ჭიდაობა

10:46 | 9.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

გობაძე მსოფლიო პოდიუმზე ავიდა

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ლას ვეგასში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველი მედალი მოიპოვა. 59, 71. 80 და 130 კილოგრამ წონით კატეგორიებში საპრიზო სამეულები გამთენიას შეივსო და 80 კილოგრამში პოდიუმზე ლაშა გობაძეც ავიდა.

ძირითად ბადეში გობაძემ ბერძენი ნიკოლაოს ვარკასი (11:0), სერბი პეტარ ბალო (8:2) და რუსეთის ნაკრების წევრი ევგენი სალეევი (4:0) ჩამოიშორა. ნახევარფინალში კი მომავალ ჩემპიონთან – თურქ სელჩუკ ჩებისთან 2:4 დამარცხდა და "ბრინჯაოს ფინალში” გადაერთო, სადაც ყირგიზ სამატ შირდაკოვს 8:0 სძლია.

ოლიმპიურ პროგრამაში ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობის რვავე წონითი კატეგორია რომ შედიოდეს, ლაშა გობაძე რიო დე ჟანეიროს 2016 წლის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიასაც მოიპოვებდა, მაგრამ 71 და 80 კილოგრამის მოჭიდავეებისთვის ოლიმპიური პერსპექტივა არ არსებობს.

71 კილოგრამში საქართველოს სახელით ხალიჩაზე გოგა აფრიამაშვილი გავიდა და პირველსავე წრეში 2:3 დამარცხდა შვედ კნუტ ზაკარიას ტალროტთან. საწყისი ეტაპიდანვე გამოეთიშნენ შეჯიბრებას საქართველოს ნაკრების უმსუბუქესი და უმძიმესი წევრები მურად მიქელაძე (59 კგ) და იაკობ ქაჯაია (130 კგ).

მიქელაძე მეთექვსმეტედფინალში ხორვატ ივან ლიზატოვიჩთან 2:4 დამარცხდა, ქაჯაია კი მსოფლიო პირველობას ესტონელ ჰეიკი ნაბისთან მინიმალური ანგარიშით წაგებით გამოეთიშა.

დღეს საღამოს საქმეში ერთადერთ დარჩენილ წონაში – 85 კილოგრამში მოჭიდავე ბერძენ-რომაელები ჩაებმებიან. საქართველოს სახელით კი ხალიჩაზე მათე სოფაძე გავა.

0.117784