კალათბურთი

0:48 | 10.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

მანუჩარ მარკოიშვილი: “კრიტიკა მერე იყოს, ახლა მხარდაჭერა გვჭირდება”
მარიან სრბინოვსკი: “მაკედონია გადამწყვეტი მატჩის სათამაშოდ მზად არ აღმოჩნდა”

საქართველოს და მაკედონიის საკალათბურთო ნაკრებთა მატჩის დასრულების მერე, მეტოქეთა ბანაკებში კარდინალურად განსხვავებული სიტუაცია იყო. ქართველები წარმატებას ერთმანეთს ულოცავდნენ, მაკედონიელები კი საოცრად დათრგუნულები იყვნენ. წაგება წაგებად, თუმცა, ნათლად სჩანდა – მათ ვერ წარმოედგინათ, რომ უმნიშვნელოვანეს თამაშს ასე უიმედოდ დათმობდნენ. მატჩისშემდგომი კომენტარებიც შესაბამისი იყო.

იგორ კოკოშკოვი: “საქართველოს ნაკრებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო. მატჩის წინ მარტივი სიტუაცია გვქონდა. ან ვაგებდით და შინ მივდიოდით, ანაც ვიგებდით და ევროპის ჩემპიონატზე ბრძოლას ვაგრძელებდით. მიხარია, რომ ამ გამოწვევას გავუმკლავდით. ამოსავალი წერტილი დაცვაში მობილიზებული გარჯა გახლდათ. ვიცოდით, რომ მაკედონიელთაგან მთავარი საფრთხე პერიმეტრიდან მომდინარეობდა. ვლადო ილიევსკი და მათი სხვა უკანახაზელები რთული დასაჭერები არიან. როდესაც მათ სივრცე შევუზღუდეთ, ანგარიშმა ჩვენს სასარგებლოდ დაიწყო ზრდა. იმედია, მომავალ მატჩებში საქართველოს ნაკრები კიდევ უფრო უკეთეს თამაშს აჩვენებს. ჯგუფურ ეტაპზე ჩვენი ბოლო მეტოქე ხორვატია ძალიან ძლიერი გუნდია, თუმცა, ამ შემართებით, წარმატებაზე ფიქრი ყველასთან შეიძლება”.

თორნიკე შენგელია: “3 მარცხის შემდეგ, როგორც იქნა, მოვიგეთ და ძალიან გახარებულები ვართ. უკან დასახევი გზა ნამდვილად აღარ გვქონდა. ის, რაც დასახული გვქონდა, განვახორციელეთ ანუ მეტოქეს პერიმეტრზე ბურთის თავისუფლად გათამაშების საშუალება არ მივეცით. დამაჯერებელმა დაცვამ ხელ-ფეხი შეტევაშიც გაგვიხსნა”.

ზაზა ფაჩულია: “მთელმა გუნდმა კარგად ითამაშა. ყველას მადლობა ეკუთვნის, სასტარტო ხუთეულის წევრებსაც და სათადარაგოებსაც. წარმატების საფუძველი გააზრებული, ჭკვიანური ასპარეზობა იყო. როგორც იქნა, დაცვაში სათანადოდ დავდექით და მეტოქეს შორეული სროლების განხორციელებაში ხელი შევუშალეთ. ალბათ, ისიც დაინახეთ, რომ მაკედონიელებს ბევრი ჯარიმა “ავკიდეთ” და ქულებს ამის ხარჯზეც ვაგროვებდით. კიდევ ერთხელ ავღნიშნავ, რომ პირად სტატისტიკას მნიშვნელობას არ ვანიჭებ. მთავარია, გუნდმა მოიგოს. თუკი პარტნიორები არ დაგეხმარებიან, რაც არ უნდა ძლიერი იყო, მარტო წარმატებას ვერ მიაღწევ. ვიცოდით, რომ შანსის შესანარჩუნებლად მინიმუმ 5 ქულით მოგება გვჭირდებოდა, თუმცა, ისეთი შემართებით ვიყავით, ამაზე აღარც გვიფიქრია”.

მანუჩარ მარკოიშვილი: “ბოლო-ბოლო, საქართველოს ნაკრებმა თავისი პოტენციალის გამოვლენა შესძლო. წესით, სულ ასე უნდა ვთამაშობდეთ, რადგანაც გუნდს ეს შეუძლია. ასეთი ორგანიზებულობა თავდაჯერებულობას გმატებს. როდესაც იცი, რომ გუნდი დაცვაში ყოჩაღად ირჯება, შეტევაშიც უფრო თამამად გადადიხარ. დღევანდელი მატჩი ამის საუკეთესო მაგალითი იყო. ჩვენი ბრალია, რომ ახლა მაინც სხვებზე ვართ დამოკიდებული, თუმცა, გუნდი ძალიან მოტივირებულია და იმედია, შემდეგ ეტაპზე გავალთ. ყველას ვთხოვ, გადამწყვეტ მომენტში გვერდში დაგვიდგენ. შესაძლოა, საკრიტიკო ბევრი გვაქვს, თუმცა, ჯერ მატჩები დასრულდეს და ყველაფერი მერე განვიხილოთ. ახლა, მხარდაჭერა გვჭირდება”.

მარიან სრბინოვსკი: “საქართველოს ნაკრებს დამსახურებულ გამარჯვებას ვულოცავ, ჩემი გუნდი კი გადამწყვეტი მატჩის მოსაგებად მზად არ აღმოჩნდა. ძალიან ცუდად დავიწყეთ და თამაშში ჩართვა ვერც მერე მოვახერხეთ. უნდა ვაღიარო. მეტოქე გაცილებით უკეთესი იყო, ზაზა ფაჩულიას და მანუჩარ მარკოიშვილის შეჩერება კი ვერაფრით მოვახერხეთ. ფსიქოლოგიურმა წნეხმა უბრალოდ გაგვანადგურა. იმედია, გამოვფხიზლდებით და იმ შანსს მაინც გამოვიყენებთ, რომელიც სლოვენიასთან მატჩში დაგვრჩა”.

ვლადო ილიევსკი: “ქართველ კალათბურთელებს ვულოცავ. მათ დიდებულად ითამაშეს და უბრალოდ, დაგვშალეს, გაგვანადგურეს. სიტყვებსაც კი ვერ ვუყრი თავს, რა უნდა ვთქვა. მეტოქე ტაქტიკურადაც უკეთ გამოიყურებოდა და ისე სჩანდა, რომ ენერგიაც მეტი ჰქონდა. 40 წუთის განმავლობაში არ ყოფილა მომენტი, რომ მათზე უპირატესობა გვეგრძნო”.

დათო მანჯავიძე სპეციალურად worldsport.ge-სთვის ზაგრებიდან

0.11787