კალათბურთი

2:40 | 7.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

იგორ კოკოშკოვი: “არ ვფიქრობ, რომ ცუდად ვითამაშეთ”

საქართველოს და სლოვენიის საკალათბურთო ნაკრებები ერთმანეთს მესამედ გადაეყარნენ და ამ შემთხვევაშიც, გამარჯვება ჩვენს მეტოქეს დარჩა. განსხვავება ის იყო, რომ გასული თამაშებისგან განსხვავებით, სლოვენიამ ერთ ეპიზოდში 22 ქულითაც დაწინაურდა და საქმის მოთავება ბოლო წამებამდე აღარ მიუყვანია. თამაშის შემდეგ, მეტოქეთა მწვრთნელებმა და მოთამაშეებმა შემდეგი კომენტარები გააკეთეს.

იგორ კოკოშკოვი: “ნამდვილად არ ვფიქრობ, რომ ცუდად ვითამაშეთ. პირველი მატჩთან შედარებით, ნაკრები უფრო მობილიზებულად გამოიყურებოდა და ფიზიკურად მძიმე მატჩში ჩამორჩენის შემცირებაც მოახერხა. უბრალოდ, დღეს მეტოქემ კიდევ უფრო უკეთ იასპარეზა. სლოვენიელებმა პირველ ტაიმში სამქულიანები ძალიან მაღალი პროცენტით ესროლეს და სასურველი მარაგი შეიქმნეს. ბიჭების მაინც მადლობელი ვარ. ისინი საქართველოს ნაკრების მაისურს ღირსეულად ატარებენ. შორს ვარ იმ აზრისგან, რომ არსებულ სიტუაციას უნდა შევეგუოთ. ჩვენ ყველა მატჩზე მოსაგებად გავდივართ და მაკედონიასთან თამაშამდე, რომელიც შესაძლოა, გადამწყვეტი გამოდგეს, საბერძნეთსაც ბრძოლას გავუმართავთ”.

ვიქტორ სანიკიძე: “ძნელია იმ მატჩის მოგება, როდესაც მუდმივად მდევრის როლში ხარ. ძლიერ მეტოქეს ვეთამაშებოდით და წარმატებისთვის ყველაფერი გავაკეთეთ, თუმცა, ჩამორჩენა ვეღარ აღმოვფხვერით. სლოვენიელებმა სამქულიანები ძალიან კარგად ესროლეს და ეს, ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორი აღმოჩნდა. კარგია, რომ ახლა დასვენება გვიწევს და მომავალი მატჩების წინ ძალების აღდგენას მოვახერხებთ. უკან დასახევი გზა ნამდვილად მოჭრილია”.

იურე ზდოვცი: “ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო. სლოვენია და საქართველო პირველ ტურში დამარცხდნენ და ქომაგთა თვალში რეაბილიტაცია სურდათ. საბედნიეროდ, ეს, ჩვენ მოვახერხეთ, თუმცა, იოლად არაფერი მოსულა. ერთ ეპიზოდში 22 ქულითაც დავწინაურდით, თუმცა, შემდეგ საქმე მოთავებულად ჩავთვალეთ და ფაქტობრივად, დავდექით. მეტოქემ ამით კარგად ისარგებლა და სხვაობა შეამცირა. ასეთი რამ აღარ უნდა განმეორდეს. მართალია, 1 მარცხი უკვე გვაქვს, თუმცა, ვეცდებით, ჯგუფში პირველი ადგილის დასაკავებლად ვიბრძოლოთ”.

კლემენ პრეპელიჩი: “ვეთანხმები იმ აზრს, რომ თამაშის ბედი პერიმეტრზე ჩვენმა კარგმა თამაშმა განაპირობა. შორეული სროლები სწორედ მაშინ ჩავაგდეთ, როდესაც მეტოქე ჯერ კიდევ დიდ წინააღმდეგობას გვიწევდა. პირველ ტურში წაგების შემდეგ, წაფორხილების უფლება უბრალოდ არ გვქონდა. მადლობა ქომაგებს, რომლებიც მთელი მატჩის განმავლობაში მხარს აქტიურად გვიჭერდნენ”.

დათო მანჯავიძე სპეციალურად worldsport.ge-სთვის ზაგრებიდან

0.120657