ფეხბურთი

9:50 | 5.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

იტალიური ნოვაცია

2015-16 წლების სეზონის იტალიის სერია B-ს მატჩებში არბიტრები წითელ-ყვითელ ბარათებთან ერთად მწვანესაც უჩვენებენ. ამ ჟესტით ფეხბურთელებს fair play-ის პრინციპებისადმი ერთგულებას დაუფასებენ.

მაგალითად, მწვანე ბარათით აღნიშნავენ იმ ფეხბურთელის საქციელს, რომელიც მოწინააღმდეგის ტრავმის გამო ბურთს აუტში გადააგდებს. მწვანე ბარათის მიმღები მოთამაშე შეხვედრის ოქმში დაფიქსირდება, სეზონის მიწურულს კი fair play-ის მიმდევარი ფეხბურთელების სია ოფიციალურად გამოცხადდება და ამ მოთამაშებისათვის გარკვეული წახალისების ფორმაც დადგინდება. იტალიის ფეხბურთის ფედერაცია ამგვარ პრაქტიკას ბავშვთა ფეხბურთში უკვე რამდენიმე წელია მიმართავს და თუკი ნოვაციამ სერია B-ში გაამართლა, მას აპენინელთა სხვა პროფესიულ ლიგებშიც დანერგავენ.

შეგახსენებთ, გასული წლის ოქტომბერში უეფას პრეზიდენტმა მიშელ პლატინიმ ფეხბურთში თეთრი ბარათების დანერგვის იდეა წამოაყენა. ფრანგი ექსფეხბურთელისა და ამჟამინდელი ფუნქციონერის წინადადებით მოთამაშეთა აგრესიული ქმედება და არბიტრთა კრიტიკა თეთრი ბარათით უნდა აღიკვეთოს. ამგვარად დასჯილი ფეხბურთელი მწვანე მინდორს 5-10 წუთით, შეცვლის უფლების გარეშე, დატოვებს.

0.125278