ფეხბურთი

22:39 | 13.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

კაშიას გოლმა "ვიტესს" ვერ უშველა

ჰოლანდიის ერედივიზიონის მე-5 ტურში “უტრეხტმა” შინ 2:1 დაამარცხა “ვიტესი”. სტუმართაგან ერთადერთი გოლი გურამ კაშიამ გაიტანა. “ვიტესის” კაპიტანმა სრულად ითამაშა, ვაკო ყაზაიშვილმა მხოლოდ პირველი ტაიმი დაჰყო მინდორზე. 18 გუნდიან ჩემპიონატში “ვიტესი” 7 ქულით მე-8 ადგილზეა.

ნორვეგიის ტიპელიგაში “როსენბორგმა” შინ 1:0 დაამარცხა “სტაბეკი”. 62-ე წუთიდან გიორგი გოროზია ჩაერთო თამაშში. 18 გუნდიან ჩემპიონატში “სტაბეკი” 44 ქულით მეორე ადგილზეა.

რუსეთის პრემიერლიგის მე-8 ტურში “სპარტაკმა” 1:0 დაამარცხა “როსტოვი”. მოსკოვური კლუბის განაცხადში არ იმყოფებოდა ჯანო ანანიძე. შავარაუდოდ ქართველ მოთამაშეს ტრავმა არ მოუშუშებია. რუსეთის 16 გუნდიან ჩემპიონატში “სპარტაკი” 16 ქულით მე-4 ადგილზეა.

კვიპროსის პირველ დივიზიონში “ანორთოსისმა” შინ 3:0 დაამარცხა “ახნასი”. გამარჯვებულთა განაცხადში მოხვდნენ გიორგი აბურჯანია და ირაკლი მაისურაძე. მაისურაძემ მეორე ტაიმი სრულად ჩაატარა, 62-ე წუთზე კი ყვითელი ბარათი მიიღო. 73-ე წუთზე თამაშში გიორგი აბურჯანია ჩაერთო. რაც შეეხება “ახნას”, სტუმართა შორის სათადარიგო იყო ბექა ტუღუში, ხოლო შოთა გრიგალაშვილი 73-ე წუთზე გამოჩნდა მინდორზე. 14 გუნდიან ჩემპიონატს “ანორთოსისი” 9 ქულით ლიდერობს, “ახნასი” კი 4 ქულით მე-7 პოზიციას იკავებს.

უკრაინის პრემიერლიგის მე-7 ტურში “კარპატი” ლუგანსკის “ზორიას” დაუზავდა (1:1). მასპინძელთა შორის მურთაზ დაუშვილი სათადარიგო იყო, სტუმართა შემადგენლობაში კი ჯაბა ლიპარტიამ 76-ე წუთიდან ითამაშა. 14 გუნდიან ჩემპიონატში “ზორია” 12 ქულით მე-5, “კარპატი” კი 10 ქულით მე-7 ადგილზეა.

უკრაინის მთავარ ლიგაში “ჩერნომორეცმა” შინ ლუცკის “ვოლინთან” წააგო (1:2). ოდესელთა შემადგენლობაში სრულად ითამაშა დავით ხოჭოლავამ, გიორგი გადრანი კი 87-ე წუთზე ჩაერთო თამაშში. 82-ე წუთზე მსაჯმა ხოჭოლავა გააფრთხილა. გამარჯვებულთა განაცხადში ვერ ვიხილეთ სანდრო კობახიძე. “ვოლინი” 14 ქულით მე-4 ადგილზეა, “ჩერნომორეცი” კი 2 ქულით ბოლოს წინა პოზიციას იკავებს.

0.112049