ფეხბურთი

18:03 | 3.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

სკოტ ბრაუნი: “ჩვენ ვიცით რის გაკეთება გვინდა და გამარჯვებისთვის რა გვჭირდება”

შოტლანდიის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების კაპიტნის სკოტ ბრაუნის აზრით, ევრო-2016-ის შესაღჩევ ჯგუფში დარჩენილი ყველა თამაში მნიშვნელოვანია და 4 სექტემბერს საქართველოსთან მოსაგებად ითამაშებენ. ამის შესახებ ბრაუნმა 3 სექტემბერს, ბორის პაიჭაძის სახელობის “დინამო არენაზე” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

- ჯგუფიდან გასვლისთვის მომავალ მატჩში გამარჯვება რამდენად მნიშვნელოვანია?

- ახლა ყველა მატჩი მნიშვნელოვანია და საქართველოსთან მოსაგებად ვითამაშებთ.

- თბილისში გამარჯვება არის თუ არა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი, რადგან მეტოქეებიდან ვინც აქ ჩამოვიდა, ყველამ სამი ქულა აიღო?

- ამ მხრივაც მნიშვნელოვანია. ჩვენ ვიცით, რის გაკეთება გვინდა და გამარჯვებისთვის რა გვჭირდება.

- სიცხე რამდენად ხელისშემშლელი იქნება?

- ამ მხრივ დიდი პრობლემა არ გვექნება. ჩვენმა რამდენიმე მოთამაშემ, რომლებიც “სელტიკში” გამოდიან, ცოტა ხნის წინ, მსგავს სიტუაციაში აზერბაიჯანში ითამაშეს. შესაძლოა, თავიდანვე მაღალი პრესინგი მიზანშეწონილი არ იყოს, მაგრამ როგორც მწვრთნელი გვეტყვის, ისე ვითამაშებთ.

- თავდასხმაში ვინ ითამშებს – დარენ ფლეტჩერი თუ ლი გრიფიტსი?

- ორივე ძალიან კარგი ფეხბურთელია, მაგრამ სხვადასხვა სტილში თამაშობენ. გრიფიტსი სწრაფია და მარცხენა ფეხით კარგად თამაშობს. ფლეტჩერი საჯარიმოში კარგად თამაშობს და ის ფაქტი, რომ ამდენი წელი ინგლისის პრემიერლიგაში გამოდის, მის მაღალ დონეზე მეტყველებს.

- იმის გათვალისწინებით თუ რომელ ადგილზე ჯგუფში შოტლანდია და რომელზე საქართველო, შოტლანდიის გამარჯვებას უნდა ველოდოთ თუ არა?

- გასვლაზე ვთამაშობთ, რაც ყოველთვის რთულია. საქართველოს მსგავს სიტუაციაში ჩვენც ვყოფილვართ, როდესაც წინა შესარჩევ ციკლში ხორვატია დავამარცხეთ. საქართველოს ახალი მწვრთნელი ჰყავს, ბევრი რამ უნდა გამოასწოროს და საკმაოდ გაგვიჭირდება.

- როგორც ახსენეთ საქართველოს ახალი მწვრთნელი ჰყავს, როლმელიც უფრო ღია ფეხბურთის მომხრეა. აქედან გამომდინარე, ეს თუ იქნება თქვენი უპირატესობა წინა მატჩთან შედარებით, როცა საქართველომ დაცვიდან ითამაშა?

- ვნახოთ რა იქნება დას საქართველო როგორი ტაქტიკით ითამაშებს. ჩვენც ამის მიხედვით შევეცდებით შედეგის მიღწევას.

- გუშინ ითქვა, რომ ნაკრებში ერთ პოზიციაზე ორი-სამი მოთამაშეა. ფიქრობთ თუ არა, რომ გუნდში მაღალი დონის კონკურენციაა?

- ვეთანხმები მოსაზრებას, რომ ვინც გამოძახებულია, ყველას შეუძლია გავიდეს და ითამაშოს. არაერთი ფეხბურთელი გვყავს, რომლებიც პრემიერლიგასა და ჩემპიონშიპში გამოდიან, რაც მათ მაღალ დონეზე მეტყველებს. მართლაც, ერთ პოზიციაზე ორი-სამი მოთამაშე გვყავს.

0.129695