ფეხბურთი

16:49 | 14.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

24 კლუბს მომავალ ყრილობაზე სუბიექტებად არ მიიღებენ
რომან ფიფია:“კერძო კლუბების პრეროგატივაა ფედერაციის სუბიექტები იყვნენ“

თბილისის „დინამოს“ პრეზიდენტმა რომან ფიფიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ 3 ოქტომბერს გასამართ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყრილობაზე ფედერაციაში ახალი სუბიექტების გაწევრიანების შესახებ არ იმსჯელებენ.

„აღმასკომმა ჩათვალა, რომ ამ კლუბებს არ მიეცემათ საშუალება ფედერაციის სუბიექტები გახდნენ. აღმასკომის აზრით, ამისთვის რიგგარეშე ყრილობაა საჭირო. ამ გადაწყვეტილებას არ ვეთანხმები, კერძო კლუბების პრეროგატივაა, რომ ფედერაციის სუბიექტები იყვნენ. აღმასკომის წევრებიდან დღევანდელი გადაწყვეტილების წინააღმდეგი მხოლოდ მე ვიყავი“- თქვა ფიფიამ, რომელმაც აღმასკომის სხდომა ნაადრევად დატოვა.

14 სექტემბერს გამართულ აღმასკომზე იმ 24 კლუბის მიმართვა განიხილეს, რომელთაც ფედერაციის სუბიექტობა სურთ და ითხოვდნენ მათთვის ეს უფლება 3 ოქტომბერს გასამართ ყრილობაზე მიენიჭებინათ.

ფედერაციის შენობასთან იმყოფება ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატი მამუკა კვარაცხელია, რომლის მტკიცებით, სფფ-ს წესდებაში წერია, რომ ყრილობა ვალდებულია ახალი სუბიექტების მიღება არმიღების საკითხი განიხილოს.

0.124347