კალათბურთი

10:24 | 5.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

მიხეილ  გაბრიჩიძე: „პროგრამა-მინიმუმი ჯგუფიდან გასვლა, მაქსიმუმი კი ოლიმპიადის  საგზურის მოპოვებაა“

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ახალი ხელმძღვანელობა იდეალურისაგან შორსაა, მაგრამ ყველა მის წინმორბედზე რომ ბევრად უკეთესია, ეს უკვე დაამტკიცა. მარტო ის რად ღირს, რომ ჩამოყალიბდა პირველი ლიგა, რის შედეგადაც ახლა სუპერლიგის საგზურის მოპოვება ცივილური წესით ხდება და არა ისე, როგორც ფედერაციის ახალი ხელმძღვანელობის მოსვლამდე იყო. მანამდე ნებისმიერი მსურველი მინიმუმ 10 კალათბურთელის შეკრებას თუ მოახერხებდა და თითოეული გუნდისათვის ფედერაციაში დაწესებულ თანხას გადაიხდიდა, სუპერლიგაში თამაში გარანტირებული ჰქონდა.

ახალი წესებიდან გამომდინარე, სუპერლიგის ბოლო ადგილზე გასული გუნდის ადგილს პირველი ლიგის გამარჯვებული გუნდი დაიკავებს, ხოლო სუპერლიგის ბოლოსწინა და პირველი ლიგის მეორე ადგილზე გასული გუნდები სუპერლიგის მე-8 ადგილისათვის იბრძოლებენ. ფედერაციის ახალი ხელმძღვანელობის მიერ უამრავი კარგი საქმე გაკეთდა, მაგრამ ამჯერად ძირითად ყურადღებას ეროვნულ ნაკრებზე შევაჩერებთ, რომელიც დღეიდან, 5 სექტემბრიდან ევრო-2015-ის ფინალურ ეტაპზე იასპარეზებს.

„მსოფლიო სპორტი“ საქართველოს ფედერაციის პრეზიდენტს, ვეტერან კალათბურთელ მიხეილ გაბრიჩიძეს ესაუბრა.

- ევრო-2015-ის ფინალური ეტაპისათვის მზადების მიზნით საქართველოს ნაკრებმა 10 საკონტროლო შეხვედრა ჩაატარა, რომელთაგან 5 მოიგო და ამდენივე წააგო. ამ თამაშებიდან გამომდინარე ჩვენმა გუნდმა თქვენზე რა შთაბეჭდილება დატოვა?

- იყო შეხვედრები, სადაც ნაკრები კარგად გამოიყურებოდა, მაგალითად იტალიასთან ორივე მატჩში.

- „ჯვაროსნებმა“ „სკუადრა აძურასთან“ ორივე შეხვედრა წააგეს. აქედან თბილისში შევრცხვით, როდესაც 20 ქულის სხვაობით წავაგეთ...

- ამ შეხვედრაში იტალიას ყველაფერი გამოსდიოდა და გამარჯვებაც დამსახურებულად მოიპოვა. რაც შეეხება ჩვენს გუნდს, მართალია დავმარცხდით, მაგრამ მაინც კმაყოფილი დავრჩი, რადგან გუნდმა დალაგებული, კომბინაციებზე აგებული თამაში აჩვენა.

- საფრანგეთთან და რუსეთთან ჩატარებულ მატჩებზეც იგივე აზრის ხართ?

- ორივე გუნდთან მცირე ჩავარდნა გვქონდა. როგორც საფრანგეთი, ისე რუსეთი, ძალისმიერ კალათბურთს თამაშობს. ჩვენი გუნდი კი ტექნიკურს ანიჭებს უპირატესობას. აღნიშნულ გუნდებს თამაშში რომ ავყოლოდით, შეიძლება რომელიმე მოთამაშეს ტრავმაც კი მიეღო. აბა, ეს ვის რაში ჭირდება?.. მითუმეტეს, რომ ამხანაგური შეხვედრა იყო და მასში ნაჩვენები შედეგი უბრალოდ სტატისტიკაა. მოსალოდნელი ტრავმის გამო რისკზე წასვლა და მოგებაზე თამაში ნამდვილად არ ღირდა.

- ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის იგორ კოკოშკოვის შესახებ სხვა და სხვა მოსაზრება არსებობს. ზოგი კმაყოფილია მისი მუშაობით, ზოგიც კოკოშკოვზე უფრო მაღალი დონის მწვრთნელს მოითხოვს მთავარი მწვრთნელის პოსტზე. თქვენ რა აზრის ბრძანდებით?

- ეროვნული ნაკრების ისეთი მთავარი მწვრთნელი, როგორიც მე, თქვენ და კალათბურთის ყველა ქართველ გულშემატკივარს სურს, ერთ მილიონ ამერიკულ დოლარზე ნაკლები არ ღირს, ამ თანხის გადახდა კი ჩვენ არ შეგვიძლია. იმ თანხით, რომლის მოძიებაც შეგვიძლია, კოკოშკოვზე ძლიერი მწვრთნელის მოძებნა ძალიან ძნელია. კოკოშკოვისათვის კონტრაქტი ერთი ხელის მოსმით არ გაგვიგრძელებია. გავესაუბრეთ იმ კალათბურთელებს, რომლებიც გუნდის ძირითად ბირთვს წარმოადგენენ და მათი აზრიც გავითვალისწინეთ - უმეტესობამ მხარი კოკოშკოვს დაუჭირა.

- რამდენია კოკოშკოვის ხელფასი?

- ეს კომერციული საიდუმლოებაა და მისი დასახელებისაგან თავს შევიკავებ.

- რა შემთხვევაში გაუგრძელდება კონტრაქტი ნაკრების ამჟამინდელ ხელმძღვანელობას?

- ამ ეტაპზე მაგ თემაზე საუბარი არ მიმაჩნია მართებულად, რადგან ჩემს მიერ გამოთქმულმა მოსაზრებამ შეიძლება ნაკრების შტაბის მუშაობაზე უარყოფითი გავლენა მოახდინოს. ამ კითხვაზე პასუხს ევრო-2015-ის ფინალური ეტაპის დასრულების შემდეგ მიიღებთ.

- როგორია ევრო-2015-ზე ჩვენი ნაკრების პროგრამა-მინიმუმი?

- პროგრამა-მინიმუმი ჯგუფიდან გასვლა, ხოლო მაქსიმუმი ოლიმპიური თამაშების ერთერთი საგზურის მოპოვებაა. რა თქმა უნდა, არც რომელიმე სინჯის მედლის მოპოვებაზე ვიტყოდით უარს, მაგრამ ამის მიღწევა ძალიან ძნელი იქნება.

- მერვედფინალის საგზურისათვის ბრძოლაში ვის თვლით „დ“ ჯგუფში (საქართველო, ხორვატია, საბერძნეთი, სლოვენია, მაკედონია, ჰოლანდია) მოასპარეზე გუნდებიდან საქართველოს უშულო კონკურენტად?

- ფინალურ ეტაპზე მოასპარეზე ყველა გუნდი სერიოზული მეტოქეა.

- საუბრის ბოლოს მინდა საკალათბურთო კლუბ „ვითას“ შესახებ გკითხოთ. ახლადაღორძინებული „ვითა’ს“ ხელმძღვანელობა იმ დონის გუნდის გაკეთებას აპირებს, რომელიც „ვთბ ლიგაში“ ითამაშებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, გამონაკლისს ხომ არ დაუშვებთ და „ვითა“ სუპერლიგაში თამაშის უფლებას პირველ ლიგაში გამოსვლის გარეშე ხომ არ მიიღებს?

- დიდ პატივს ვცემ „ვითას“ ხელმძღვანელობას, ჩემი მეგობრები არიან, მაგრამ გამონაკლისს ვერავითარ შემთხვევაში დავუშვებთ. კანონი ყველასათვის ერთია და მისი დარღვევა არ შეიძლება. თუ „ვითას“ ხელმძღვანელობა გადაწყვეტს სუპერლიგაში თამაშს, ისევე, როგორც ნებისმიერმა გუნდმა, მათაც ჯერ პირველ ლიგაში, შემდეგ კი სუპერლიგაში მოსახვედრად უნდა იბრძოლონ.

0.12457