კალათბურთი

17:58 | 8.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

ვიქტორ სანიკიძე: “მაკედონიაზე მერე ვიფიქრებთ, ჯერ საბერძნეთია”’
ფოტის კაციკარისი: “შენგელია საქართველოს ნაკრების საკვანძო მოთამაშეა”

ერთდღიანი შესვენების შემდეგ, საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები ევროპის 2015 წლის ჩემპიონატს უბრუნდება. ტურნირის სტარტზე განცდილი 2 მარცხის კვალად, იგორ კოკოშკოვის შეგირდთა მეტოქე საბერძნეთის ნაკრები იქნება, რომლიც C ჯგუფის ლიდერი გახლავთ. თუკი ქართველმა კალათბურთელებმა საწყის ტურებში ჰოლანდიასთან (72:73) და სლოვენიასთან (68:79) წააგეს, ელადელებმა მაკედონიას (85:65) და რაც მთავარია, მასპინძელ ხორვატიას აჯობეს (72:70).

თამაშის დღეს, მომავალ მეტოქეებს მხოლოდ დილის ვარჯიში ჰქონდათ დაგეგმილი, თუმცა, ევრობასკეტ-2015-ის მასპინძელ “ზაგრებ-არენას” ნაცვლად, წვრთნისთვის დრაჟენ პეტროვიჩის სახელობის “ციბონას” დარბაზს მიაშურეს. ჯერ მოედანზე ქართველი კალათბურთელები გამოჩნდნენ და სრული შემადგენლობით ივარჯიშეს. ტრავმირებული არავინაა, ძირითადი ყურადღება კი კალათში სროლას დაეთმო. უდავოა, რომ მიმდინარე ჩემპიონატზე ზუსტი სროლების პროცენტული მაჩვენებელი გაუმჯობესებას იმსახურებს.

მართალია, გასული შედეგების გათვალისწინებით, საბერძნეთთან წარმატებაზე ფიქრი ძნელია, თუმცა, მოედანზე დამარცხებულის ფსიქოლოგიით გასვლა ნამდვილად არასწორი იქნება. იგივე განგვიცხადა საქართველოს ნაკრების ფორვარდმა ვიქტორ სანიკიძემაც: “გვესმის, რომ არსებული ვითარებიდან გამომდინარე, მაკედონიასთან მატჩი, ალბათ, გადამწყვეტი იქნება. სხვა საქმეა, რომ მანამდე ჯერ საბერძნეთთან თამაშია. ამდენად, დღეს სწორედ ამ შეხვედრაზე ვართ კონცენტრირებული და მზადებაც შესაბამისი იყო. მაკედონიაზე ფიქრს მხოლოდ ამის შემდეგ დავიწყებთ”.

ქართველთა ვარჯიში უკვე დასრულებული იყო და დარბაზში ბერძნები შემოდიოდნენ. გასაკვირი არ ყოფილა, სანიკიძე კოსტას კაიმაკოღლუს მიუახლოვდა და შესძახა: “უნიკს!”. ქართველი და ბერძენი კალათბურთელები გასულ სეზონში სწორედ ყაზანური კლუბის ღირსებას იცავდნენ და გასაკვირი არაა, რომ ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა აქვთ. კაიმაკოღლუს გარდა, მოედანზე გამოჩნდნენ ელადელთა სხვა ვარსკვლავებიც: ვასილის სპანულისი, კოსტას პაპანიკოლაუ, იანის ანტეტოკოუნმპო, გეორგიოს პრინტეზისი... ბერძენთა ვარჯიშმა ქართველთა დარად ერთ საათს გასტანა, შემდეგ კი კომენტარების ჯერიც დადგა.

პირველ რიგში, საინტერესო ბერძენთა მთავარი მწვრთნელის ფოტის კაციკარისის აზრი გახლდათ. მომავალი მატჩის წინ, მან შემდეგი განაცხადა: “მხოლოდ ნაკრების სახელი და ისტორია თამაშს ვერ იგებს. ჩვენ ყველა შეხვედრაზე მოსაგებად გავდივართ და მზად ვართ ყველაფრისთვის, რასაც მეტოქე შემოგვთავაზებს. საქართველო სახიფათო გუნდია. მათ გრძელი სათადარიგოთა სკამი არ გააჩნიათ, თუმცა, ნაკრების ლიდერებს მაღალ დონეზე თამაში ძალუძთ. მათ რიგებში ყველაზე სახიფათოდ შენგელია მიმაჩნია, რომელსაც ვალენსიადან ვიცნობ. ის ნაკრების საკვანძო მოთამაშეა”.

კოსტას კაიმაკოღლუ: “ხორვატიასთან გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანი იყო და დიდი სიხარულიც მოგვიტანა, თუმცა, თუკი დარჩენილ თამაშებშიც არ ვიყოჩაღეთ, ის მოგება არაფერს მოგვიტანს. მოდუნებაზე საუბარი ზედმეტია. საქართველოს ნაკრებს კარგად ვიცნობთ და მათი ძლიერი მხარეებიც ვიცით, თუმცა, ის გეგმაც გვაქვს შემუშავებული, რომელმაც გამარჯვება უნდა მოგვიტანოს”.

კოსტას კუფოსი: “ზურგს 2 გამარჯვება გვიმაგრებს, მაგრამ ეს, მხოლოდ დასაწყისია. საქართველო ის მეტოქეა, რომელმაც დაცვაში თამაშიც იცის და შეტევაშიც. ჩვენ ყველაფრისთვის მზად ვართ, საბერძნეთის ნაკრების მთავარ იარაღად კი მტკიცე დაცვა მიმაჩნია. როდესაც უკან კარგად ვდგავართ, იერიშზეც თამამად გადავდივართ. ვთვლი, რომ საბერძნეთის ნაკრები ამ ტურნირზე დღითიდღე უკეთესი გუნდი ხდება. პრინტეზისი, ბურუსისი, ანტეტოკოუნმპო და სხვები დიდებულად თამაშობენ და ეს, იმედს მაძლევს. თავადად 26 წლის ვარ და ვფიქრობ, დიდი გამარჯვებებისთვის შესაფერისი დროა. ჩემი ოცნება ევრობასკეტის ოქროს მედლის მოგებაა, თუმცა, ჯერ თავში მხოლოდ საქართველო მიტრიალებს. წინ ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა ვიაროთ”.

შეგახსენებთ, რომ C ჯგუფში დღის პირველი მატჩი სლოვენია-ჰოლანდია გახლდათ, რომელიც ამ წუთებში მიმდინარეობს, საქართველოს და საბერძნეთის დაპირისპირება თბილისის დროით 20:00 საათზეა დაგეგმილი, ხოლო 23:00 საათზე მასპინძელი ხორვატია და მაკედონია ითამაშებენ.

დათო მანჯავიძე სეციალურად worldsport.ge-სთვის ზაგრებიდან

0.14437