7 სექტემბერს, ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის სხდომაზე, სამმა რეგიონალურმა ფეხბურთის ფედერაციამ და ეზოს ფეხბურთის ასოციაციამ, 3 ოქტომბერს გასამართი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებისთვის დელეგატები შეცვალა. ამის შესახებ “მსოფლიო სპორტს” ფეხბურთის ფედერაციის გენერალური სამდივნოს ხელმძღვანელმა რეზო შენგელიამ განუცხადა.
კახეთის რეგიონალურ ფეხბურთის ფედერაციიდან არჩევნებზე დელეგატი გოჩა ჭვრიტიძის ნაცვლად თენგიზ სულაქველიძე იქნება.
სამცხეთ-ჯავახეთის რეგიონალურ ფეხბურთის ფედერაციას დელეგატად სარაშვილი უნდა წარედგინა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ის ჯარში გაიწვიეს და ხვიჩა ქასრაშვილმა შეცვალა.
სამხრეთ ოსეთის რეგიონალური ფეხბურთის ფედერაციის დელეგატი არჩევნებზე ფოცხვერია უნდა ყოფილიყო, რომელიც გიორგი აღდგომელაშვილმა ჩაანაცვლა.
ეზოს ფეხბურთის ასოციაციიდან დელეგატი შოთა ბაქრაძის ნაცვლად ირაკლი ნაკაიძეა წარდგენილი.
რუსთავის "მეტალურგმა" ყრილობაზე დელეგატად კახა მეთეშაშვილი წარადგინა, ხოლო რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონალურმა ფეხბურთის ფედერაციამ - გია გილიგაშვილი.
გურიის რეგიონალური ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის წევრების მცდელობამ შედეგი ვერ გამოიღო. მათ სურდათ, რომ ადგილობრივი ფედერაციის პრეზიდენტის კახა ებრალიძის გადაწყვეტილება გაუქმებულიყო, რომელმაც დელეგატად გოჩა ტყებუჩავა წარადგინა და ყრილობაზე დელეგატი “გურიას” აღმასრულებელი დირექტორი იური ჩხაიძე ყოფილიყო. თუმცა, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომმა დელეგატად ტყებუჩავა დატოვა.
შეგახსენებთ, რომ აღმასკომის დაწყებამდე ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა დომენტი სიჭინავამ თანამდებობა დატოვა.