აზერბაიჯანის საფეხბურთო პრემიერლიგის მე-4 ტურში, ზაურ სვანაძის მიერ გაწვრთნილმა ბაქოს “ინტერმა” სახლში უეფას ევროპა ლიგის ჯგუფში გასული “გაბალა” 2:1 დაამარცხა. მასპინძლებში ქართველმა ცენტრალურმა მცველებმა ზურაბ ხიზანიშვილმა და ლაშა კასრაძემ, ასევე, ნახევარმცველმა ნიკა კვეკვესკირმა სრულად ითამაშეს. მეკარე გიორგი ლომაია სათადარიგო იყო. “ინტერი” 7 ქულით 10 გუნდში მეორეა.
ბაქოს აზალ-მა სტუმრად განჯის “ქიაფაზთან” 0:1 წააგო. დამარცხებულებში ნახევარმცველმა ნუგზარ კვირტიამ 90 წუთი იასპარეზა. კიდევ ერთი ქართველი შუახაზელი სანდრო გურული, რომელიც აზალ-ს გასულ კვირაში შეემატა, 18-კაციან განაცხადში არ ყოფილა. აზალ-ი უქულოდაა და შესაბამისად ბოლო ადგილზეა.
პორტუგალიის სეგუნდა ლიგის მე-6 ტურში, “ჟილ ვისენტემ”, სადაც ავთო ებრალიძე გამოდის, სტუმრად “სანტა კლარა” 2:0 დაამარცხეს. ქართველი ნახევარმცველი გამარჯვებულთა სასტარტო შემადგენლობაში იყო და 64-ე წუთზე შეცვალეს. “ჟილ ვისენტე” 8 ქულით 24 გუნდში მეთერთმეტეა.
“ფეირენსე”, რომლის კარსაც გიორგი მაკარიძე იცავს, “პორტიმონენსეს” ეწვია და ქულა აიღო – 2:2. ქართველმა მეკარემ მატჩი თავიდან ბოლომდე ჩაატარა. “ფეირენსე” 5 ქულით მე-20 ადგილზეა.
ალბანეთის სუპერლიგის მე-3 ტურში, ვლორეს “ფლამურტარიმ” შინ “ლაჩის” ვერ მოუგო – 0:0. მასპინძლებში მარცხენა მცველმა გიორგი ფოფხაძემ 90 წუთი იასპარეზა, ხოლო ფორვარდი კახა ცხადაძე ვლორელთა რიგებში 77-ე წუთზე გამოჩნდა. “ფლამურტარი” 1 ქულით 10 გუნდში მერვეა.
უკრაინის პრემიერლიგის მე-7 ტურში, ლვოვში “კარპატიმ” ლუგანსკის “ზორია” მიიღო და გუნდებმა ქულები გაიყვეს – 1:1. საყრდენი ნახევარმცველი ბუბა დაუშვილი ლვოველთა თადარიგში ჯდომით შემოიფარგლა, ხოლო შემტევმა ნახევარმცველმა ჯაბა ლიპარტიამ “ზორიაში” 76-ე წუთიდან ითამაშა. “ზორია” 12 ქულით 14 გუნდში მეხუთეა, “კარპატი” კი 10 ქულით – მეშვიდე.
ზაპოროჟიეს “მეტალურგმა” თავის მოედანზე დნეპროპეტროვსკის “დნიპროსთან” 1:4 წააგო და დამარცხებულებში ერთადერთი გოლი ნახევარმცველმა ვალერიან გვილიამ გაიტანა, რომელიც უკრაინის მოქალაქეა. მან თავი 71-ე წუთზე გამოიჩინა, როდესაც შეხვედრის ბედი გადაწყვეტილი იყო. მიმდინარე სეზონში გვილიამ 7 მატჩი ჩაატარა და მეტოქის კარი ერთხელ აიღო. “მეტალურგი” 2 ქულით სატურნირო ცხრილის ფსკერზეა.
დონეცკის “ოლიმპიკმა” სახლში უჟგოროდის “ჰოვერლასთან” 0:1 წააგო. დონეცკელებში მეკარე ზაურ მახარაძემ, რომელსაც უკრაინული პასპორტი აქვს, 90 წუთი დაჰყო. “ოლიმპიკი” 4 ქულით მეთორმეტეა.
ბელგიის იუპილერ ლიგის მე-7 ტურში, “გენკმა” ბრიუსელში “ანდერლეხტთან” ქულა აიღო – 0:0. შემტევი ნახევარმცველი თორნიკე ოქრიაშვილი სტუმრებში 88-ე წუთიდან გამოჩნდა. გენკელთა კიდევ ერთმა ქართველმა შუახაზელმა ლუკა ზარანდიამ მენისკის ოპერაცია გაიკეთა და შესაბამისად, გუნდის 18-კაციან განაცხადში არ იმყოფებოდა. “გენკი” 11 ქულით 16 გუნდში მეხუთეა.
მეორე დივიზიონის მე-5 ტურში, “ტუბიცემ” გასვლაზე “რუზელარესთან” 0:0 ითამაშა. 19 წლის ნახევარმცველმა ლევან შენგელიამ სტუმრებში 61-ე წუთიდან ითამაშა. “ტუბიცე” 17-გუნდიან მეორე დივიზიონს 11 ქულით ლიდერობს.
იტალიის სერია A-ს მე-3 ტურში, “ემპოლი” შინაურ კედლებში “ნაპოლის” დაუზავდა – 2:2. ფორვარდი ლევან მჭედლიძე, რომელიც საქართველოსა და ირლანდიის ეროვნული ნაკრებების მატჩში დაშავდა, მასპინძლების განაცხადში არ იმყოფებოდა. “ემპოლი” 1 ქულით 20 გუნდში მეჩვიდმეტეა.
იტალიის ლეგა პრო B-ს (მესამე ლიგა) მე-2 ტურში, “ტუტოჩუიო” გასვლაზე “პონტედერასთან” ქულას გამორჩა – 0:0. ფორვარდმა ირაკლი შეყილაძე სტუმრებში ორი ტაიმი გაისარჯა. “ტუტოჩუიო” 2 ქულით 18 გუნდში მეათეა.
პოლონეთის ექსტრაკლასას მე-8 ტურში, შჩეცინში ადგილობრივმა “პოგონმა” გლივიცეს “პიასტს” 3:1 სძლია. ქართველი თავდამსხმელი ლადო დვალიშვილი შჩეცინელების შემადგენლობაში მოედანზე 58-ე წუთზე შევიდა. “პოგონი” 14 ქულით 16 გუნდში მეორეა და ლიდერ “პიასტს” 4 ქულით ჩამორჩება.
პირველ ლიგაში ბიდგოშის “ზავიშამ” შინ კატოვიცეს “როზვოჟს” 3:1 მოუგო. თავდამსხმელი გიორგი ალავერდაშვილი ბიდგოშელთა 18-კაციან განაცხადში არ იმყოფებოდა. “ზავიშა” 14 ქულით 18 გუნდში მესამეა.
თურქეთის პირველი ლიგის მე-4 ტურში, “ქარშიაქამ” გასვლაზე “ბოლუსფორთან” ქულა მიითვალა – 1:1. ცენტრალურმა მცველმა ალეკო ამისულაშვილმა სტუმრებში 90 წუთი დაჰყო. “ქარშიაქა” 5 ქულით 18 გუნდში მეთერთმეტეა.
ამავე ქვეყნის სუპერლიგაში რიზეში “რიზესფორმა” “სივასფორი” მიიღო და ორივე გუნდს თითო ქულა ერგო – 1:1. შემტევი ნახევარმცველი ნიკა ძალამიძე რიზელთა თადარიგში იჯდა, მაგრამ ისევ არ უთამაშია. “რიზესფორი” 6 ქულით 18 გუნდში მეშვიდეა.
უზბეკეთის უმაღლესი ლიგის ტურის ცენტრალურ მატჩში ტაშკენტის “ფახთაქორმა” თანაქალაქელი “ლოკომოტივი” მიიღო და ჩემპიონობისთვის ბრძოლაში უშუალო კონკურენტი 2:1 დაამარცხა. საყრდენმა ნახევარმცველმა კახა მახარაძემ გამარჯვებულებს შეუცვლელად უკაპიტნა. “ფახთაქორი” 16-გუნდიან ჩემპიონატს 54 ქულით ლიდერობს.
“ქიზილქუმი” “ანდიჟანს” ესტუმრა და 2:3 წააგო. მარცხენა მცველი გიორგი კვესიეშვილი სტუმართა სასტარტოში იყო და 27-ე წუთზე შეცვალეს. “ქიზილქუმი” 24 ქულით მეთერთმეტეა.
ლატვიის ვირშლიგის (უმაღლესი ლიგა) 21-ე ტურში რიგის “სკონტომ”, რომელსაც თამაზ პერტია თავკაცობს იურმალაში “სპარტაკსს” 3:1 აჯობა. მცველი ლევან მახარაძე, რომელიც უკრაინის მოქალაქეა, ჯერ არ გამოჯანმრთელებულა და ამიტომ, რიგელებში არ უთამაშია. “სკონტო” 33 ქულით 8 გუნდში მეორეა.
ლიტვის A ლიგის (უმაღლესი ლიგა) 26-ე ტურში, “თრაკაიმ” საკუთარ მოედანზე ვილნიუსის “სპირისს” 5:0 აჯობა. თრაკაელთა მცველი ნიკა აფაქიძე შეცვლაზე 68-ე წუთზე შევიდა. “თრაკაი” 59 ქულით 10 გუნდში მეორეა.
სომხეთის პრემიერლიგის მე-6 ტურში ერევნის “მიკამ” სტუმრად “ალაშკერტთან” 0:2 წააგო. ნახევარმცველმა ირაკლი კვეკვესკირმა ერევნელებში სრულად იასპარეზა. “მიკა” 4 ქულით 8 გუნდში მეშვიდეა.
“ულისი” “პიუნიკს” ესტუმრა და უქულოდ დარჩა – 0:2. ცენტრალური მცველი გიორგი კაჭკაჭიშვილი და თავდამსხმელი ბესიკ ჩიმაკაძე ულისელთა სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ. მათი გუნდი უქულოდაა და ბოლო ადგილზეა.
ჩეხეთის სინოტ ლიგის (უმაღლესი ლიგა) მე-6 ტურში, პრაღაში “სლავიამ” “მლადა ბოლესლავი” მიიღო და მატჩი 1:1 დასრულდა. შემტევი ნახევარმცველი ლევან ყენია პრაღელთა 18-კაციან განაცხადში იყო, მაგრამ არ უთამაშია. “სლავია” 8 ქულით 16 გუნდში მეშვიდეა.
ინგლისის ჩემპიონშიპის მე-6 ტურში, “ბრენტფორდმა” ლიდსში ამავე სახელწოდების გუნდთან ქულა მოიპოვა – 1:1. შემტევი ნახევარმცველი აკაკი გოგია, რომელიც გერმანიის მოქალაქეა, ბრენტფორდელთა 18-კაციან განაცხადში არ ფიგურირებდა. “ბრენტფორდი” 5 ქულით 24 გუნდში მეთვრამეტეა.
საბერძნეთის სუპერლიგის მე-3 ტურში, “ვერიამ” თავის კედლებში პაოკ-თან 0:3 წააგო. შემტევი ნახევარმცველი გიორგი მერებაშვილი მასპინძლების სამატჩო განაცხადში ვერ მოხვდა. “ვერია” 4 ქულით 16 გუნდში მეათეა.
მოლდოვის ნაციონალური დივიზიის (უმაღლესი ლიგა) მე-7 ტურში, “საქსანმა” “აკადემიას” უმასპინძლა და 0:3 დამარცხდა. ნახევარმცველმა ირაკლი გოგინაშვილმა საქსანელებში ორი ტაიმის იასპარეზა, ხოლო ფორვარდმა გიორგი სარჯველაძემ 24-ე წუთიდან ითამაშა. “საქსანს” ერთი ქულა აქვს და 10 გუნდში ბოლოა.
ესტონეთის მეისტრილიგის (უმაღლესი ლიგა) 28-ე ტურში, ტალინში “ფლორამ” სილამაეს “კალევს” 3:1 აჯობა. შემტევი ნახევარმცველი ზაქარია ბეგლარიშვილი ტალინელებში 90 წუთი გაისარჯა. მატჩში ორი გოლი რუსეთის მოქალაქე მცველმა იგორ ჩემინავამ გაიტანა, რომელიც “კალევში” გამოდის. მან 34-ე წუთზე ანგარიში გახსნა, ხოლო 84-ეზე ავტოგოლი მიითვალა.
ავსტრიის რეგიონალლიგის მე-8 ტურში “კიცბუელმა” შინ “ეუგენდორფთან” 1:3 წააგო. მასპინძლებში ერთადერთი გოლი 22 წლის თავდამსხმელმა ლაშა ძიძიგურმა მე-17 წუთზე გაიტანა. “კიცბუელი” 3 ქულით 16 გუნდში მეთხუთმეტეა.