ფეხბურთი

15:25 | 12.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

დიდი ჯახი “ოლდ ტრაფორდზე” 

სანაკრებო პაუზის შემდეგ ინგლისის ჩემპიონატი გამორჩეული დაპირისპირებით გვიბრუნდება. “ოლდ ტრაფორდზე” ადგილობრივი “მანჩესტერ იუნაიტედი” პრინციპულ მეტოქეს “ლივერპულს” მიიღებს და ჩემპიონთა ლიგის წინ, კარგი განწყობის შექმნას შეეცდება.

მასპინძელთა რიგებში შესანიშნავი სიახლეა, გუშინ დავიდ დე ხეას საგას ბოლო მოეღო და “იუნაიტედთან” ახალი ოთხწლიანი ხელშეკრულება გააფორმა. ინგლისური პრესა ვარაუდობს, რომ ესპანელი კიპერი ძირითად შემადგენლობას დღევანდელ მატჩშივე დაუბრუნდება.

გუშინდელ პრესკონფერენციაზე ლუის ვან გაალმა გულშემატკივრებს “სუონსისთან” მარცხისთვის ბოდიში მოუხადა და პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო. მან იქვე დასძინა, რომ მიმდინარე სეზონში “იუნაიტედი” ტიტულისთვის ვერ იბრძოლებს და მათი მიზანი მეორე ადგილის დაკავება იქნება.

დღევანდელ შეხვედრაში “იუნაიტედს” ტრავმირებული ფილ ჯონსი დააკლდება, ხოლო უეინ რუნის თამაში საეჭვოა. განაცხადშია კლუბის ფრანგი ახალწვეული ენტონი მარტიალი.

მეტოქის მსგავსად, წინა ტურში დამარცხდა “ლივერპული”. ბრენდან როჯერსი საკუთარ მოედანზე “ვესტ ჰემთან” შერცხვა და უშანსოდ განადგურდა (0:3). მერსისაიდელებმა ქულების გარდა, ფელიპე კოუტინიოც დაკარგეს, რომელმაც წითელი ბარათი დაიმსახურა და დღეს დისკვალიფიკაციის გამო ვერ ითამაშებს.

ფელიპეს გარდა, “წითლები” ფლანაგანს, სტარიჯსა და ლალანას მოისაკლისებენ, ხოლო ჯორდან ჰენდერსონის თამაში ეჭვქვეშაა.

კლუბებს ოთხი ტურის შემდეგ ერთნაირი მაჩვენებელი აქვთ – შვიდი ქულა.

ურთიერთშეხვედრები:

22.03.15 ლივერპული – მანჩესტერი 1:2
14.12.14 მანჩესტერი – ლივერპული 3:0
16.03.14 მანჩესტერი – ლივერპული 0:3
25.09.13 მანჩესტერი – ლივერპული 1:0 (ინგლისის თასი)
01.09.13 ლივერპული – მანჩესტერი 1:0

სავარაუდო შემადგენლობები

მანჩესტერ იუნაიტედი (4-2-3-1):
დე ხეა, ბლინდი, სმოლინგი, შოუ, დარმიანი, შნეიდერლენი, შვაინშტაიგერი, ერერა, მატა, დეპაი, ფელაინი.
მწვრთნელი: ლუის ვან გაალი

ლივერპული (4-2-3-1): მინოლე, შკრტელი, ლოვრენი, ჯ.გომესი, კლაინი, ლეივა, ჩანი, ფირმინო, მილნერი, ინგსი, ბენტეკე.
მწვრთნელი: ბრენდან როჯერსი

მსაჯი: მაიკლ ოლივერი

დღის კიდევ ერთი საინტერესო შეხვედრა “გუდისონ პარკზე” შედგება, სადაც “ევერტონი” ლონდონის “ჩელსის” დაუხვდება. მატჩი სულ ცოტა ხანში დაიწყება და კლუბების შემადგენლობები ასეთია:

ევერტონი (4-3-1-2): ჰოვარდი, იაგიელკა, სტოუნზი, გალოვეი, კოულმენი, ბერი, ბეშიჩი, მაკკარტი, ბარკლი, ლუკაკუ, კონე.
მწვრთნელი: რობერტო მარტინესი

ჩელსი (4-2-3-1): ბეგოვიჩი, ტერი, ზუმა, ივანოვიჩი, აზპილიკუეტა, მატიჩი, მიკელი, ფაბრეგასი, პედრო, აზარი, კოშტა.
მწვრთნელი: ჟოზე მოურინიო

მსაჯი:ანდრე მარინერი

ლონდონის “არსენალი” შინ “სტოკ სიტის” მიიღებს, რომელიც ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში ძალიან გაძლიერდა, თუმცა ოთხი ტურის შემდეგ მხოლოდ ორი ქულა აქვს. სათქმელია, რომ “დურგლები” ცუდად არ თამაშობენ, მაგრამ იღბალი მათ მხარეს არაა. მაგალითად: წინა ტურში ისინი ერთი საათის განმალობაში ცხრა კაცით ეთამაშებოდნენ “ვესტ ბრომვიჩს”, მაგრამ მაინც არაფრით ჩამოუვარდებოდნენ. საბოლოოდ, პირველი ტაიმის დამატებულ წუთებზე რონდონმა გაიტანა და “სტოკი” მაინც დამარცხდა.

არსენ ვენგერი ტრავმების გამო უილშირს, უელბეკსა და როსიცკის მოისაკლისებს, ხოლო სტუმრებს შოუკროსი, აფელაი და ადამი არ ეყოლებათ.

გათამაშების უდანაკარგო ლიდერი “მანჩესტერ სიტი” გასვლაზე “კრისტალ პალასს” შეხვდება, რომელმაც წინა ტურში “ჩელსი” დაამარცხა.

“არწივებს” იარდი და შამახი ჰყავთ დაშავებული, ხოლო სტუმრები სილვას, კლიშის, ზაბალეტას, დელფისა და ფერნანდოს მოისაკლისებენ.

დღის სხვა მატჩები:

18:00 ნორვიჩი – ბორნმუთი
18:00 უოტფორდი – სუონსი
18:00 ვესტ ბრომვიჩი - საუთჰემპტონი

0.177537