13 სექტემბერს საფეხბურთო სამყაროს ყურადღება მილანისკენ იქნება მიპყრობილი, სადაც ჯუზეპე მეაცას სახელობის სტადიონზე “მადონინად” წოდებული “მილანისა” და “ინტერის” მორიგი პრინციპული დაპირისპირება შედგება.
ვნებებით აღსავსე მატჩის წინ გულშემატკივრებს “ნერაძურის” ყოფილმა ფეხბურთელმა და “როსონერის” ამჟამინდელმა დამრიგებელმა სინიშა მიხაილოვიჩმა მიმართა: “ბოლო 2-3 წლის განმავლობაში “მილანი” საკუთარ თავს არ ჰგავდა. დარწმუნებული ვარ, მიმდინარე სეზონში ტიტულისთვის მებრძოლ გუნდთა შორის ვიქნებით. “მილანი” აუცილებლად მოუმატებს და აღმასვლა “ინტერთან” შეხვედრით დაიწყება”.
“როსონერის” ერთგულ ქომაგებს გუნდის ნახევარმცველმა რიკარდო მონტოლივომაც მიმართა: “მილანის” მისთვის ჩვეულ პოზოციებზე დაბრუნებას ვესწრაფით. მიხაილოვიჩი სერიოზულ კოლექტივს აყალიბებს. გულშემატკივართა წინაშე ვალში ვართ და მათ ვპირდები, რომ მინდორზე გასულები თავს არ დავზოგავთ და მათ გახარებას ვეცდებით”.
მომავალ მილანურ დერბის ნომინალურ მასპინძელთა ვეტერანი მეკარე კრისტიან აბიატიც გამოეხმაურა: “ნერაძურისთან” დაპირისპირება ყოველთვის მოჭარბებულ ემოციასთანაა დაკავშირებული. არასდროს დამავიწყდება 2003 წელი, როდესაც ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში “ნერაძურის” ვძლიეთ და საბოლოოდ თასს დავეუფლეთ. მართალია, ამჯერად “ინტერს” სერია A-ს მესამე ტურში ვხვდებით, მაგრამ ეს მატჩი უაღრესად მნიშვნელოვანია“.