საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მოახლოებული ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩების წინ მზადება დაიწყო. კახა ცხადაძის გუნდმა ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურ ცენტრ “ბასაზე” გუშინ არასრული შემადგენლობით ივარჯიშა. ნაკრებს დღეს შეუერთდებიან გურამ კაშია, ვალერი ყაზაიშვილი, მურთაზ დაუშვილი და გიორგი მერებაშვილი. ხოლო მათე ცინცაძე და გიორგი პაპუნაშვილი კი ეროვნულ ნაკრებს ირლანდიასთან თამაშის წინ დაემატებიან.
ცხადაძის მიერ თავდაპირველად გაცხადებულ სიაში ბრემენის “ვერდერის” ახალგაზრდა შემტევი არ ფიგურირებდა, თუმცა ლუცკის “ვოლინის” ნახევარმცველი სანდრო კობახიძე ტრავმირებულია და სწორედ მის ნაცვლად უხმო ნაკრების მესაჭემ პაპუნაშვილს.
კობახიძემ ტრავმა უკრაინის პრემიერლიგის უკანასკნელ ტურში, “ოლიმპიკთან” მატჩისას მიიღო. იგი შეკრებაზე გამოცხადდა, მაგრამ როგორც გამოკლვლევებმა ცხადყო, მისი თამაში შოტლანდიასთან და ირლანდიასთან გამოირიცხა.
შეგახსენებთ, საქართველო – შოტლანდიის მატჩი 4 სექტემბერს, 20:00 საათზე დაიწყება.