გერმანიის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი ტონი კროოსი მიიჩნევს, რომ გუნდი სწორ გზაზე დგას, ხოლო მესუთ იოზილის აზრით, ორ მატჩში ექვსი ქულა საუცხოო შედეგია. ორივე მათგანმა თავისი შეხედულება “ტვიტერით” გაავრცელა.
“საუცხოო გუნდური თამაში ვაჩვენეთ. გერმანიის ნაკრები სწორ გზაზეა. სტადიონზე ფანტასტიკური ატმოსფერო იყო” – იუწყება კროოსი.
“ორი მატჩი და ექვსი ქულა. რა წარმატებული შესვენება მაქვს ნაკრების თამაშებზე” – დაწერა იოზილმა.
გერმანელებმა ევრო-2016-ის შესარჩევ ციკლში, 4 სექტემბერს შინ პოლონეთს აჯობეს (3:1), ხოლო 7 სექტემბერს სტუმრად შოტლანდია დაამარცხეს (3:2) და D ჯგუფში პირველ ადგილზე დამკვიდრდნენ.