ესპანელმა ფერნანდო ლოპესმა ქართველ ნიკოლოზ ბასილაშვილთან რევანშის აღება მოახერხა. შეგახსენებთ, რომ ეს ჩოგბურთელები ერთმანეთს უიმბლდონის მე-2 წრეში შეხვდნენ და მაშინ ნიკამ 7:5, 3:6, 6:3, 2:6, 6:4 მოიგო, ამჯერად კი, ლოპესის უპირატესობა აშკარა გახლდათ – 7:6 (7:5), 6:1, 6:3.
აღსანიშნავია, რომ ბასილაშვილმა მეტოქის პირველივე მოწოდება მოიგო და 3:1 დაწინაურდა, ტაი-ბრეიკზე კი ესპანელს 5:2-ს უგებდა, თუმცა, უპირატესობა ვერ შეინარჩუნა, ხოლო მე-2 და მე-3 სეტებში ბრძოლა აღარ ყოფილა.
შეგახსენებთ, რომ ქართველი ჩოგბურთელი აშშ-ს ღია პირველობის ძირითად ბადეში კვალიფიკაციის გავლით მოხვდა. მან გზიდან ესპანელი ორიოლ როკა ბატალია, ამერიკელი მიტჩელ კრუეგერი და იტალიელი ტომას ფაბიანო ჩამოიცილა და 35 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა.