ფეხბურთი

8:50 | 1.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

დე ხეა 6 თვით მანჩესტერში დარჩა

ესპანელ მეკარე დავიდ დე ხეას მომავალ სატრანსფერო ფანჯრამდე მანჩესტერის “ოლდ ტრაფორდის” ტრიბუნაზე მოუწევს ჯდომა. პირენელის მადრიდში გადასვლის დაუოკებელი სურვილის გამო “წითელი ეშმაკების” ჰოლანდიელმა დამრიგებელმა ლუის ვან გაალმა დე ხეა “იუნაიტედის” შემადგენლობიდან გაიყვანა და როგორც პრემიერლიგის სასტარტო 4 შეხვედრაში, ასევე საჩემპიონთალიგო პლეი ოფში “ბრიუგეს” წინააღმდეგ დავიდი გუნდის განაცხადში აღარ შეიყვანა.

არადა, გუშინ ზედ სატრანსფერო ფანჯრის დახურვის წინ დე ხეა კასტილიის დედაქალაქში გადასვლამდე ძალიან ახლოს იყო. “რეალმა” და “მანჩესტერმა” მეკარის ტრანსფერის საკითხი შეათანხმეს. ოლდ ტრაფორდელები დავიდის სანაცვლოდ 29 მილიონ ევროს და კეილორ ნავასს მიიღებდნენ, მაგრამ სატრანსფერო დოკუმენტების დროულად გაფორმება ვერ მოესწრო და დე ხეა მადრიდისკენ მიმავალ მატარებელს ვეღარ შეახტა. ასე და ამრიგად, დავიდს კიდევ 6 თვით მანჩესტერში ყურყუტი მოუწევს.

პირენელი ჟურნალისტების მიერ გავრცელებული ცნობით, დე ხეას ტრანსფერი ესპანეთის საფეხბურთო ლიგის ოფისის მოძველებულმა კომპიუტერებმა გამოიწვია. კლუბები აპირებენ ფიფას მიმართონ და ტექნიკური პრობლემების გამო რამდენიმეწუთიანი დაგვიანების მიუხედავად, მსოფლიო ფეხბურთის მმართველ ორგანოს დავიდის მადრიდში გადასვლის უფლება მოსთხოვონ.

0.139538