ბლოგი

15:50 | 13.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

კალათბურთი – ეიფორია და საფიქრალი

იმ საერთო სიხარულისა და ეიფორიის ფონზე, რაც ჩვენი კალათბურთელების ევროპის ჩემპიონატზე წარმატებულ გამოსვლას მოჰყვა, მართლაც რთულია ქართულ კალათბურთში არსებულ პრობლემებზე ისაუბრო. განსაკუთრებით მაშინ, თუკი ჩვენი ხალხის ცოტა უცნაურ ბუნებას გავითვალისწინებთ და კარგად ვიცით, რომ ქართველს პრობლემებზე პირდაპირ საუბარი სძულს და ესიკვდილება. მაგრამ მოდით სათქმელი ზუსტად ახლა ვთქვათ და იქნებ ახლა მაინც შეისმინოს ვინმემ.

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების წევრები გაიზარდნენ საქართველოს საკალათბურთო ჩემპიონატში, ანუ იმ ტურნირში, რომლის გამართვაც თითქმის ყოველ წელს ეჭვქვეშ დგას ხოლმე, რადგან უსახსრობის გამო კლუბების ნაწილი უბრალოდ ვერ ახერხებს ჩემპიონატში ჩაბმას. ეს ხდება მუდამ და უკვე ყველანი შეჩვეულები ვართ. ამასთან, ასევე ჩვეულებრივ მოვლენად ჩამოყალიბდა შედარებით წელგამართული კლუბების გაპარტახება და (ეს უკეთეს შემთხვევაში - თუკი საერთოდ არ გაქრა) სულისმღაფველ აუტსაიდერად გადაქცევა.

მოკლედ რომ ვთქვათ, ქართულ კალათბურთში სახელმწიფო იმდენ ფულსაც კი ევრ დებს, რომ ეროვნული ჩემპიონატი ნორმალურად ჩატარდეს, ბიზნესს კი მომიტევეთ და სულ ფეხებზე კიდია კალათბურთიცა და ფეხბურთიც, ჭიდაობაცა და ხელბურთიც! სამწუხაროდ ჩვენს ქვეყანაში ბიზნესი როგორც წესი მხოლოდ იმითაა დაკავებული, რომ ხელისუფლებებთან საერთო ენა გამონახონ და ათასი ხერხით ნაშოვნი ფული ამ გზით დაიცვან. კალათბურთი კი ვის რაში სჭირდება?...

სასიხარულოა, რომ ავად თუ კარგად, მოგვარებულია საკალათბურთო დარბაზების ელემენტარულად გათბობის პრობლემა, ცხელი შხაპის პრობლემა და ისიც კარგია, რომ დარბაზში თამაშის დროს დაცემა უხარისხო ფიცარნაგის გამო ტვინის შერყევას აღარ უდრის, მაგრამ უფულო, უხელფასო და მშიერი კალათბურთელი ეროვნულ ჩემპიონატს კი არა, საკუთარ სამეზობლოსაც კი ნაკლებად წაადგება და რაც არ უნდა გვიხაროდეს ჩვენი ნაკრების კარგი თამაში, უკან (ჩვენს ჩემპიონატში) გადმოხედვა ყოველთვის გვატკენს გულს და დაგვანახებს, რომ მომავლის პერსპექტივები არც ისე ნათელია, როგორც ზოგიერთი გვიხატავს.

გამოგიტყდებით და ადრე საერთო აზრს მეც გახლდით აყოლილი და გულუბრყვილოდ მჯეროდა, რომ კალათბურთის განვითარება საქართველოში არა სახელმწიფოს, არამედ ბიზნესის საქმე იყო და სახელმწიფოს ფინანსური ჩარევა სულაც არ იყო საჭირო. მაგრამ როდესაც თქვენთან ერთად, მეც დავაკვირდი არსებულ რეალობას, მარტივად დავინახე, რომ წუნიაობისა და გაბუსხვის არც დრო გვაქვს და არც საშუალება და ოღონდ ვინმემ ჩვენს სპორტში ფული ჩადოს, ყველას მადლობა უნდა ვუთხრათ და სოციალური ხედვები ამ დროს უკვე ღიმილის მომგვრელია.

ფაჩულია, სანიკიძე, შენგელია, შერმადინი, მარკოიშვილი, ცინცაძე და ჩვენი ნაკრების სხვა ლიდერები სამწუხაროდ უბერებლები არ არიან და დადგება დრო, როდესაც მათი ღირსეულად ჩანაცვლება იქნება საჭირო, ეს ჩანაცვლება ჩვენი ჩემპიონატიდან უნდა მოვიდეს. იმ ჩემპიონატიდან, სადაც მოუგვარებელი და მიყურისძირებული პრობლემები უამრავია. ნუთუ ყველას ამ ბიჭებივით გაუმართლებს და გააღწევენ აქედან? ნუთუ მხოლოდ საქართველოდან გაღწევა უნდა იყოს კალათბურთელის ოცნება და მიზანი? სულ ასე როდემდე უნდა გაგრძელდეს?...

0.113557