ევროპის მოქმედ ჩემპიონს ესპანეთს დღეს კონტინენტის მომავალი პირველობის შესარჩევ მატჩში მეტად მნიშვნელოვანი პაექრობის ჩატარება უწევს. “ფურია როხა” ოვიედოში სლოვაკეთს დაუხვდება და ერთდროულად “ორი კურდღლის დაჭერას შეეცდება”. ჯერჯერობით დასავლეთსლავები ქვეჯგუფს ლიდერობენ და მოგების შემთხვევაში, პირენელები სატურნირო ცხრილში დაწინაურდებიან, ამასთან შარშან შემოდგომით ბრატისლავაში განცდილი მარცხის (1:2) რევანშსაც აიღებენ.
ამასობაში, AS ავრცელებს ცნობას, რომლის მიხედვითაც ვისენტე დელ ბოსკე ესპანეთის ეროვნული გუდის სათავეში 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დასრულებამდე დარჩება. “ულვაშას” და პირენელთა ფეხბურთის ფედერაციის ხელშეკრულებას ყავლი 2016 წელს გაუდის, მაგრამ მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების რეალურმა კანდიდატმა ანხელ მარია ვილიარმა განაცხადა, თუკი ფედერაციის თავკაცი გავხდი, დელ ბოსკეს “ფურია როხას” თავკაცად რუსეთში ჩასატარებელი მუნდიალის ბოლომდე დავტოვებო.
შეგახსენებთ, ვისენტე დელ ბოსკემ საკლუბო დონეზე მადრიდის “რეალს” ორ-ორჯერ ესპანეთის პრიმერა დივიზიონი და ჩემპიონთა ლიგა, აგრეთვე ევროპის სუპერთასი და საკონტინენტთაშორისო თასი მოაგებინა, “ფურია როხასთან” ერთად კი მსოფლიოსა (2010) და ევროპის (2012) პირველობებზე იმარჯვა.