კალათბურთი

22:26 | 4.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბოლო ვარჯიშები ჰოლანდიის წინ

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის სტარტამდე 1 დღით ადრე 2 ვარჯიში ჰქონდა. იგორ კოკოშკოვის შეგირდები ზაგრებ-არენაზე 09:30 საათზე გამოცხადდნენ და წვრთნამდე, ევრობასკეტის ოფიციალურ პირთა თხოვნით, ფოტო-სესიის ჩატარებაც მოასწრეს. სათამაშო ფორმაში გამოწყობილ ქართველ კალათბურთელებს ის ფოტოები გადაუღეს, რომლებიც ევროპირველობის მიმდინარეობისას ოფიციალურ ვებ-გვერდზე იქნება გამოყენებული.

სწორედ ამ დროს გამოჩნდა, რომ ნაკრებთან ერთად არ იყვნენ გიორგი შერმადინი და ნიკა მეტრეველი. თავიდანვე დაგამშვიდებთ, საშიში არაფერია. ბიჭებს ტრავმები არ აწუხებთ, უბრალოდ, ისინი დოპინგ-კონტროლის გასავლელად გამოიძახეს და დარბაზში გამოცხადებაც დაახლოებით 15 წუთი დააგვიანდათ.

თავად წვრთნა ტრადიციულად დატვირთული გამოდგა. მწვრთნელები სხვადასხვა კომპონენტებს ხვეწდნენ, განსაკუთრებული აქცენტი კი სროლის სიზუსტეზე გაკეთდა. კალათბურთელები მაქსიმალურად კონცენტრირებულნი იყვნენ საღამოს ვარჯიშზე, რომელიც 17:00 საათზე დაიწყო და პირველ წვრთნაზე ცოტა მეტხანს – საათნახევარს გასტანა.

ამ პერიოდში ყველაზე შესამჩნევი ფიგურა გუნდის მთავარი მწვრთნელი იგორ კოკოშკოვი გახლდათ. ის კალათბურთელებს კომბინაციური თამაშის დეტალებს განსაკუთრებული ყურადღებით უხსნიდა. იგრძნობოდა, რომ ტურნირის სტარტამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება და ამ დროს ყოველი წვრილმანის ბოლომდე გათავისებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

აღსანიშნავია, რომ საღამოს, საქართველოს ნაკრებმა სავარჯიშოდ არა – ზაგრებ-არენას, არამედ “ციბონას” დრაჟენ პეტროვიჩის სახელობის დარბაზს მიაშურა. ცხადია, ეს არენა უფრო მცირე მასშტაბისაა და 5 400 მაყურებელს იტევს, ზაგრების მთავარი სარბიელი კი 15 200 ადამიანზეა გათვლილი.

შეგახსენებთ, რომ პეტროვიჩი ნბა-ს მასშტაბითაც კი დიდი კალათბურთელი იყო, რომელიც 28 წლის ასაკში ტრაგიკულად გარდაიცვალა. დრაჟენი კარიერას ციბონაში იწყებდა, ამდენად, გასაკვირი არაა, რომ ზაგრებული კლუბის საშინაო არენას მისი სახელი ეწოდა, დარბაზში პეტროვიჩის სახელობის მუზეუმია მოწყობილი, წინ კი მისი ძეგლი აღუმართავთ.

ცნობისთვის, საქართველოს ნაკრების დღევანდელ მეტოქე ჰოლანდიას “დრაჟენ პეტროვიჩ ბასკეტბალ ჰოლი” დილას დაუთმეს, საღამოს კი “ნარინჯისფრები” თამაშის არენაზე შეუშვეს. მოკლედ, მომავალი შერკინების წინ მოწინააღმდეგეები, ამ მხრივ, აბსოლუტურად თანაბარ მდგომარეობაში იმყოფებიან.

საქართველოს ნაკრები ევრობასკეტზე პირველ მატჩამდე კიდევ ერთხელ შეიკრიბება, მაგრამ არა საკალათბურთო, არამედ სასტუმროს დარბაზში და ხვალინდელი მეტოქის თამაშის ვიდეო-განხილვას მოაწყობს. შეგახსენებთ, რომ ქართულ-ჰოლანდიური დაპირისპირება სტარტს, 5 სექტემბერს, თბილისის დროით 17:00 საათზე აიღებს.

დათო მანჯავიძე სპეციალურად worldsport.ge-სთვის ზაგრებიდან

0.219855