ნიშნად არ დამიტოვებია. საშა ჩივაძემ მითხრა ხელს გვიშლი, რადგან ყველაფერი “გაიასნებულიაო”. მე ვუთხარი: “შენ ხარ იუდა, რომელიც ქართულ ფეხბურთს მეორედ ჰყიდი და დრო აჩვენებს კოკაია და ფიფია რომ უფრო სჭირდება ქართულ ფეხბურთს, ვიდრე ეს ჯოგი”.

ჩივაძემ ერთხელ თავისი გამზრდელი გაყიდა. არც ჩივაძეს და არც ხურცილავას არ ვერჩი, რადგან ქართული ფეხბურთისთვის ბევრი გაუკეთებიათ, მაგრამ ახლა ანგრევენ. მე არავის ვერიდები.

უმაღლესი ლიგის ექვსმა კლუბმა, რომლებიც ფეხბურთის ფედერაციის სუბიექტები არიან, ხვალ რომ ჩემპიონატში თამაშზე უარი თქვას, მერე სად მიდიან? ჩემპიონატი ხომ დაიშლება. ყველას ყელში ამოგვივიდა და “საბურთალო” და “ჩიხურაც” იგივეს გააკეთებენ.

ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს ფედერაციის სათავეში ვინ მოვა. მთავარია, ის ხალხი მოვიდეს, ვინც სიტუაციას უკეთესობისკენ შეცვლის. ეს ახალგაზრდა თაობას შეუძლია, რომელსაც სწორი მიმართულება აქვს.

სიჭინავას ოპონენტი ვიყავი, მაგრამ დავინახე ის რა ხალხის მძევალი იყო. თუმცა, მაგის დანაშაულია, რომ ეს ხალხი არ მოიშორა, ვინც აქამდე მიგვიყვანა.

ყელში ამოვიდა ეს ბანდიტური დაჯგუფება. ახლა თურმე ფიფიასგან “დინამოს” დაბრუნებას ითხოვენ. მე არც ლევანის, არც რეზის და არც მამუკას შტაბში ვარ.

არველაძემ თავისი პრეზენტაციით თავი ვერ მომაწონა. როდესაც ჩვენს საუკეთესო მსახიობებს დაპატიჟებ პრეზენტაციაზე, რომლებსაც ფეხბურთთან შეხება არ აქვთ, იქ ჩემი ადგილი არაა. რეზის კარგად ეხერხება ლუდის სმა, სიმღერის კონკურსებში მონაწილეობა.

ერთ-ერთი ბანკირი, რომელიც ჩემი პარტნიორია, რეზის პრეზენტაციას დაესწრო. როცა ვკითხე რა გინდოდა, რადგან ფეხბურთი საერთოდ არ აინტერესებს, მიპასუხა: “განვცვიფრდი რა კარგად გამოვიდა, სტივ ჯობსს ჰგავდაო”. მე ვუთხარი, მარტო ამის ნიჭი აქვს-მეთქი.

რაც შეეხება უეფას წერილს, ისეთი ენით იყო ნათარგმანი, რომ მგონი მთარგმნელი არ ჰყავთ. უეფა იუწყება, რომ ფედერაციამ საქართველოს კანონმდებლობა უნდა დაიცვას. ფიფამ და უეფამ სახელმწიფოს მხრიდან არჩევნებში ჩარევა ვერ დაინახეს”.

0.120851