ფეხბურთი

14:25 | 7.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომი სამმა წევრმა დატოვა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომმი 3 ოქტომბერს გასამართ არჩევნებამდე სამმა წევრმა დატოვა. ეს ინფორმაცია “მსოფლიო სპორტს” ფეხბურთის ფედერაციის გენერალური სამდივნოს ხელმძღვანელმა რეზო შენგელიამ დაუდასტურა.

მისი თქმით, აღმასკომის წევრობაზე თავიანთი განცხადების საფუძველზე უარი თქვეს გრიგოლ ცაავამ (თბილისის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი), ლაშა მინდელმა (შიდა ქართლის რეგიონალური ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი) და სულხან გოგიბერიძემ (აჭარის რეგიონალური ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი).

შენგელიას განცხადებით, მათ წასვლის მიზეზი არ განუმარტავთ. აქვე გეტყვით, რომ 3 ოქტომბერს გასამართ ყრილობაზე, რომელსაც ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს აირჩევენ, აღმასკომს არ დააკომპლექტებენ. არადა, ჩვეულებისამებრ აღმასკომის ახალი წევრების არჩევა საპრეზიდენტო არჩევნების მერე ხდება.

რაც შეეხება საპრეზიდენტო კანდიდატებს, დღეს 18:00 საათზე იწურება განაცხადების წარდგენის ვადა და ამ დროისთვის ფეხბურთის ფედერაციის გენერალურ სამდივნოში სამი კანდიდატურაა დარეგისტრირებული: ლევან კობიაშვილი, რევაზ არველაძე და მამუკა კვარაცხელია.

0.128239