ფეხბურთი

20:46 | 12.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

“საბურთალომ” “დინამო” ერთპიროვნულად გაალიდერა

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში ოთხი ტურის შემდგომ უდანაკარგო მხოლოდ თბილისის “დინამოა”. “ბენდელას” სტადიონზე ნასტუმრებმა “სამტრედიამ” დამხვდურ “საბურთალოსთან” ბოლო წუთამდე იბრძოლა და ახლოსაც იყო მატჩის გადარჩენასთან, მაგრამ შინ მაინც უქულოდ დაბრუნდა.

ისე კი, სტადიონზე შეკრებილმა ქომაგმა ნამდვილად ლამაზი მატჩი იხილა, რომელსაც გოლები, სახიფათო მომენტები, კურიოზული გოლი და გაძევებაც კი არ აკლდა.

შეხვედრაში 5 გოლი გავიდა და ვინც თამაშს უყურა დამეთანხმება, რომ ერთი ამდენი რომ გასულიყო, გასაკვირი არ იქნებოდა. პირველი 45 წუთი მასპინძლების იყო და ანტრაქტზე სასურველი ორბურთიანი ფორითაც გავიდნენ – გიორგი ხარაიშვილის გოლი შემოქმედების ნიმუში იყო, ხოლო ტაიმის ბოლოს გაგი მარგველაშვილმა ახლო მანძილიდან ადვილად გაიტანა.

ეგ იყო და მეორე ნახევარში გია ცეცაძის “სამტრედია” მოედანზე სახეშეცვლილი გამოვიდა. იმერლები კომბინაციურად მოქმედებედნენ და “საბურთალოს” კართან ჩამოცხა კიდეც. შედეგსაც არ დაუგვიანია: შეტევაში ჩართულმა დაჩი ცნობილაძემ სხვაობა შეამცირა. სტუმრები ზეწოლას აძლიერებდნენ და თითქოს მეორე გოლიც მწიფდებოდა, რომ მათმა მეკარემ გაბრიელ თებიძემ ისეთი გოლი გაიტანა, სანახავად რომ ღირს. რა თქმა უნდა, საკუთარ კარში! – საქმე ისაა, რომ თებიძე საჯარიმოს გარეთ გამოვიდა და ბურთის მცველისთვის დაბუნებას ცდილობდა, მაგრამ პასი მეტისმეტად არაზუსტი გამოუვიდა და ტყავის სფეროც ბადეში აღმოჩნდა. ეპიზოდი იმდენად მოულოდნელი და კურიოზული იყო, ღიმილს თავად მომენტის ანტიგმირი ვერ იკავებდა.

მალე “სამტრედია” უფრო რთულ მდგომარეობაში ჩავარდა – მსაჯთან ზედმეტი საუბრის გამო მოედანი დავით მთივლიშვილმა დატოვა. რიცხობრივი უპირატესობის გამოყენების შანსი ჭიაბრიშვილის გუნდს ბევრჯერ ჰქონდა, თუმცა თებიძე გაუვალად იდგა.

აი მატჩის ბოლო წუთებში კი დაძაბულობამ კულმინაციას უწია – ჯერ, ბოლო წუთზე ბიძინა ცინცაძემ გაიტანა (უნდა ითქვას, რომ სტუმართა გოლები ტყუპისცალივით წააგავდა ერთურთს), ხოლო მსაჯის კომპენსირებულ დროში ბომბარდირმა ირაკლი სიხარულიძემ შორიდან მშვენივრად დაარტყა, მაგრამ “საბურთალოს” დებიუტანტი მეკარე ლუკა სანიკიძე ძალზე კარგად გაისარჯა და შეხვედრაც სტუმართათვის ასე დრამატულად დასრულდა.

“სამტრედია” მიმდინარე სეზონში პირველად დამარცხდა, “საბურთალო” კი მას ქულებით გაუთანაბრდა.

“საბურთალო” – “სამტრედია” 3:2 (2:0)

თბილისი, “ბენდელა”

“საბურთალო”: ქურდაძე (სანიკიძე 60), იაშვილი, მარგველაშვილი, თოთაძე, ჩაბრაძე, ფანცულაია (მამუჩაშვილი 57), ხარაიშვილი, ალთუნაშვილი, გოშთელიანი, დვალი (კოხრეიძე 57), საბანაძე

მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი

“სამტრედია”: თებიძე, მთივლიშვილი, სანდოხაძე (მარკოზაშვილი 46), ცინცაძე, შერგელაშვილი (ჯიქია 72), ცნობილაძე, დათუნაიშვილი, ენდელაძე, რაჟამაშვილი, ზივზივაძე, სიხარულიძე

მწვრთნელი: გია ცეცაძე

გოლები: 1:0 ხარაიშვილი (7), 2:0 მარგველაშვილი (39), 2:1 ცნობილაძე (57), 3:1 თებიძე (70, ა.გ), 3:2 ცინცაძე (90)

გაფრთხილება: შერგელაშვილი (21), მთივლიშვილი (74, 74), ენდელაძე (77)

გაძევება: მთივლიშვილი (74)

მსაჯი: ჯენერი ხორავა

ტურის დღეს გამართული დანარჩენი მატჩების შედეგები:

“დილა” – “ცხინვალი” 3:0 (3:0)

გოლები: 1:0 მარცვალაძე (12), 2:0 ნონიკაშვილი (15), მარცვალაძე (25)

“დინამო” (ბათუმი) – “ტორპედო” 1:1 (0:0)

გოლები: 0:1 ქიმაძე (60), 1:1 გოგიტიძე (70)

“კოლხეთი” – “შუქურა” 1:0 (1:0)

გოლი: 1:0 ქებურია (45)

“საპოვნელა” – “სიონი” 0:0 (0:0)

“ზუგდიდი” – “ჩიხურა” 1:4 (0:1)

გოლები: 0:1 მუმლაძე (43), 0:2 მუმლაძე (49), 1:2 სამუშია (61, პენ), 1:3 კუჭუხიძე (87), 1:4 კუჭუხიძე (89)

0.115779