კალათბურთი

16:55 | 14.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

მეოთხედფინალმა ახლოს ჩაგვიარა

საქართველოს ეროვნულმა საკალათბურთო ნაკრებმა 2015 წლის ევროპის ჩემპიონატზე თამაში მერვედფინალურ ეტაპზე დაასრულა და უდიდესი გულისტკვილიც დაგვიტოვა. ცხადია, აღნიშნულის მიზეზი იგორ კოკოშკოვის შეგირდების უნიათო თამაში არ ყოფილა. უბრალოდ, ამ ევრობასკეტზე არსებობდა ისტორიული შედეგის დაფიქსირების შანსი, რომელიც კიდევ როდის მოგვეცემა, რთული სათქმელია.

ფავორიტად მიჩნეული ლიტვის ნაკრების დამარცხებასთან მართლაც ახლოს ვიყავით. ქართველი კალათბურთელები მეტწილად ლიდერის რანგში იყვნენ და მეტოქეს არც ძირითადი სტატისტიკური მაჩვენებლების მხრივ ჩამორჩნენ. სამწუხაროდ, ბალტიისპირელებს აღმოაჩნდათ იარაღი, რომელსაც საქართველოს ნაკრებმა ვერაფერი დაუპირისპირა.

ცხადია, საუბარი გვაქვს მადრიდის რეალის 30 წლის ლეგიონერ იონას მაჩიულისზე, რომელმაც ფენომენალური მატჩი ჩაატარა. ლიტველ მსუბუქ ფორვარდს მერვედფინალურ ეტაპამდე აქტივში საშუალოდ 10.8 ქულა ჰქონდა, გუშინ კი 37:39 წუთში 34 ქულა, 6 მოხსნა, 3 პასი, 4 ჩაჭრა და 2 დაფარება მიითვალა. მაჩიულისმა 9-დან 8 ორქულიანი, 4-დან 3 სამქულიანი და 9-ვე საჯარიმო ჩააგდო და მეტოქეებს მასზე წესების დარღვევა 7-ჯერ აიძულა...

თავისი ლიდერები ჰყავდა საქართველოს ნაკრებსაც, რომელთა წინამძღოლობითც გუნდი 24:15 წუთის განმავლობაში ლიდერობა (ლიტვა წინ 13:20 წუთი იყო). ნათელია, რომ უპირველეს რიგში ზაზა ფაჩულია უნდა ვახსენოთ. ნაკრების კაპიტანმა მრისხანე ვიზავი იონას ვალანჩიუნასი პირწმინდად დაჩაგრა და მხოლოდ 5 ქულას დააჯერა. ამასთან, “ტორონტოს” ცენტრს 4 პერსონალური ფოლი, 3 დაკარგვა და 0 (!) მოხსნა ჰქონდა, რაც უიშვიათესი ამბავია.

თამაშის შემდეგ, ლიტველები აღნიშნავდნენ, რომ ვალანჩიუნასი მერფვედფინალს საუკეთესო ფორმაში არ შეხვედრია, თუმცა, ეს, ზაზას გარჯას ნამდვილად არ აკნინებს. ფაჩულიამ 35:16 წუთში 23 ქულა, 7 მოხსნა და 3 პასი მიითვალა, მეტოქეები კი მასზე 7-ჯერ დაჯარიმდნენ. ნაკრების კაპიტანმა 13-დან 8 ტყორცნა გამოიყენა და 7 საჯარიმო მიითვალა. ამ უკანასკნელ კომპონენტში სრულიად საქართველოს ნაკრები მოწოდების სიმაღლეზე იყო: 17-დან 17 ზუსტი სროლა და 100%-იანი მაჩვენებელი.

ქართველთაგან 10-ქულიან ზღვარს კიდევ ოთხმა კალათბურთელმა უწია. ვიქტორ სანიკიძემ 14 ქულას 7 მოხსნა წაამატა, ჯეიკობ პულენმა 12 ქულა მიითვალა, გიორგი ცინცაძის და თორნიკე შენგელიას აქტივში კი 10-10 ქულა იყო. სამწუხარო ის გახლდათ, რომ “ბუ” და “თოკო” მატჩს 5-5 პერსონალური ფოლის გამო გამოეთიშნენ, რამაც ძალიან უარყოფითი როლი ითამაშა.

სხვათა შორის, მერვედფინალების მე-2 დღის საუკეთესო მომენტების ხუთეულში ქართველ კალათბურთელთა მონაწილეობით 2 ეპიზოდი შევიდა. მე-5 ადგილი მანუჩარ მარკოიშვილის და შენგელიას მიერ შექმნილ ალეი-უპს მიეკუთვნა, პირველი კი ცინცაძის მიერ ზურგს უკან განხორციელებული ფენომენალური პასი იყო, რომელიც 2 ქულით იმავე მარკოიშვილმა დააგვირგვინა.

საერთოდაც უნდა ითქვას, რომ საქართველოს ნაკრები ფორმის პიკზე ყველაზე საჭირო დროს გავიდა. იგორ კოკოშკოვის შეგირდებმა მაკედონიასთან და ხორვატიასთან მატჩეიბის დარად, ლიტვასთანაც მაღალ დონეზე ითამაშეს და რომ არა მცირე უარყოფითი დეტალები, მეოთხედფინალში გასვლას ვიზეიმებდით.

მიუხედავად იმისა, რომ მატჩის ბედი ბოლო წამებზე გადაწყდა, თამაშზე უდიდესი ზეგავლენა მე-3 მეოთხედის ბოლო წუთმა იქონია. 30-ე წუთზე საქართველოს ნაკრები 62:56-ს იგებდა, როდესაც გიორგი შერმადინმა ბურთი ჩაჭრა და ჯეიკობ პულენს იოლი 2 ქულა უნდა ჩაეგდო, თუმცა, ფარქვეშიდან ააცილა. ბურთი მაინც ჩვენს გუნდს დარჩა, თუმცა, ლიტველებმა ბურთი ჩაჭრეს და ორქულიანს ბონუს-ჯარიმაც წაამატეს, დარჩენილ წამებში კი, კიდევ 1 სწრაფი შეტევა მოასწრეს და ანგარიში 61:62 გახდა...

მოკლედ, იმის მაგივრად, რომ ბოლო ათწუთეულს მინიმუმ 8-ქულიანი უპირატესობით შეხვედროდით, მეტოქემ ჩამორჩენა მინიმუმამდე დაიყვანა. სამწუხაროდ, დასანან შეცდომებს ვერც დასკვნით მეოთხედში გადავურჩით, რამაც გადამწყვეტი მნიშვნელობა იქონია. ამას ხაზი ევრობასკეტის ოფიციალურმა ვებ-გვერდმაც გაუსვა. “ბოლო მეოთხედში ლიტველებმა ქართველთა 5 დაკარგვა 7 ქულაში გარდასახეს, რაც მატჩის საკვანძო მომენტი გამოდგა”.

პირადად, მატჩს ლიტველ მეგობართან ერთად ვუყურე, რომელსაც თამაშის კვალად ფერი არ ედო. ის ჯერ კიდევ მატჩამდე ამბობდა, რომ ლიტვაში საქართველოსთან შეხვედრას ძალიან უფრთხოდნენ. მისივე განცხადებით, ქართველმა კალათბურთელებმა მეტოქეს სწორედ ის ტაქტიკა დაუპირისპირეს, რომელსაც შედეგი უნდა მოეტანა... “მოგებული თამაში წააგეთ. გადავრჩით”, - ლიტველის დასკვნის გარეშეც ვხვდებოდით, უდიდესმა წარმატებამ სულ ახლოს რომ ჩაგვიარა. მარცხით გამოწვულ ტკივილს ეს აზრი უფრო მწარეს ხდიდა.

საერთო ჯამში, როგორი იყო საქართველოს ნაკრების ევრობასკეტზე ასპარეზობა, ამის შეფასება სამომავლოდ გადავდოთ. ამასთან, ქართული კალათბურთის პერსპექტივებზე საუბარიც სულ უფრო საჯარო უნდა გახდეს. ყველა ვხვდებით, რომ “ოქროს თაობის” წევრები ნელ-ნელა ნაკრებს ჩამოშორდებიან, ხოლო ასაკობრივი გუნდების შედეგები დიდ იმედს ნამდვილად არ გვისახავს...

მანამდე კი, მიღწეულით დავკმაყოფილდეთ და ეროვნული ნაკრების წევრებს, რომელთაც ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფში ისტორიაში პირველად ითამაშეს, შესაბამისი პატივი მივაგოთ. საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები თბილისში 15 სექტემბერს, გამთენიისას დაბრუნდება. სტამბოლის რეისი, რომელსაც ქართული დელეგაცია ჩამოჰყვება, თბილისის აეროპორტში 03:30 საათზე დაეშვება.

ლიტვა – საქართველო 85:81 (17:20, 22:20, 22:22, 24:19)

ლიტვა: კალნიეტისი (36 წ. 11 ქ. 4 მ. 7 პ.), მაჩიულისი (38 წ. 34 ქ. 6 მ. 3 პ. 4 ჩ.), სეიბუტისი (25 წ. 7 ქ. 5 მ. 3 პ.), იანკუნასი (32 წ. 17 ქ. 5 მ. 5 პ.), იავტოკასი (20 წ. 2 ქ. 5 მ. 3 პ.), ვალანჩიუნასი (20 წ. 5 ქ.), კუზმინსკასი (11 წ. 3 ქ.), მილაკნისი (16 წ. 6 ქ.), ლეკავიჩიუსი (3 წ.).

მწვრთნელი: იონას კაზლაუსკასი.

საქართველო: პულენი (23 წ. 12 ქ.), ფაჩულია (35 წ. 23 ქ. 7 მ. 3 პ.), ცინცაძე (30 წ. 10 ქ. 5 პ.), შერმადინი (5 წ.), სანაძე (10 წ. 6 ქ.), მარკოიშვილი (30 წ. 6 ქ. 3 მ. 4 პ.), სანიკიძე (36 წ. 14 ქ. 7 მ.), ბურჯანაძე (5 წ.), შენგელია (26 წ. 10 ქ.), ლეჟავა (1 წ.).

მწვრთნელი: იგორ კოკოშკოვი.

თამაშიდან სროლები

28/54 (51.9%) – 28/61 (45.9%)

ორქულიანები

20/30 (67%) – 20/39 (51%)

სამქულიანები

8/24 (33%) – 8/22 (36%)

საჯარიმოები

21/27 (78%) – 17/17 (100%)

მოხსნები (შეტევაში/დაცვაში)

31 (9/22) – 29 (9/20)

პასები

22 – 15

დაკარგვები

17 – 15

ჩაჭრები

5 – 4

ბლოკ-შოტები

3 – 0

პერსონალური ფოლები

24 – 25

უდიდესი სხვაობა

8 – 9

უდიდესი “გაქცევა”

11:0 – 0:9

ლიდერის ცვლილება

8

საყაიმო ანგარიში

4

ლიდერობა (წუთებში)

13:20 – 24:15

ქულები სწრაფი გარღვევებიდან

11 – 6

ქულები შეცდომებიდან

18 – 24

ე.წ. მე-2 შანსიდან აღებული ქულები

9 – 9

სათადარიგოების ქულები

11 – 18

სამწამიანი ზონიდან აღებული ქულები

38 – 28

0.114285