დღეს, თბილისის დროით 17:00 საათზე “ზაგრებ-არენაში” ევროპის ჩემპიონატის C ჯგუფის დასკვნითი მატჩები დაიწყება და გვიან ღამით შევიტყობთ, საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები ტურნირზე ბრძოლას გააგრძელებს თუ – არა.
შეგახსენებთ, რომ ბოლო ტურის წინ, ქართველი კალათბურთელები არცთუ ცუდ მდგომარეობაში იმყოფებიან. მაკედონიასთან ჩინებულ სტილში მოგებულმა (90:75) თამაშმა იგორ კოკოშკოვის შეგირდები უპირატეს მდგომარეობაში ჩააყენა. თუკი დღეს ხმაურიანი სენსაცია არ დაფიქსირდა და საქართველო, მაკედონია და ჰოლანდია, შესაბამისად, ხორვატიასთან, სლოვენიასთან და საბერძნეთთან დამარცხდნენ, მერვედფინალის საგზურს სწორედ ჩვენი გუნდი მიიღებს. ამის წინაპირობა სამ აუტსაიდერს შორის, ქართველთა ბურთების უკეთესი სხვაობაა. ამ შემთხვევაში, უკვე ამ ღამით ევრობასკეტის ორგანიზატორთა მიერ გამოყოფილი ჩარტერული რეისით, ქართული დელეგაცია გეზს საფრანგეთის ქალაქ ლილისკენ აიღებს, სადაც საპლეიოფო მატჩებია დაგეგმილი.
შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი შეგვრჩება მაკედონიის გამარჯვების შემთხვევაშიც, ოღონდ, მაშინ ხორვატთა ძლევა მოგვიწევს, ყველაზე არასასურველი კი ჰოლანდიელთა წარმატებაა, რაცვ ავტომატურად ევრობასკეტს მიღმა დაგვტოვებს. თუმცა, ეს, ნამდვილად ძნელი წარმოსადგენია და თუკი ბერძნებმა ძალიან არ მოინდომეს, “ნარინჯისფერთა” გამარჯვებას არ უნდა ველოდეთ.
ცხადია, ქართველი ქომაგისთვის უმთავრესი მატჩი თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება, როდესაც ჩვენი ნაკრები მასპინძელი ხორვატიის წინაშე სათამაშოდ გავა. დიდი ალბათობით, ამ დროისთვის ფსიქოლოგიური წნეხი ორივე გუნდს მოხსნილი ექნება, ამდენად, სანახაობრივ თამაშს უნდა ველოდეთ.
აღნიშნულს საქართველოს ნაკრებში არსებული ვითარებაც გვაფიქრებინებს. მაკედონიასთან დამაჯერებელმა გამარჯვებამ, ჩვენს ბიჭებს, როგორც იტყვიან, სულზე მოუსწრო. ზედიზედ 3 მარცხის შემდეგ, მათ თავისი ძალების ირწმუნეს და გაიაზრეს, რომ დაკარგული არაფერია.
გამორიცხული არაა, გუშინდელი წარმატება საქართველოს ნაკრებისთვის საეტაპო გახდეს და მუხტის შენარჩუნების შემთხვევაში, ნაკრებმა პლეი-ოფშიც სულ სხვა (უფრო სწორად, ისეთი, როგორიც მაკედონიასთან იყო) თამაში აჩვენოს. თუმცა, ამისთვის, პირველ რიგში მერვედფინალის საგზურის მოპოვებაა საჭირო.
აღსანიშნავია, რომ გუშინდელი ემოციური დღის შემდეგ, საქართველოს ნაკრებმა გეგმები შეცვალა. გუნდი დრაჟენ პეტროვიჩის სახელობის “ციბონას” დარბაზში 10:00 საათზე უნდა მისულიყო, თუმცა, იგორ კოკოშკოვის გადაწყვეტილებით, წვრთნა აღარ ჩატარებულა და გუნდი მხოლოდ თეორიულ გარჩევებით შემოიფარგლა.
სამაგიეროდ, დილით დარბაზში მისულთ სლოვენიელთა ვარჯიში ვიხილეთ, რომელთა გამარჯვებაც ჩვენთვის საციცოცხლოდ მნიშვნელოვანია. წვრთნის შემდეგ, გუნდის ლიდერი ზორან დრაგიჩი მოვიხელთეთ და შევახსენეთ, რომ დღევანდელი წარმატების შემთხვევაში, სლოვენია შემდეგ ეტაპზე საქართველოსაც გაიყოლებს. ცხადია, ზორანმა სატურნირო ვითარების შესახებ კარგად უწყოდა და მის კომენტარშიც მოულოდნელი არაფერი ყოფილა.
“ძალიან საინტერესო ჯგუფია და ყოველ ტურში სიტუაცია ცვლილებას განიცდის. იგივე საქართველოს ნაკრების ერთმა გამარჯვებამ თქვენს გუნდს შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი დაუბრუნა. ვიცით, რომ დღეს ქართველები ჩვენს მხარეს იქნებიან და გპირდებით, რომ გამარჯვებისთვის მაქსიმუმს გავიღებთ. ცხადია, ის ინტერესი არ გვამოძრავებს, რომ მაინცდამაინც მაკედონია ჩავტოვოთ და საქართველოს ნაკრები ვახეიროთ. უბრალოდ, სლოვენიის საკალათბურთო ნაკრები ყველა თამაშზე მოსაგებად გადის და ამჯერადაც ასე იქნება”.
დათო მანჯავიძე სპეციალურად worldsport.ge-სთვის ზაგრებიდან