ფეხბურთი

14:09 | 10.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბექა ვაჩიბერაძე: “ჩემი თავის მჯერა და დარწმუნებული ვარ, რომ შანსი მექნება”

ესპანეთის პრიმერა დივიზიონის ახალწვეულმა ბექა ვაჩიბერაძემ “სპორტ-ექსპრეს ვ უკრაინესთან” ინტერვიუში განაცხადა, რომ თავს ვარსკვლავად არ მიიჩნევს და სევილიურ კლუბში შესაძლებლობების გამოვლენის შანსი ექნება.

ბექა ვაჩიბერაძე: “დონეცკში რომ ჩავედი საქმე მარტივად იყო: “შახტარში” უფასოდ გადავედი და ჩვენ მოვილაპარაკეთ, რომ თუ პირველ გუნდში მოვხვდებოდი, მაშინ, კლუბში დავრჩებოდი, ხოლო წინააღმდეგ შემთხვევაში უფასოდ წავიდოდი. ჩემი კონტრაქტის დასრულების შემდეგ, პირველ გუნდში გადასვლა არ შეუთავაზებიათ, ხოლო მეორე გუნდში დარჩენის აზრს ვერ ვხედავდი.

ამიტომ, ახალი კონტრაქტი არ გავაფორმე, რის შემდეგ, კაპიტნის სამკლავური ჩამომართვეს. არცთუ სასიამოვნო სიტუაცია შეიქმნა და ჩემი ოჯახის წევრები, რომლებიც საქართველოში ცხოვრობდნენ, ამას ძალიან განიცდიდნენ. მხოლოდ ერთი გამოსავალი იყო, რომ ახალი კლუბი მომეძებნა. ამით კი, ჩემი მენეჯერი ანდრე გოლოვაში დაკავდა.

- თქვენი მეგობარი და “შახტარის” ახალგაზრდულ გუნდში ყოფილი პარტნიორი ვიქტორ კოვალენკო მიმდინარე სეზონში პირველი გუნდის სასტარტო შემადგენლობაში სულ უფრო ხშირად თამაშობს. უცნაურად არ გეჩვენებათ, რომ თქვენი გზები ასე მკვეთრად გაიყო?

- ალბათ, ყველას თავისი ბედი აქვს. თუმცა, როგორც არ უნდა იყოს, ვიქტორის წარმატება მახარებს. თუ მწვრთნელს მისი სჯერა, მაშინ ნათელია, რომ “შახტარში” კარიერის გაგრძელების საფუძველი აქვს.

- როდის გადაწყვიტე, რომ კარიერა უკრაინის ფარგლებს გარეთ უნდა გაგეგრძელებინა? ესპანეთი რატომ აირჩიე?

- ჩემი აზრით, ყველა ფეხბურთელი ძლიერ ჩემპიონატში მაღალ დონეზე თამაშზე ოცნებობს. მე გამონაკლისი არ ვარ. რაც შეეხება ესპანურ ფეხბურთს, ბავშვობიდან მას თაყვანს ვცემ. პრიმერადივიზიონი სხვა ევროპულ ჩემპიონატებთან შედარებით ყოველთვის მომწონდა. წამყვანი ესპანელი ფეხბურთელების თამაშის მანერას რომ ვაკვირდებოდი, ყოველთვის ვგრძნობდი – “ეს ჩემია”.

- მართალია, რომ თქვენი შეძენა ევროპულ გრანდებს, “ჩელსისა” და “პორტუს” სურდათ?

- ეს სჯობს ჩემს მენეჯერს ჰკითხოთ, მაგრამ ვფიქრობ, საკითხი აქტუალური აღარაა. “ბეტისში” არსებული ვითარება და ჩემს მიმართ დამოკიდებულება მომწონს. სევილიაში გატარებული პირველი დღეების შემდეგ ვხვდები, რომ სწორი არჩევანი გავაკეთე.

- აგვისტოს შუა რიცხვებში მასმედია იუწყებოდა, რომ “რეალ სოსიედადთან” კონტრაქტი გააფორმეთ. ეს ტყუილი როგორ გავრცელდა?

- როგორც ვიცი, “რეალ სოსიედადის” შესახებ საუბარი არასოდეს ყოფილა. ამიტომ, ამ ინფორმაციას კომენტარს ვერ გაუკეთებ.

- “ბეტისთან” კონტრაქტის გაფორმება უკვე მომხდარ ფაქტად შეიძლება ჩაითვალოს?

-პირადი კონტრაქტი გავაფორმე, ყველა დოკუმენტები ჩამოვიდა, ესპანეთში მუშაობისა და ცხოვრების უფლება მივიღე. ახლა მხოლოდ ერთი რამ დამრჩა – ენა რაც შეიძლება სწრაფად ვისწავლო.

- ამხანაგური და ოფიციალური მატჩებით თუ ვიმსჯელებთ, თქვენს ახალ კლუბს გარკვეული სათამაშო კრიზისი აქვს...

- ჩემთვის რთულია კომენტარის გაკეთება არის თუ არა “ბეტისში” კრიზისი. ვფიქრობ, ყველაფერი არცთუ ისე ცუდადაა. სეზონის პირველი მატჩი გუნდმა “ვილიარეალთან” ფრე (1:1) ითამაშა, მაგრამ სტუმრებმა გოლი “სუფთა” თამაშგარედან გაიტანეს. “რეალთან” “სანტიაგო ბერნაბეუზე” (მადრიდში სევილიელებმა 0:5 წააგეს), ვფიქრობ, კრიზისი ნებისმიერ გუნდს ელოდება. ასე რომ, ჩვენს კლუბში არავითარი პანიკა არ იგრძნობა. გუნდი ვარჯიშობს, ხოლო მწვრთნელები ტრავმირებული ფეხბურთელების დაბრუნებას ელოდებიან.

- “ბეტისის” მთავარი მწვრთნელი პეპე მელი თუ გაიცანი და მას თქვენი მომავლის შესახებ ესაუბრეთ?

- სევილიაში სულ რამდენიმე დღეა ჩამოვედი და პლუს ბოლო ტურში გუნდმა სტუმრად ითამაშა. ასე რომ “ბეტისის” ხელმძღვანელებიდან პრეზიდენტი და სპორტული დირექტორი გავიცანი.

- ბავშვობაში სევილიელთა რომელი “ვარსკვლავების” თამაში გინახავთ?

-ჰოლანდიელი რაფაელ ვან დერ ვარტისა და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მოთამაშის ხოაკინის.

- ”სევილიას” უკრაინელებს თუ იცნობთ?

- მარიან შვედს არცთუ ცუდად ვიცნობ, ხოლო ევგენი კონოპლიანკას დაუსწრებლად, მხოლოდ “დნიპროში” მაღალ დონეზე ჩატარებული მატჩებიდან. ესპანეთში ორივე არცთუ დიდი ხანია ჩამოვიდნენ და ვნახოთ, შესაძლოა კიდევ შევხვდეთ.

- თავად თქვით, რომ უკრაინიდან წასვლაში ხელი ვლადლენ იურჩენკოს მაგალითმაც შეგიწყოთ, რომელიც ლევერკუზენის “ბაიერში” გადავიდა. თუმცა, ჯერჯერობით უკრაინელი იშვიათად თამაშობს. თქვენ ასეთი პერსპექტივა არ გაშინებთ?

- მე არაფერი მაშინებს. იურჩენკო თამაშობს გუნდში, რომელმაც ცოტა ხნის წინ “შახტარი” 4:0 დაამარცხა. დასავლეთ ევროპაში კონკურენციის სულ სხვა დონეა, რაც მაშინვე იგრძნობა. კონოპოლიანკაც შეცვლაზე თამაშობს. ჩემი თავის მჯერა. მართალია, “ბეტისი” “ბაიერი” არაა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ შანსი მექნება. ადაპტაციისთვის ცოტა დრო მჭირდება. ამჟამად, ვგრძნობ, რომ ენის არცოდნა ყველაზე დიდი პრობლემაა. პირველ ყოვლისა, მის შესწავლას დავიწყებ.

- წარსულს დავუბრუნდეთ. ფეხბურთში მამის გამო მოხვდით?

-ასეა. მამა ქუთაისის “ტორპედოში” მარცხენა თავდამსხმელად თამაშობდა. ის ყოველთვის სასარგებლო რჩევებს მაძლევს და ვცდილობ მას მოვუსმინო.

- ბავშვობაში თქვენი კერპი რომელი ქართველი ფეხბურთელი იყო?

- ალბათ, გიორგი ქინქლაძე, რომელიც დაახლოებით იმავე პოზიციაზე თამაშობდა, სადაც მე და ინგლისის პრემიერლიგაში ნათელი კვალი დატოვა.

- უკრაინაში თქვენი პირველი კლუბი მართლა “ჩერნომორეცი” იყო? საქართველოში ვინ გაგსინჯათ?

-საქართველოში არავის გაუსინჯივარ. უბრალოდ, ოჯახით საცხოვრებლად ილიჩევსკში გადავედით, საიდანაც ოდესამდე ძალიან ახლოა.

- “ჩერნომორეცის” საფეხბურთო სკოლაში ვიქტორ სახნო და ვიაჩესლავ ტერეშჩენკო გავარჯიშებდნენ, რომლებიც წარსულში არცთუ ცუდი ფორვარდები იყვნენ. მართალია, რომ თქვენც თავდამსხმელად იწყებდით?

- ოდესაში “სუფთა” თავდამსხმელი ვიყავი, ხოლო “შახტარში” ჩემი პერეკვალიფიცირება გადაწყვიტეს.

- კარიერის საუკეთესო გოლად იტალიის ჭაბუკთა ნაკრების კარში ოცდახუთი მეტრიდან უძლიერესი დარტყმით “ცხრიანში” გატანილ ბურთს მიიჩნევთ?

- შესაძლოა. თუმცა, სხვა ლამაზი გოლებიც იყო. ახლა მნიშვნელოვან გოლებს ველოდები.

-საყრდენი ნახევარმცველი პოზიციაზე თამაშობთ და ხომ არ მიგაჩნიათ, რომ უფრო ფართო ტაქტიკური დიაპაზონის მქონე შუახაზელი ხართ?

- ჩემი აზრით, შეტევაში იმაზე მეტი უნდა ვითამაშო, რის საშუალებასაც “შახტარში” მაძლევდნენ.

- თქვენი აღნაგობით საუცხოოდ შეეწყობოდით ხოსეპ გვარდიოლას ფორმაციის “ბარსელონას”. თქვენი ფიზიკური მონაცემები ხომ არ აფერხებს მწვრთნელებს, რომლებიც უპირატესობას ათლეტურ ფეხბურთს, ორთაბრძოლებსა და “მეორე სართულზე” თამაშს ანიჭებენ?

- ესპანეთში ჩემი სტილის ბევრი მოთამაშეა – ინიესტა, მესი და ა.შ. ალბათ, ფეხბურთში სხვა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სიმაღლე და წონა (19 წლის ვაჩიბერაძის სიმაღლე 171 სანტიმეტრია, ხოლო წონა – 70 კილოგრანი).

- ერთ-ერთ გამოცემაში დაიწერა, რომ სანტი კასორლას ჰგავხართ. ასეთი შედარება მოგწონთ თუ სხვაც მოგისმენიათ – უფრო ზუსტი?

- ჩემთვის რთული სათქმელია ვის ვგავარ. ალბათ, გვერდიდან უფრო კარგად სჩანს.

- “შახტარში” სტანდარტული მდგომარეობების, კერძოდ პენალტების შესრულების სპეციალისტად მიიჩნეოდით. გარდა ამისა, ჭაბუკთა ნაკრებშიც თერთმეტმეტრიანებს წარმატებით არტყამდით. პენალტს როგორი გრძნობით ასრულებთ?

- განსაკუთრებული გრძნობა არ მაქვს. ვიცი, რომ ამის გაკეთება შემიძლია და “სტანდარტულებს” ამიტომ ვასრულებ.

- შეგიძლიათ თქვენი თამაშის ის მხარე დაასახელოთ, რომლის სხვებზე უფრო მეტად დახვეწა გჭირდებათ?

- ალბათ, ახლა შეტევაში თამაშს უფრო უნდა მოვუმატო, ვიდრე დაცვაში. მოკლედ რომ ვთქვა, წინა ხაზში მეტად თამაში მჭირდება.

- ამჟამად, ბევრს საუბრობენ უკრაინიდან თავდამსხმელ ვასილი შტანდერის გადასვლაზე, რომელიც “შახტარის” ახალგაზრდულ გუნდში თქვენი ყოფილი პარტნიორი იყო. როგორ ფიქრობთ, ის საზღვარგარეთ სათამაშოდ მზადაა?

- ჩემთვის ადრეა შტანდერის შესაძლებლობებისა და საქციელის შეფასება. ჩემს თავს ვარსკვლავად არ მივიჩნევ და კარგად მესმის, რომ სასწავლი ბევრი მაქვს. სხვა ფეხბურთელების პერსპექტივას მხოლოდ ამის შემდეგ შევაფასებ.

0.151553