ფეხბურთი

8:40 | 12.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

ჟოზე მოურინიო: “სირთულეებს მალე დავძლევთ”

ჟოზე მოურინიოს “ჩელსიმ” პრემიერლიგაში წარუმატებელი სტარტი აიღო. დასავლეთლონდონელ “არისტოკრატებს” 4 ტურის შემდეგ 4 ქულაღა აქვთ და ლიდერ “მანჩესტერ სიტის” 8 ქულით ჩამორჩებიან. მორიგ ტურში სტემფორდ ბრიჯელები ლივერპულში “ევერტონს” შეხვდებიან და პორტუგალიელი სპეციალისტი თავის შეგირდებს მხოლოდ მოსაგებად განაწყობს.

“როგორც ყოველთვის, “ჩელსი” ამჯერადაც ჩემპიონობისთვის იბრძოლებს, ამიტომაც “გუდისონ პარკის” მინდორზე მხოლოდ და მხოლოდ მოსაგებად გავალთ. “ევერტონს” პატივს ვცემთ, მაგრამ 3 ქულა უნდა ავიღოთ. სუსტი სტარტის მიუხედავად, გუნდის თამაში ოპტიმიზმის საფუძველს მიტოვებს. “ჩელსი” მაღალი კლასის ფეხბურთელებისგან დაკომპლექტებული, კარგად შედუღაბებული კოლექტივია. ფეხბურთელებს ჩემი სჯერათ, მე კი მათი იმედი მაქვს და ვენდობი”, - ამგვარია სეუ ჟოზეს “ევერტონთან” წინასამატჩო განწყობა.

პორტუგალიელი სპეციალისტი ლონდონის “სტემფორდ ბრიჯიდან” მის შესაძლო აბარგების თემასაც შეეხო: “ჩელსიდან” წასვლას არ ვაპირებ და კლუბსაც ჩემთან განშორების საკითხი არ დაუსვამს. პირიქით, ხელმძღვანელობას ჩემი სწამს და მენდობა. ამჟამად ყველანი უფრო მეტად მოტივირებულად ვმუშაობთ მიზნის მისაღწევად და დარწმუნებული ვარ, სირთულეებს მალე დავძლევთ. ერთიანი ძალისხმევით საწადელს მივაღწევთ”.

0.114266