ლა ლიგის მე-3 ტური ჩემპიონატის ერთ-ერთ გამორჩეულ და დაძაბულ შეხვედრას გვპირდება. “ვისენტე კალდერონზე” ესპანეთის ჩემპიონატის ბოლო ორი გამარჯვებული შეერკინება ერთმანეთს: მადრიდის “ატლეტიკო” კატალონიური “ბარსელონას” წინააღმდეგ.
ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში “ატლეტიკოში” ბევრი ცვლილება მოხდა და კლუბები რამდენიმე ლიდერმა, მათ შორის არდა თურანმა დატოვა, რომელიც სწორად “ბარსელონაში” გადავიდა, თუმცა კატალონიელთათვის დაწესებული სანქციის გამო თურქი იანვრამდე ვერ შეძლებს თამაშს. არდას გარდა, გამოსარჩევია ჟოაო მირანდას, მარიო მანძუკიჩის, მარიო სუარესისა და რაულ გარსიას წასვლა. მართალია დანაკლისი სერიოზულია, თუმცა მადრიდელებმა შესანიშნავი შევსება მიიღეს და საყოველთაო აზრით, დიეგო სიმეონეს წელს გაცილებით უფრო ძლიერი გუნდი ჰყავს, ვიდრე გასულ წელს. “როხიბლანკომ” ისეთი ფეხბურთელები დაიმატა, როგორებიც არიან: სტეფან სავიჩი, ფელიპე ლუისი, იენიკ ფერეირა-კარასკო, ლუსიანო ვიეტო და ჯექსონ მარტინესი, ხოლო ოლივერ ტორესი “პორტოში” ჩატარებული სეზონის შემდეგ მშობლიურ კლუბს კიდევ უფრო გაზრდილი და ძლიერი დაუბრუნდა.
მადრიდელებმა პირველი ორი ტური მშვენივრად ჩაატარეს და ექვსი ქულით პირველ საფეხურზე იმყოფებიან. მათ პირველ ტურში “ლას პალმასი” გრიზმანის გოლით დაამარცხეს, ხოლო შემდეგ “სევილია” გაანადგურეს გასვლაზე (0:3), სადაც მადრიდელთა მაისურით პირველი გოლი გაიტანა ჯექსონ მარტინესმა.
მასპინძლებს ყველა ფეხბურთელი მწყობრში ჰყავთ.
“ატლეტიკოს” მსგავსად, ორიდან ორი მოგება აქვს “ბარსელონასაც”, თუმცა კატალონიურ გრანდს ორივე შეხვედრაში ძალიან გაუჭირდა და ერთნაირი ანგარიშით 1:0 იმარჯვა.
როგორც ზემოთ აღვნიშნე, კატალონიელებს სანქცია ადევთ და ახალ ფეხბურთელებს ალექს ვიდალსა და არდა თურანს იანვრამდე ვერ ათამაშებენ, რაც მათთვის სერიოზული პრობლემაა, რადგანაც კლუბს საკმაოდ ბევრი მოთამაშე აკლია, ხოლო სათადარიგოთა სკამი აშკარად უკეთესის სურვილს ტოვებს. ცოტათი მოულოდნელია, რომ ისეთ დროს, როცა ახალი მოთამაშეების დარეგისტრირების უფლება არ ჰქონდათ, “ბარსელონამ” ჟერარ დეულოფეუ, პედრო როდრიგესი, ალენ ჰალილოვიჩი (იჯარით), დენის სუარესი და ადამა ტრაორე გაუშვა. ეს მოთამაშეები მინიმუმ იანვრამდე ნამდვილად წაადგებოდნენ კლუბს.
ლუის ენრიკე ტრავმების გამო ბრავოს, დუგლასსა და ალვეშს მოისაკლისებს, ხოლო პიკე დისკვალიფიცირებულია.
შუა კვირაში კლუბებს ჩემპიონთა ლიგაზე რთული მატჩები ელით. “როხიბლანკო” გასვლაზე “გალათასარაის” დაუპირისპირდება, ხოლო “ბარსელონა” იტალიის დედაქალაქს ეწვევა “რომასთან” სათამაშოდ. ასე რომ, ორივეს რთული მატჩი აქვს წინ და თავის გასამართლებლად, ჩემპიონთა ლიგის მომავალი შეხვედრა არ გამოდგება.
22:30 ატლეტიკო – ბარსელონა
მადრიდი, “ვისენტე კალდერონი”
სავარაუდო შემადგენლობები
ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი, ხიმენესი, გოდინი, ლუისი, ხუანფრანი, გაბი, ტიაგო, კოკე, ო.ტორესი, გრიზმანი, ფ.ტორესი.
მწვრთნელი: დიეგო სიმეონე
ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, ვერმაელენი, მასკერანო, ალბა, ადრიანო, ბუსკეტსი, ინიესტა, რაკიტიჩი, ნეიმარი, ლ.სუარესი, მესი.
მწვრთნელი: ლუის ენრიკე
მსაჯი: მატეუ ლაოსი
საინტერესო შეხვედრა შედგება “კორნელია ელ პრატზე”, სადაც ადგილობრივი “ესპანიოლი” მადრიდის “რეალს” უმასპინძლებს.
მასპინძლებმა სეზონი “ხეტაფესთან” გამარჯვებით დაიწყეს, თუმცა წინა ტურში “ვილიარეალთან” დამარცხდნენ და სამი ქულით მე-8 საფეხურზე იმყოფებიან. “თუთიყუშებს” შემადგენლობის მხრივ არანაირი დანაკლისი არ აქვთ და საბრძოლოდ არიან განწყობილნი.
ორ ტურში ქულების დაკარვა მოასწრო “რეალმა”, რომელმაც პირველ ტურში გასვლაზე “ხიხონს” ვერ აჯობა. სამაგიეროდ, “ბლანკოსმა” მეორე ტურში ასტურიელთა ჯავრები “ბეტისზე” იყარა და ხუთი უპასუხო გოლი გაუტანა, რომელთაგან კრიშტიანო რონალდუს არცერთი არ გაუტანია. მადრიდელებს დანილო და ხამესი დააკლდებათ, რომლებიც სანაკრებო ბატალიებზე დაშავდნენ.
კლუბების ბოლო ექვსი შეხვედრა “რეალის” გამარჯვებით დასრულდა. ამ მატჩებში “ბლანკოსმა” 13 გოლის გატანა მოახერხა, ხოლო 2 საკუთარ კარში მიიღო.
18:00 ესპანიოლი – რეალი
ბარსელონა, “კორნელია ელ-პრატი”
ესპანიოლი (4-4-2): პაუ, ა.გონსალესი, სიანი, არბილია, დუარტე, ვ.სანჩესი, კანიასი, ვ.ალვარესი, ხ.ლოპესი, ხ.მორენო, კაისედო.
მწვრთნელი: სერხიო გონსალესი
რეალი (4-2-3-1): ნავასი, ვარანე, რამოსი, კარვახალი, მარსელო, მოდრიჩი, კროოსი, ისკო, ბეილი, რონალდუ, ბენზემა.
მწვრთნელი: რაფაელ ბენიტესი
მსაჯი: ბიკანდი გარიდო
პირველ ტურში “რეალთან” ქულის ამღები “ხიხონი” ამჯერად შინ “ვალენსიას” მიიღებს. მადრიდელებთან წარმატებული მატჩის შემდეგ, აბელარდო ფერნანდესის შეგირდებმა გასვლაზე “სოსიედადთან” აიღეს ქულა, რაც საკმაოდ კარგი შედეგია.
ამრიგად, ასტურიელებს ორ ტურში ორი ფრე აქვთ და ჯერ არც გაუტანიათ და არც გაუშვიათ. დღევანდელი შეხვედრისთვის მასპინძლებს დანაკლისი არ აქვთ.
“ხიხონის” მსგავსად, ორი ქულა აქვს “ვალენსიასაც”, თუმცა მათგან განსხვავებით, ნუნუ ესპირიტო სანტოს გუნდს ეს შედეგი აქტივში არ ჩაეწერება. “ღამურებმა” ორივე შეხვედრაში გადახალისებული შემადგენლობით ითამაშეს, რასაც გაუთვალისწინებელი ქულების დაკარგვა მოჰყვა: “რაიო ვალეკანოსთან” და “დეპორტივოსთან”.
“ლოს ჩეს” სერიოზული პრობლებები აქვს, რადგან დიეგო ალვეშის შემდეგ, მისი შემცვლელი მეტიუ რაიანი დაშავდა და “ღამურები” გამოუცდელი კიპერების ხაუმესა და იოელის იმედზე დარჩა. მეკარეების გარდა, მცირე ტრავმა აქვს სანტი მინას, ხოლო ანტონიო ბარაგანი დისკვალიფიცირებულია და მას ჟოაო კანსელო შეცვლის.
სამაგიეროდ, კლუბს დაუბრუნდა ნახევარდაცვის ლიდერი ანდრე გომეში, რომელიც მაისში “სელტას” წინააღმდეგ დაშავდა. Aსევე განაცხადშია ახალწვეული აიმენ აბდენური, რომელსაც ძირითად შემადგენლობაში ელიან.
20:15 ხიხონი – ვალენსია
ხიხონი, “ელ მოლინონი”
ხიხონი (4-4-2): კუელარი, ერნანდესი, ბერნარდო, ი.ლოპესი, ლორა, ს.ალვარესი, კასესი, ხონი, კარმონა, სანაბრია, გერერო.
მწვრთნელი: აბელარდო ფერნანდესი
ვალენსია (4-3-3): იოელი, აბდენური, მუსტაფი, კანსელო, გაია, ფუეგო, პერესი, პარეხო, პიატი, ფეგული, ნეგრედო.
მწვრთნელი: ნუნუ ესპირიტო სანტო
მსაჯი: დელ სერო გრანდე
დღის დასკვნითი შეხვედრა “ბენიტო ვილამარინზე” შედგება, სადაც ადგილობრივი “რეალ ბეტისი” სან-სებასტიანის “რეალ სოსიედადს” დაუხვდება.
შეხვედრა ძირითად ყურადღებას ყურადღებას ხოაკინ სანჩესის გამო იქცევს, რომელიც ცხრაწლიანი განშორების შემდეგ მშობლიურ კლუბს დაუბრუნდა და დღეს ძირითად შემადგენლობაში ელიან.