საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ მან 7 სექტემბერს გამართულ ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის სხდომაზე განაცხადა. ეს ინფორმაცია ტელეკომპანია “რუსთავი 2”-მა გაავრცელა.
სიჭინავას თქმით, ვინაიდან ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის ერთ-ერთმა კანდიდატმა განაცხადა, რომ არჩევნებში ყველა უნდა ჩაერიოს, არა მარტო იმერეთის გუბერნატორი, არამედ ყველა, აქედან გამომდინარე, არ ჰგონია, რომ აქ უკვე ვინმეს ჭირდებოდეს.
სიჭინავას განცხადებით, ფეხბურთის ფედერაციის წესდების მიხედვით, 8 სექტემბრიდან პრეზიდენტის მოვალეობას ვიცე-პრეზიდენტი ალექსანდრე ჩივაძე შეასრულებს.
სიჭინავამ აღნიშნა, რომ მასზე ზეწოლა არ ყოფილა და მისთვის არც არავის დაურეკავს.
ასეთ შემთხვევაში მისი გადაწყვეტილება ცოტა გაუგებარია, რადგან იგივე ლევან კობიაშვილმა კვირას ჟურნალისტებთან გამართულ დახურულ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ არჩევნებში სახელმწიფოს ჩარევის წინააღმდეგია. მან ისიც აღნიშნა, რომ გაუგებარია ამა თუ იმ გუბერნიაში ფედერაციის არჩევნებთან დაკავშირებით მომხდარ ამბავს მის სახელს რატომ უკავშირებენ.
რამდენიმე დღის წინ აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით პრესკონფერენციაზე ისაუბრა პრეზიდენტობის კიდევ ერთმა კანდიდატმა მამუკა კვარაცხელიამ: "ძალიან კარგია, რომ ჩემი გამოსვლების შემდეგ საფეხბურთო კლუბები ხმის უფლებას ითხოვენ და მივესალმები იმერეთის გუბერნატორის გოგი ჭიჭინაძის ინიციატივას- გაეგზავნოს ყველა კლუბს მიმირთვა, რომ სასწრაფოდ გაწევრიანდნენ ფედერაციაში. სხვა გუბერნატორებო- მიბაძეთ გოგი ჭიჭინაძეს, ოღონდაც სწორად შეადგინონ მიმართვა ფედერაციაში!!!!".
ზვიად სიჭინავას არ დაუკონკრეტებია რომელი კანდიდატის განცხადება იგულისხმა.