შოტლანდიასთან თამაშის წინ საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელ კახა ცხადაძესთან ერთად ჟურნალისტების წინაშე ზურაბ ხიზანიშვილი წარდგა.
“ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეროვნულ ნაკრებში დაბრუნება. სამშობლო ყველაზე მნიშვნელოვანი ფასეულობაა. ნებისმიერ კლუბზე მაღლა სწორედ ეროვნულ ნაკრებს ვაყენებ. მგონი, ახალს არაფერს ვამბობ. ფეხბურთელს გააზრებული უნდა ჰქონდეს ეროვნული დროშის ქვეშ თამაშის მოვალეობა, მას უნდა ესმოდეს სამშობლოს მცნება.
ეროვნულ ნაკრებში ორწლიანი პაუზის შემდეგ დავბრუნდი. არ მიყვარს წარსულის გახსენება და არ მსურს მიზეზების დაკონკრეტება.
ჩემთვის დიდი გამოწვევაა ეროვნულ ნაკრებში დაბრუნება. მიხარია, რომ ეს შოტლანდიასთან თამაშის წინ მოხდა. შოტლანდიას წლების წინ ვუმასპინძლეთ და 2:0 დავამარცხეთ. იმედი მაქვს, კვლავ საინტერესო თამაშს ვიხილავთ.
შოტლანდიის პრემიერლიგაში არაერთი წელი გავატარე. ეს ქვეყანა ჩემი მეორე სახლია, შოტლანდიასთან სასიამოვნო მოგონებები მაკავშირებს”, – განაცხადა ზურაბ ხიზანიშვილმა.