კალათბურთი

14:22 | 1.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

აკაკი დვალიშვილი: ,,ნაწყენზე უფრო გაკვირვებული ვარ’’

2014-15 წლების სეზონში საკალათბურთო სუპერლიგის ერთ-ერთი საუკეთესო სპორტსმენი, ,,რუსთავის’’ აწ უკვე ყოფილი წევრი მძიმე ფორვარდი აკაკი დვალიშვილი იყო. იგი საშუალოდ ერთ შეხვედრაში 17 ქულასა და 14.1 მოხსნას აგროვებდა. ევრო-2015-ის ფინალური ტურნისათვის მზადების მიზნით საქართველოს ეროვნული ნაკრების გაფართოებულ სიაში, სუპერლიგიდან ყველაზე მეტი 7 კალათბურთელი გამოიძახეს, მაგრამ კარგად ჩატარებული სეზონის მიუხედავად, მათ შორის იგი მაინც ვერ მოხვდა. ამის გამო დვალიშვილი უფრო გაკვირვებული დარჩა, ვიდრე განაწყენებული

მოვუსმინოთ თვითონ დვალიშვილს, რომელსაც worldsport.ge ესაუბრა.

-ელოდით, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების გაფართოებულ სიაში მოხვდებოდით?

-ვიცი, რომ ნაკრების 12 საუკეთესო კალათბურთელს შორის მოხვედრა ძალიან ძნელია. გაფართოებულ სიაში მოხვედრას კი ნამდვილად ველოდი.

-ნაწყენი ხართ, ნაკრებში რომ არ გამოგიძახეს?

-რა თქმა უნდა, მეწყინა. სიმართლე გითხრათ, უფრო გაკვირვებული დავრჩი, ვიდრე ნაწყენი.

-რატომ ხართ დარწმუნებული, რომ მინიმუმ ნაკრების გაფართოებულ სიაში მოხვედრას იმსახურებდით?

-ნაკრების გაფართოებულ სიაში რამდენჯერმე ვიყავი გამოძახებული, მაგრამ 12 საუკეთესო კალათბურთელს შორის ვერ მოვხვდი. ერთხელაც მივედი ნაკრების მთავარ მწვრთნელ იგორ კოკოშკოვთან და ვუთხარი: რა უნდა გავაკეთო ძირითად შემადგენლობაში თამაში რომ დავიმსახურო-თქო. ასე გააგრძელე ვარჯიში და ნაკრებში თამაშის შენი დროც მოვაო-მითხრა კოკოშკოვმა. თავდაუზოგავად ვვარჯიშობ, ევრობასკეტმა საქართველოს 2014-15 წლების საუკეთესო კალათბურთელად დამასახელა, მაგრამ ნაკრების ხელმძღვანელობის ყურადღება მაინც ვერ დავიმსახურე. აღიშნულიდან გამომდინარე, საეჭვოა რომ ნაკრების წევრობის კანდიტატთა შერჩევის საბოლოო გადაწყვეტილებას მთვარი მწვრთნელი იღებდეს.

-კონკრეტულად რა გაქვთ მხედველობაში?

-კოკოშკოვი სუპერლიგის თამაშებს არ უყურებს და წევრობის კანდიტატთა შერჩევისას საბოლოო გადაწყვეტილებას როგორ მიიღებს.

-ევრობასკეტს თქვენ საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის საუკეთესო კალათბურთელად დაუსახელებიხართ. რაც შეეხება კალათბურთის ფედერაციის მიერ ჩატარებულ გამოკითხვას, სადაც ჟურნალისტები, მწვრთნელები და მსაჯები მონაწილეობდნენ 1-3 ადგილებზე შესაბამისად გიორგი ცინცაძე (,,შსს აკადემია), გიორგი (ლაშა) გამყრელიძე (დინამო) და ბობ ჯინ იანგი იანგი (ბათუმი) გავიდნენ...

-სხვაზე რა მეთქმის, როდესაც შრომა ,,რუსთავის’’ მთავარმა მწვრთნელმაც კი არ დამიფასა. მაშინ, როდესაც გუნდის ლიდერი ვიყავი ქულებსა და მოხსნებში და ორმაგ დუბლებსაც ძალიან ხშირად ვაკეთებდი, ამის მიუხედავად სამეულშიც კი არ შემიყვანა , სადაც ცინცაძე, ნიკა მეტრეველი (შსს აკადემია) და ჩემი თანაგუნდელი, ამერიკელი ლეგიონერი ჰეიდენ ჰამსი დაასახელა. ძალიან ნაწყენი დავრჩი. ვეღარ გავიგე საუკეთესოებს რის მიხედვით ასახელებენ

-თქვენ გუნდი უკვე გამოიცვალეთ და ახალ სეზონს ,,ბათუმში’’ გაატარებთ. რა გახდა ,,რუსთავიდან’’ თქვენი წასვლის მიზეზი?

-,,რუსთავში’’ გადასვლამდე ,,ქუთაისი-2010’’ ვთამაშობი, სადაც კარგი პირობები მქონდა. ამის მიუხედავად ,,რუსთავში’’ დავბრუნდი, რადგან მინდოდა ჩემს მშობლიურ ქალაქს დავხმარებოდი. მათ კი ასე დამიფასეს ჩემი პატრიოტიზმი.

რაც შეეხება ,,ბათუმში’’ გადასვლას, ზღვისპირელებმა უკეთესი პირობები შემომთავაზეს და კლუბის გამოცვლაც ამიტომ გადავწყვიტე.

-დავუბრუნდეთ ნაკრებს. თქვენ თვითონ აღიარებთ, რომ აჟამად ნაკრების 12 საუკეთესო კალათბურთელს შორის მოხვედრა ძალიან ძნელია. მაშინ რატომ გწყდებათ გული ნაკრების წევრობის კანდიტატთა გაფართოებულ სიაში რომ ვერ მოხვდით?

-ეროვნული ნაკრების წევრობის კანდიტატთა 18 კაციან სიაში სუპერლიგაში მოთამაშე შვიდი სპორტსმენი მოხვდა. ისე არავინ გამიგოს, რომ მათი მშურს ან რომელიმე მათგანი გაფართოებულ სიაში დაუმსახურებლად მოხვდა. მე სულ სხვა ფაქტი მაინტერესებს. რა ვუყოთ ჩემს სტატიატიკას, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესოა სუპერლიგის კალათბურთელთა შორის.

რაც შეეხება გაფართოებულ სიაში მოხვედრას, მეც მინდა კარგ პირობებში ვარჯიში, მეც მინდა გამოცდილების მიღება, რათა ეროვნულ ნაკრებში თამაში თაობათა ცვლის შემდეგ მაინც დავიმსახურო.

-რამდენი წლის ხართ?

-14 თებერვალს გავხდი 24 წლის.

-გული ხომ არ გაიტეხეთ, ნაკრებში რომ აღარ გამოგიძახეს?

-გულის გატეხვა არ მჩვევია. უბრალოდ გული მწყდება, რომ ჩემს მიერ ნაჩვენებ სტატისტიკას არავინ ითვალისწინებს, მაშინ როდესაც ნაკრების შეკრებაზე ჩემზე უარესი სტატისტიკის მქონე კალათბურთელები არიან გამოძახებულნი. მინდა ის მაინც ვიცოდე, რის მიხედვით არჩევენ ნაკრების წევრობის კანდიტატებს.

0.114337