ამერიკის შეერთებულ შტატებში ჭიდაობაში მსოფლიოს ჩემპიონატი დაიწყო. 12 აგვისტოს ჩათვლით, ბერძნულ-რომაულ, ქალთა და თავისუფალ ჭიდაობაში მსოფლიო ახლებურად დაინომრება. პირველად ლას ვეგასის ხალიჩები ბერძენ-რომაელებს დაეთმოთ. თბილისის დროით გამთენიას ჩემპიონ-პრიზიორები რვა წონითი კატეგორიიდან სამში: 66, 75 და 98 კილოგრამებში გამოვლინდნენ. საქმეში საქართველოს ნაკრების სამი წევრიც ჩაერთო, მაგრამ პოდიუმებიც მათ გარეშე შეივსო და ვერც რიო დე ჟანეიროს 2016 წლის ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ნორმატივის შესრულება შეძლეს. ამისთვის პირველ ექვსეულში მოხვედრა იყო საჭირო.
66 კილოგრამში მსოფლიო კონკურენციაში შმაგი ბოლქვაძე ჩაება და მშვენივრადაც დაიწყო - პირველ წრეში კოლუმბიელი ჟაირ ალექსის კუერო მუნოზი ადვილად დაამარცხა (8:0). შემდეგ კი თურქი აბდულსამეტ გუნალი (6:3) და სლოვაკი იშტვან ლევაი (6:0) ჩამოიცილა. ძირითად ბადეში გამოსვლა მეოთხედფინალში დაასრულა, სომეხ მიგრან არუთუნიანთან წაგებით (1:10). ამ უკანასკნელმა ფინალში გასვლა ვერ შეძლო და ბოლქვაძეს რეპეშაჟის გზაც ჩაეკეტა.
75 კილოგრამში საქართველოს სახელით ევროპის 2013 წლის ჩემპიონატის ფინალისტმა ზურაბ დათუნაშვილმა იჭიდავა და დაუძლეველი ზღუდე მისთვისაც მეოთხედფინალი აღმოჩნდა, სადაც ირანელ საეიდ მორად აბდვალისთან 0:2 წააგო. ამ შეხვედრამდე დათუნაშვილმა ლატვიელი ალექსანდრს ვისლაკოვსი (3:0) და ჩინელი ბინ იანგი (3:0) ჩამოიშორა.
ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლის გაგრძელების შანსი კი საქართველოს ნაკრების წევრმა აბდვალის ნახევარფინალში წაგების შემდეგ დაკარგა.
გუშინვე საქმეში მიხეილ ქაჯაიაც (98 კგ) ჩაერთო და მსოფლიოს ჩემპიონატი ავსტრიელი დანიელ გასტლის ძლევით (5:4) გახსნა. მერვედფინალში კი უკრაინელ დიმიტრი ტიმჩენკოსთან შეხვედრა ფრედ 1:1 დაასრულა და ეს ანგარიში ხელს ტიმჩენკოს აძლევდა. ქაჯაიას ისღა დარჩენოდა, მძლეველის ფინალში გასვლას დალოდებოდა, თავად ბრინჯაოს გზაზე რომ გადართულიყო, მაგრამ უკრაინელი მეოთხედფინალს ვერ გასცდა.
დღეს საღამოს ხალიჩაზე 59, 71, 80 და 130 კილოგრამი წონითი კატეგორიების მოჭიდავეები გავლენ. საქართველოს სახელით იჭიდავებენ: მურად მიქელაძე (59 კგ), გოგა აფრიამაშვილი (71 კგ), ლაშა გობაძე (80 კგ) და იაკობ ქაჯაია (130 კგ).