კალათბურთი

23:01 | 5.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

იგორ კოკოშკოვი: „ნაკრებმა სასურველ დონეზე მხოლოდ 10 წუთი ითამაშა“

ევრობასკეტ-2015-ის საწყის მატჩში განცდილი მარცხის შემდეგ, ცხადია, ქართული დელეგაცია კარგ ხასიათზე ვერ იქნებოდა. საქართველოს ნაკრებმა ჰოლანდიელებს დასკვნითი მეოთხედში 12-ქულიანი ჩამორჩენა აღმოუფხვრა და წინ 5 ქულით გავიდა, თუმცა, მარცხს მაინც ვერ გადაურჩა. მატჩის შემდეგ, ყველა თანხმდებოდა, რომ წაგების მიზეზი სუსტად ჩატარებული პირველი ტაიმი გახლდათ.

იგორ კოკოშკოვი: „პირველ რიგში, მეტოქეს გამარჯვებას ვულოცავ. იოლ მოგებას ნამდვილად არ ვგეგმავდით და თამაშითვის სერიოზულად განვეწყვეთ, თუმცა, სტარტი მაინც ცუდი გამოდგა. ისე გამოვიდა, რომ სასურველ დონეზე მხოლოდ ბოლო 10 წუთი ვითამაშეთ, ეს კი, წარმატებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. ჰოლანდიელებმა საკმაოდ ათლეტური კალათბურთი შემოგვთავაზეს და გადამწყვეტ მომენტში ცოტა გაუმართლათ კიდეც. ძალიან საწყენი წაგება იყო, თუმცა, ეს მხოლოდ პირველი თამაში იყო და კიდევ ბევრი ბრძოლა გველის“.

თორნიკე შენგელია: „მატჩის წინ ვთქვით, რომ სხვაობა ან ჩვენი, ანე მეტოქის სასარგებლოდ დიდი რომ ყოფილიყო, გადაწყვეტილად არაფერი ჩაგვეთვალა. ამის წყალობითაც, სხვაობა აღმოფხვერით და მოგებასთან ახლოს ვიყავით. ცუდი იყო, რომ პირველ ტაიმში სასურველ დონეზე ვერ გამოვიყურებოდით. ამან მატჩს თავისი დაღი დაასვა. ყველაფრის მიუხედავად, თავის დახრის დრო არაა. მომდევნო მატჩებშიც უნდა ვიბრძოლოთ“.

ჯეიკობ პულენი: “მეტოქემ ძლიერად ითამაშა. ეტყობოდათ, რომ კარგად იყვნენ მომზადებულნი და ალბათ, მაქსიმუმი გააკეთეს. დასკვნით მეოთხედში ჩამორჩენის აღმოსაფხვრელად მაქსიმუმი გავაკეთეთ, თუმცა, მცირედი დაგვაკლდა. მანუს რომ ჩაეგდო, ყველაფერი სხვაგვარად დასრულდებოდა... ძალიან საწყენია. მარცხის მიზეზი ის იყო, მატჩი ძალიან მძიმედ დავიწყეთ. ჰოლანდიისთვის დიდი უპირატესობით წინ გასვლის საშუალება არ უნდა მიგვეცა. ბოლოსკენ, იღბალიც მათ მხარეს იყო”.

დათო მანჯავიძე სპეციალურად worldsport.ge-თვსის ზაგრებიდან

0.063162