ჰოლანდიის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი ისე გახსნა, უკეთესს ვერც ინატრებდა. “ნარინჯისფრებმა” საქართველოს ეროვნული გუნდი 73:72 დაამარცხეს და თუკი ევრობასკეტის სტარტამდე, მათი ჯგუფიდან გასვლის შანსი მიზერული იყო, ახლა, გამორიცხული აღარაფერია. ჰოლანდიელთა მთავარმა მწვრთნელმა ტოონ ვან ჰელფტერენმა წარმატების გასაღებად დაცვაში საიმედო თამაში მიიჩნია. საინტერესო იყო შარლონ კლოოფის და უორსი დე იონგის კომენტარებიც, რომელთაც შესაბამისად, 22 და 16 ქულა ჩააგდეს.
ტოონ ვან ჰელფტერენი: „ბიჭების მადლობელი ვარ. მათ მაქსიმუმი გააკეთეს და მართალია, ფავორიტებად არ მიგვიჩნევდნენ, გამარჯვება ჩვენ დაგვრჩა. ჰოლანდიის ნაკრების კოზირი დაცვაში კარგად თამაშია. თუკი მეტოქეს ბევრი ქულა არ ჩავაგდებინეთ, შანსები გვეზრდება, თორემ ის გუნდი არ მყავს, რომელიც 85 ან 90 ქულას მოაგროვებს. შესაძლოა, კარგი მსროლელებით ვერ დავიკვეხნით, თუმცა, უკანა ხაზის თამაშით კმაყოფილი ვარ. კლოოფი და უორსი დე იონგი მატჩის რიტმს კარგად აკონტროლებდნენ და საჭირო ქულებიც ჩააგდეს“.
შარლონ კლოოფი: “ძალიან ბედნიერი ვარ. პირველი მატჩი იყო და გამარჯვებას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა. დასკვნით მეოთხედს კარგი უპირატესობით შევხვდით და წესით, ის არ უნდა გაგვენიავებინა. კარგია, რომ ჩამორჩენის შემდეგ, ბოლო წამებზე მაინც დამაჯერებლად ვითამაშეთ. კიდევ ერთხელ ვანახეთ, რომ გუნდურად თამაში კარგად გვეხერხება. ფარიდან მართლაც საოცარი სამქულიანი ჩავარდა. იმ ეპიზოდში უბრალოდ სხვა გზა აღარ მქონდა და ბურთი გადავაგდე. ჩემდა იღბლად, 3 ქულა ავიღე, თუმცა, არ ვთვლი, რომ თამაშის ბედი ამ ტყორცნამ გადაწყვიტა”.
უორსი დე იონგი: „ჰოლანდიამ დაამტკიცა, რომ გუნდური თამაშის წყალობით, საკმაოდ ძლიერი მეტოქეების დამარცხება შეუძლია. ვეთანხმები აზრს, რომ ბოლოსკენ იღბალი ჩვენს მხარეს იყო, თუმცა, ეს, ევროპის ჩემპიონატია და ყველა ასპექტი გასათვალისწინებელია. ვფიქრობ, რომ მოგება ჩვენ უფრო გვეკუთვნოდა, რადგანაც მატჩის უმეტესი ნაწილი წინ ვიყავით“.
დათო მანჯავიძე სპეციალურად worldsport.ge-სთვის ზაგრებიდან