ფრანკფურტში ევრო2016-ის შესარჩევი ციკლის პრინციპულ მატჩში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ნაკრებმა პოლონეთს 3:1 მოუგო, ჯგუფში პირველ პოზიციაზე გადაინაცვლა და ვარშავაში განცდილი მარცხის რევანშიც აიღო.
მატჩის დასრულების შემდეგ მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთა მთავარმა მწვრთნელმა იოაჰიმ ლიოვმა განაცხადა, რომ მის გუნდს ერთადერთი მიზანი ჰქონდა, მოგება და ფეხბურთელებმა ეს ამოცანა წარმატებით გადაჭრეს: “თამაშითა და შედეგით კმაყოფილი ვარ. ჩვენი ფეხბურთელები მაქსიმალურად კონცენტრირებულები იყვნენ, მხოლოდ რამდენიმე შეცდომა დაუშვეს, რასაც ჩვენ კართან დაძაბულობა მოჰყვა”.
ნამატჩევს კომენტარი გერმანელმა ფეხბურთელებმაც გააკეთეს.
მესუთ იოზილი: “მოგება და სატურნირო ცხრილში დაწინაურება – ეს იყო ჩვენი სურვილი და კარგი თამაშით საწადელს მივაღწიეთ”.
თომას მიულერი: “მოგებით მეტად გახარებული ვარ. დაცვაში რამდენიმე შეცდომა კი დავუშვით, მაგრამ მთლიანობაში კარგად ვითამაშეთ. ჯგუფის ყველაზე საშიშ ოპონენტს ვძლიეთ, სატურნირო ცხრილს სათავეში მოვექეცით და ყოველმხრივ შევეცდებით, ლიდერობა საკვალიფიკაციო ციკლის ბოლომდე არ დავთმოთ”.
გერმანიის ნაკრები მორიგ შესარჩევ მატჩს 7 სექტემბერს გლაზგოში, შოტლანდიასთან გამართავს, პოლონეთი კი შინ ჯგუფის აუტსაიდერ გიბრალტარს დაუხვდება.
1. | გერმანია | 7 | 5 | 1 | 1 | 17:4 | 16 | ||
2. | პოლონეთი | 7 | 4 | 2 | 1 | 20:4 | 14 | ||
3. | ირლანდია | 7 | 3 | 3 | 1 | 16:5 | 12 | ||
4. | შოტლანდია | 7 | 3 | 2 | 2 | 12:7 | 11 | ||
5. | საქართველო | 7 | 2 | 0 | 5 | 5:13 | 6 | ||
6. | გიბრალტარი | 7 | 0 | 0 | 7 | 1:38 | 0 |