2015 წლის ევროპის ჩემპიონატზე მოთამაშე საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრებისთვის 9 სექტემბერი უმნიშვნელოვანესი დღეა. იგორ კოკოშკოვის შეგირდებმა ევრობასკეტის 3 სასტარტო მატჩი წააგეს, თუმცა, მოვლენები ისე განვითარდა, შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი მაინც არსებობს. დიდი ალბათობით, თუკი დღეს საქართველო მაკედონიას მინიმუმ 5 ქულით მოუგებს, C ჯგუფში მე-4 ადგილს დაიკავებს და პლეი-ოფის საგზურსაც მიიღებს. უმნიშვნელოვანესი მატჩის წინ კომენტარი ზაზა ფაჩულიას ვთხოვეთ. ეროვნული გუნდის კაპიტანთან საუბარი საბერძნეთთან გასული თამაშით დავიწყეთ.
- ისე გამოვიდა, რომ საბერძნეთთან მატჩი, ფაქტობრივად პირველივე ტაიმში წავაგეთ.
- რა უნდა ვთქვა? საბერძნეთის ნაკრები ძალიან ძლიერია და საწყის ნახევარში აშკარად გვაჯობა. შედეგიც შესაბამისი იყო. შესვენების შემდეგ, საქართველოს ნაკრები უკეთ გამოიყურებოდა, თუმცა, 28-ქულიანი ჩამორჩენის აღმოფხვრა ურთულესი საქმე იყო.
- ალბათ, დააკვირდებოდი, რომ საქართველოს ნაკრები კარდინალურად განსხვავებულ ტაიმებს თამაშობს. სამივე მატჩს ერთნაირი სცენარი ჰქონდა. როგორც ჰოლანდიასთან, ასევე სლოვენიასთან და საბერძნეთთან შეხვედრებში, პირველ ტაიმს ვაგებდით, მეორეში კი სხვაობის შემცირება ხერხდებოდა.
- ამას ზუსტ ახსნას ნამდვილად ვერ მოვუძებნი, თუმცა, ერთ-ერთ ფაქტორად, შემიძლია, მეტოქის მოდუნება დავასახელო. ფსიქოლოგიური ამბავია, როდესაც წინ შესამჩნევი სხვაობით გადიხარ, გარკვეულწილად, ეშვები და სრული კონცენტრაციით ვეღარ ირჯები.
- ამ ევრობასკეტზე საქართველოს ნაკრების ყველაზე დიდი პრობლემა რა არის?
- ალბათ, ის, რომ ზოგადად სწორად ვერ ვთამაშობთ და ბევრი რამ შესაცვლელია.
- ამაში რას გულისხმობ? მწვრთნელთა შტაბი ვერ იძლევა ზუსტ მონახაზს თუ მოთამაშეები ვერ ასრულებენ დავალებებს?
- მწვრთნელებზე ვერაფერს ვიტყვი, უფრო მეტად ჩვენი ბრალია. უაზრო შეცდომების რაოდენობა მინიმუმამდე უნდა დავიყვანოთ. უფრო ყურადღებით თამაშია საჭირო. სხვაგვარად, ასეთი დონის ტურნირზე რაიმე წარმატების მიღწევა შეუძლებელია.
- ადრეც გითქვამს, რომ ერთ-ერთი უმთავრესი ფაქტორი დაცვაში მაღალ დონეზე თამაშია.
- ცხადია, დაცვა კალათბურთის ერთ-ერთი უმთავრესი კომპონენტია. მეტოქეს იოლი სროლის შესრულების უფლება არ უნდა მისცე, თორემ აუცილებლად დაგსჯის.
- ყველაფერ ამას დამატებული, ბოლო ორ მატჩში შთამბეჭდავი სტატისტიკა არც შენ გქონია.
- მართალი გითხრათ, პირად სტატისტიკას დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებ. მთავარია, გუნდმა მოიგოს. თუკი გამარჯვება მოვიპოვეთ, ე.ი. მთავარი მიზანი მიღწეულია.
- როგორც მოსალოდნელი იყო, საქართველოს ნაკრებს გადამწყვეტი მატჩი მაკედონიასთან ელის. თუკი მინიმუმ 5 ქულით მოვიგეთ, დიდი ალბათობით, პლეი-ოფის საგზური ჩვენ დაგვრჩება.
- ძალიან მნიშვნელოვანი თამაშია და შესაბამისად უნდა მოვემზადოთ. ცხადია, მათი მატჩების ვიდეოანალიზიც გვექნება და ყველაფერი კარგად უნდა გავარჩიოთ.
- ჩემპიონატის დაწყების წინ, მუსირებდა აზრი, რომ მაკედონიელებს გასულ ტურნირებთან შედარებით სუსტი ნაკრები ეყოლებოდათ.
- ამას ნამდვილად ვერ დავეთანხმები. მაკედონიელთა შედეგები ბევრ რამეზე მეტყველებს და მათი თამაშის ხარისხიც საკმაოდ მაღალია. ურთულესი მატჩი გველის და არა მარტო - ევრობასკეტზე, არამედ, ზაფხულიდან მოყოლებული, ამ ციკლში ჩვენი საუკეთესო თამაში უნდა ჩავატაროთ.
დათო მანჯავიძე სეციალურად worldsport.ge-სთვის ზაგრებიდან