მოკლედ ასე, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა დახურულია. მკითხველისთვის საინტერესო უნდა იყოს, თუ რომელმა გუნდებმა დახარჯეს ყველაზე მეტი ფული.
“მანჩესტერ სიტი”
“სიტიმ” გასულ ზაფხულს ჯიბეზე ხელი გვარიანად გაიკრა. “ქალაქელებმა” ტრანსფერებში ჯამში 214 მილიონი ევრო დახარჯეს. კევინ დე ბრუინი – 74, რაჰიმ სტერლინგი – 69 და ნიკოლას ოტამენდი – 45 მილიონი. ამ ფეხბურთელებში “სიტიმ” ყველაზე მეტი გაიღო.
“მანჩესტერ იუნაიტედი”
მეორე პოზიციას იკავებს კიდევ ერთი მანჩესტერული კლუბი – “იუნაიტედი”. ლუის ვან გაალმა შემადგენლობა თითქმის სრულად განაახლა და გასაკვირი არაა, რომ “მანიუს” ეს სიამოვნება ჯამში 160.5 მილიონი ევრო დაუჯდა. ანტონი მარტიალი 50 მილიონი ევრო კი დაჯდა, თუმცა კონტრაქტში დევს პუნქტი, რომლის თანახმადაც ფრანგის სანცვლოდ “წითელმა ეშმაკებმა” კიდევ 30 მილიონი უნდა გაიღონ, თუ რა თქმა უნდა, მარტიალი ავანსებს გაამართლებს. მორგან შნეიდერლინი, მემფის დეპაი, ბასტიან შვაინშტაიგერი და მატეო დარმიანი კი შესაბამისად, 35, 27.5, 20 და 18 მილიონი ევრო დაჯდა.
“ატლეტიკო”
მადრიდელებმა 126 მილიონი გაიღეს. “როხიბლანკოს” შემადგენლობას რომ გადავხედოთ, დიეგო სიმეონეს გუნდს დიდი ამბიციები უნდა ჰქონდეს. ჯექსონ მარტინესის შეძენა კი ესპანელებს 35 მილიონი ევრო დაუჯდათ.
“იუვენტუსი”
ტურინის “იუვენტუსმა” ერთბაშად სამი ლიდერი გაასხვისა – კარლოს ტევესი, არტურო ვიდალი და ანდრეა პირლო. მათ შემცვლელები სჭირდებოდათ და გასაკვირი არაა, რომ “იუვეს” ბიუჯეტის შეთხელება 123.5 მილიონი ევროთი მოუწია. ტურინელებს ყველაზე ძვირი პაულო დიბალას ყიდვა დაუჯდათ – 32 მილიონი ევრო.
“ვალენსია”
“იუვეს” ამ მაჩვენებლით მცირედით ჩამორჩა “ვალენსია” – “ღამურებმა” 122 მილიონი ევრო დახარჯეს. თუ მაროკოელ აბდენურს არ ჩავთვლით, მათ განსაკუთრებული ძვირი ტრანსფერი არ განუხორციელებიათ, მაგრამ როდრიგო მორენოსა და ალვარო ნეგრედოს სრულად გამოსყიდვა ჯამში 60 მილიონამდე დაუჯდათ.
პსჟ
საფრანგეთის ჩემპიონმა ანხელ დი მარიას სანაცვლოდ 63 მილიონი ევრო გაიღო. ამას თუ ლაიემ კურზავას 25 მილიონსაც და სხვა მეტ-ნაკლებად წვრილმან ტრანსფერებს დავუმატებთ, გასაკვირი არ იქნება, რომ ჯამში პარიზელთა ხარჯმა 116 მილიონი შეადგინა.
“ლივერპული”
კრისტიან ბენტეკე, რობერტო ფირმინიო და ნათანიელ კლაინი ჯამში “ლივერპულს” 100 მილიონზე მეტი დაუჯდა. “წითლებმა” სულ 108 მილიონი ევრო დახარჯეს.
“ინტერი”
ბევრის აზრით, იტალიაში საუკეთესოდ მილანის “ინტერმა” ივაჭრა. რამდენად საუკეთესო იყო მათი მოქმედება ამას მიმდინარე სეზონი უფრო დაგვანახებს, მაგრამ მანამდე ფაქტია, რომ “ნერაძურიმ” ტრანსფრებში 100 მილიონი ევრო გაიღო.
“რეალი”
მადრიდელები დრო იყო 80-90 მილიონს ერთ ფეხბურთელში ლამის ყოველ ზაფხულს იხდიდნენ. თუმცა წლეულს ასე არ ყოფილა. ჯამში “ბლანკოსმა” ტრანსფერებისთვის 89.5 მილიონი ევრო გაიმეტა. ისიც დიდწილად მატია კოვაჩიჩისა და დანილოს გადაბირებას მოხმარდა.
“ბაიერნი”
გერმანულმა გრანდმა არტურო ვიდალისა და დუგლას კოშტას სანაცვლოდ ჯამში 67 მილიონი ევრო გაიღო. სულ კი “რეკორდმაისტერმა” ჯიბეზე ხელი 86 მილიონით გაისვა.
“მილანი”
“ბაიერნის” მსგავსად 86 მილიონი დახარჯა “მილანმაც”. იტალიელებს ევროპაში დაბურნება სურთ და აწ უკვე დასრულებულ სატრანსფერო ფანჯრისას საკმაოდ იაქტიურეს. კარლოს ბაკა და ალესიო რომანიოლი “როსონერის” ყველაზე სარფიანი შენაძენებია.