“დაივიწყეთ ხორვატია, წინ საქართველოა”, - ასეთი განწყობით ხვდებიან დღევანდელ პრინციპულ დაპირისპირებას სლოვენიის ნაკრების კალათბურთელები, რომელთაც საწყის ტურში განცდილი მარცხის შემდეგ, წაფორხილების უფლება აღარ აქვთ. იგივე აზრზე არიან სლოვენიელი ქომაგებიც, რომელთაც “ზაგრებ-არენაში” გამართული მატჩისას ნამდვილი ფურორი მოახდინეს.
მათზე აუცილებლად გამორჩეულად უნდა ითქვას. ხორვატიის დედაქალაქში ევრობასკეტისთვის დაახლოებით 3 500 სლოვენიელი ფანია ჩამოსული და მათი უმეტესობა მატჩებზე სიარულს ყოველდღიურად შინიდან აპირებს. მოგეხსენებათ, მეზობელი ქვეყნიდან მატჩებზე დასწრება დიდ სირთულეს არ წარმოადგენს, ამდენად, სლოვენიელთა ორგანიზებულობა გასაკვირი არ გახლავთ.
აი, ის ამბავი კი, რომ სლოვენიელებმა ხორვატებით გადაჭედილ დარბაზს (ტევადობა 15 200) ხმაურში აჯობეს, ცოტა მოულოდნელი იყო. მწვანე ფორმებში გამოწყობილი ქომაგები მთელი მატჩის განმავლობაში არ გაჩერებულან და თამაშის შემდეგ, კალათბურთელებისგან შესაბამისი პატივისცემაც მიიღეს. მოკლედ, ამით იმის თქმა გვინდა, რომ დღეს ტრიბუნებზე უმცირესობაში მყოფ ქართველ გულშემატკივრებსაც ბოლომდე დახარჯვა მოუწევთ.
ცხადია, მთავარი ბრძოლა მოედანზე იქნება, სადაც პირველ ტურში დამარცხებული 2 ნაკრები ითამაშებს და ნათელია, ტურნირის 2 წაგებით დაწყებას არავინ ისურვებს. მომავალი მატჩის წინ სლოვენეიელები ზაგრებში ჩამოსულმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა მირო ცერარმაც გაამხნევა და აღნიშნა, ცუდი სტარტის მიუხედავად, მთელი სლოვენია თქვენს გვერდით დგასო.
კომენტარი გააკეთა სლოვენიელთა უპირველესმა ვარსკვლავმა ზორან დრაგიჩმაც: “ვერავინ იტყვის, რომ ხორვატიასთან მატჩში უშანსოდ ვიყავით. თამაშის ბედი მცირე დეტალებმა გადაწყვიტა, თორემ გუნდებს შორის კლასში დიდი სხვაობა არ ყოფილა. ამ მატჩის დეტალების განხილვა სამომავლოდ უნდა გადავდოთ, ახლა კი, საქართველოსთან შეხვედრაზე უნდა გადავერთოთ. მათთან თამაშის გამოცდილება გვაქვს და ვიცით, რომ იოლად არაფერს დათმობენ, თანაც, გუნდმა ჰოლანდიასთან დაუგეგმავი მარცხი განიცადა”.
გასაკვირი არ ყოფილა, რომ საქართველოსთან მატჩამდე, სლოვენიელები ყველაზე მეტად ზაზა ფაჩულიას უფრთხიან. იურე ზდოვცის გუნდში ცენტრის პოზიცია წამყვანი ნამდვილად არ გახლავთ, ამდენად, ჩვენი მეტოქის უმთავრესი საფიქრალი სამწამიანი ზონის გაკონტროლება იქნება. სლოვენიელები პარალელს კიდევ ერთ ჯანიან ცენტრ – უკრაინელ კირილ ფესენკოსთან ავლებენ, რომელმაც ევრობასკეტამდე ჩატარებულ საკონტროლო მატჩში ორმაგი დუბლი შეასრულა და ზდოვცის შეგირდებს სხვაც ბევრი პრობლემა შეუქმნა.
“პირველმა ტურმა გამოაჩინა, რომ ჩვენს ჯგუფში სუსტი გუნდები არ არიან. ყველა თამაშში ბრძოლა იქნება და ამასვე ველით საქართველოსთან შეხვედრაშიც. ჰოლანდიასთან მარცხით დასკვნებს ვერ გამოვიტანთ. ქართველების შემადგენლობა კარგად გვყავს შესწავლილი და ვიცით, რომ ჩვენთვის ბევრი პრობლემის შექმნა შეუძლიათ. განსაკუთრებით ყურადღებით ფარქვეშ უნდა ვიყოთ. მეტოქეს ამ კომპონენტში უპირატესობა არ უნდა დავუთმოთ”, - აღნიშნა სლოვენიელთა მცველმა კლემენ პრეპელიჩმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს და სლოვენიის ნაკრებთა დაპირისპირება დღეს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.
დათო მანჯავიძე სპეციალურად worldsport.ge-სთვის ზაგრებიდან