გამარჯვება ყოველთვის სასიხარულოა, ვისთანაც არ უნდა იყოს და როცა არ უნდაიყოს. მით უმეტეს, თუკი გამარჯვებას ისე ხარ დანატრებული, რომ აღარ უყურებ შეცდომებსა და ადვილად შესამჩნევ პრობლემებსაც კი. ფეხბურთი ალბათ იმიტომაც არსებობს, რომ გამარჯვების სიხარული გაიზიარო და სადაც ეს სიხარული ნაკლებია, იქ საერთოდ აზრს კარგავს მსოფლიოში უპირველესი სპორტის სათამაშო სახეობის ცქერა და გულშემატკივრობა.
შოტლანდიის ეროვნულ ნაკრებს ევროპის გრანდობამდე დაახლოებით იმდენი აკლია, რამდენიც ჩვენ ნატოს სტანდარტებამდე, მაგრამ ყველა კარს აქვს თავისი გაღების “მუღამი” და ყველაზე ნაკლებად გამორჩეული ევროპული გუნდიც კი ბოლო წლებში საქართველოს ნაკრებისათვის რთულად დასამარცხებელი გახდა. რაღა შორს წავიდეთ, მივიხედოთ უკან და იმდენ შემზარავ მარცხს დავინახავთ, წამსვე გაგვიფუჭდება გუნება და ხასაითი. მაგრამ, რაღაც კარგი საიდანმე უნდა დაიწყოს და სწორედ ამის გამო გაგვიჩნდა იმედი, რომ იქნება ის მაინც შევძლოთ, რომ მაჩანჩალა გუნდის სტატუსი საბოლოოდ ჩამოვიცილოთ თავიდან. პირადად მე, ამ სტატუსის ჩამოცილებითაც კი ძალიან კმაყოფილი ვიქნებოდი.
ერთადერთი რაც კახა ცხადაძეს შეუძლია დაიმედია ამას გააკეთებს კიდეც, არის ის, რომ ამ შემადგენლობით, რაც საქართველოს ნაკრებს ყავს, მაქსიმუმი ამოიღოს და ეს მაქსიმუმი სულ მცირე, დამარცხებული გუნდის ფსიქოლოგიის ჩამოშირება იქნებოდა. ბოლო წუთებზე განცდილი მარცხები სწორედ იმაზე მეტყველებს, რომ ქართველებს ფეხბურთში (და სამწუხროდ არამხოლოდ ფეხბურთში) არ გვჯერა საკუთარი თავისა და შესაძლებლობების და თვითშეფასება როგორც იტყვიან ძალიან დაბალი გვაქვს. თუკი ადამიანს საკუთარი თავის არ სჯერა, ძნელია მას სხვების დარწმუნება და აყოლიება მოსთხოვო. მით უმეტეს მაშინ, როდესაც პატარა ”ფეხის გადაბრუნებასაც” კი არავინ გაპატიებს და გიბრალტარის უსუსტესი ნაკრებიც კი მზადაა, რომ შენი სიბეჩავით ისარგებლოს და თავისი ისტორიის ფერადი ფურცლები შენს ცრემლებზე დაწეროს.
საქართველოს ნაკრები შემდეგ თამაშს ირლანდიაში ატარებს და დუბლინში განწყობა წესით მშვენიერი უნდა გვქონდეს. ამას ემატება ისიც, რომ ქართველ ფეხბურთელებს სანერვიულო და სტატისტუკაზე საფიქრალი იმ მარტივი მიზეზით არ ექნებათ, რომ საქართველოს ნაკრები ამ შესარჩევი ჯგუფიდან უბრალოდ ვერ გავა. ამ კუთხით ფსიქოლოგიური ბარიერებიც მოხსნილია და იმედი უნდა გვქონდეს, რომ ბრიტანეთის ერთ გუნდთან მიღწეული გამარჯვება, მეორე გუნდთან იმაში მაინც დაგვეხმარება, რომ მოედანზე თავდაჯერებულები გავიდეთ და მერე კი მოხდეს რაც მოსახდენია!
თუკი შოტლანდიასთან ჩვენდა სასიხარულოდ, კარგი სტატისტიკური მაჩვენებელი გვაქვს და რვაწლიანი შუალედით, ან გუნდს მეორედ ვძლიეთ, ირლანდიასთან ყველაფერი პირიქითაა და “სამყურები” საქართველოს ნაკრებს ყოველთვის ამარცხებდნენ ხოლმე. Hოდა, თუკი ყველაფერი ცუდის დასრულების იმედი გვაქვს, იქნებ “ირლანდიური ჯადოც” დავძლიოთ და წარსული ცუდი ამბები ერთხელ და სამუდამოდ მივცეთ დავიწყებას. ფეხბურთი იმის ფეხბურთია, რომ როცა იქნება ჩვენ კი არა, ბრაზილია, არგენტინა და გერმანიაც მარცხდება, მაგრამ ჩვენი ”დამარცხებების ლიმიტი” ხომ უნდა ამოიწუროს? ჩვენც ხომ უნდა გავიხაროთ ერთხელ მაინც?!