ბაქოს “ინტერის” ნახევარმცველმა ნიკა კვეკვესკირმა ინტერნეტპორტალ azerisport.com-მთან ინტერვიუში განაცხადა, რომ აზერბაიჯანის ჩემპიონატში ნებისმიერ გუნდთან თამაში რთულია და ბაქოს “ინტერში” თავს კარგად გრძნობს.
- “ინტერისთვის” აზერბაიჯანის ჩემპიონატის განვლილ სამ ტურს როგორ შეაფასებთ?
- ვფიქრობ, ბოლო ტურებში “ინტერმა” ძალიან კარგად ითამაშა. პირველ ტურში “ხაზარ ლენქორანთან” მარცხს ობიექტური მიზეზები ჰქონდა და ამიტომ ვერ ვითამაშეთ. “ნეფთჩის” წინააღმდეგ (1:0) ძალიან კარგად გამოვიყურებოდით. “ზირესთან” შეხვედრაში (0:0) საგოლე მომენტები რომ გამოგვეყენებინა, გავიმარჯვებდით. მჯერა, რომ კიდევ მოვუმატებთ.
- ყველაზე რთული რომელი თამაში იყო?
- რა თქმა უნდა, “ხაზარ ლენქორანთან” შეხვედრა. სათამაშოდ ძალიან დაღლილები გავედით. ამასთანავე, მეტოქემ ძალიან კარგად ითამაშა.
- პრემიერლიგაში უკვე სამი მატჩი ჩაატარეთ. აზერბაიჯანის ჩემპიონატში თამაში რთულია?
- აზერბაიჯანში ყველა თამაში რთულია, რადგან ადგილობრივი გუნდები ბოლო წუთამდე იბრძვიან. ჯერჯერობით აქ მომწონს. მჯერა, რომ მომავალში ყველაფერი კიდევ უფრო უკეთესად იქნება.
- სამი ტურის შემდეგ, “ინტერი” 4 ქულით მე-5 ადგილზეა. ეს თქვენთვის მისაღებია?
- ჩვენთვის კონკრეტული ამოცანა არავის დაუსახავს. თუმცა, ბუნებრივია უფრო მეტი გვსურს და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. ევროთასების საგზურის მოპოვება კვლავ გვინდა. ძალიან რთული იქნება, მაგრამ ბოლომდე ვიბრძოლებთ.
- მოსაწყენი არაა კლუბში თამაში, რომელსაც კონკრეტული ამოცანები არ აქვს?
- ყოველ მატჩში ჩემი მიზანია, რომ გუნდს დავეხმარო, მწვრთნელებისა და თანაგუნდელების ნდობა გავამართლო. გარდა ამისა, ჩემი მიზანი ყოველ მატჩში გამარჯვებაა.
- “ინტერს” ჩემპიონობისთვის ბრძოლა შეუძლია?
- ეს მეც მაინტერესებს. ჩვენ ვითამაშებთ და დანარჩენს მომავალი გვიჩვენებს. სხვათა შორის, “გაბალასა “ და “ყარაბაღს” მსურს ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გასვლა მივულოცო. ეს აზერბაიჯანული ფეხბურთისთვის ძალიან პრესტიჟულია.