საქართველოს 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ალექსანდრე ჩივაძემ ევრო-2017-ის შესარჩევ ციკლში სტუმრად ხორვატიასთან მატჩამდე “მიხეილ მესხზე” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მისი მიზანი გუნდის ფინალურ ეტაპზე გაყვანაა.
ალექსანდრე ჩივაძე: “საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის განვლილი ტურის შემდეგ სასტუმრო “ბომონდ გარდენში” შევიკრიბეთ. კარგად იცით ჩვენს ჯგუფში რა გუნდებია. ჯგუფში ორი მატჩი ჩატარდა. ჩვენ სტუმრად სან-მარინოს მოვუგეთ (3:0) და სან-მარინომ გასვლაზე ესტონეთთან ფრე (0:0) ითამაშა. ამ ტურში ხორვატია გვეთამაშება, ხოლო სან-მარინო - შვედეთს. 7 სექტემბერს შვედეთი ხორვატიას შეხვდება. ამჟამად, ჩემს განკარგულებაში 15 ფეხბურთელია. სამშაბათს, გოშაძე, პაპუნაშვილი, დვალი და აბურჯანია დაგვემატებიან. კაკაბაძე ჩვენთან იყო და კახა ცხადაძემ ეროვნულ ნაკრებში გადაიყვანა. ხორვატიასთან მატჩის შემდეგ, ცინცაძე და პაპუნაშვილი ირლანდიაში გაფრინდებიან, სადაც ეროვნულ გუნდს შეუერთდებიან”.
-გიორგი გოროზია რატომ არაა ნაკრებში გამოძახებული?
-ამ ეტაპზე გადავწყვიტეთ ასეთი შემადგენლობით გვეთამაშა. ბელგიაში მოთამაშე შენგელიას და ტაბიძის გამოძახება გვსურდა, მაგრამ ორივე ტრავმირებულია. ზარანდიას 3-მატჩიანი დისკვალიფიკაცია აქვს. “დინამოდან” საბა ლობჟანიძის მიწვევა გვსურდა და ისიც ტრავმირებულა. შულაიასაც ტრავმა აქვს. იგივე გოროზია, გავაშელიშვილი, ვოლკოვი, დარციმელია გაფართოებულ სიაში გვყავს.
- ხორვატიის ნაკრებს როგორ დაახასიათებთ?
-საკმაოდ ძლიერი გუნდია. სამი ფეხბურთელი ჰყავთ, რომელიც უმაღლესი დონის გუნდებში ირიცხებიან. ჰალილოვიჩი “ბარსელონას” საკუთრებაა. კოვაჩიჩი მადრიდის “რეალშია”, ხოლო პაშალიჩი “ჩელსის” ეკუთვნის. ხორვატებს წარდგენა არ სჭირდებათ, ყოველთვის ძლიერი ნაკრები ჰყავთ.
- ივო შუშაკთან ხომ არ გისაუბრიათ?
-არ მისაუბრია, მაგრამ შუშაკი თამაშზე დასწრებას აპირებს.
- სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე ოთარ კაკაბაძე 21-წლამდელთა ნაკრებს უფრო სჭირდება...
- მესმის რასაც ამბობთ, მაგრამ ახალგაზრდული ნაკრების მოვალეობაა. პირველ ნაკრებს რაც შეიძლება მეტი ფეხბურთელი მისცეს.
-მიმდინარე შესარჩევ ციკლში ახალგაზრდული ნაკრების მიზანი რაა?
-ჩვენ ყოველ თამაშზე უმაღლეს მიზანს ვისახავთ. შესარჩევ ციკლში 9 ჯგუფია, რომელთა გამარჯვებულები ფინალურ ეტაპზე პირდაპირ მოხვდებიან. მათ მასპინძელი პოლონეთი დაემატება და დანარჩენ 2 ადგილს ჯგუფებში საუკეთესო შედეგის მქონე 4 ნაკრები პლეი-ოფში გაითამაშებს. ნიჭიერი თაობა გვყავს და ჩვენი მიზანი ფინალურ ეტაპზე გასვლაა.
გაგაცნობთ იმ ფეხბურთელების სიას, რომლებსაც ალექსანდრე ჩივაძემ ხორვატიასთან მატჩისთვის უხმო:
მეკარეები: ბექა ქურდაძე (“საბურთალო”), ოთო გოშაძე (“ქასიმფაშა”, თურქეთი).
მცველები: გიორგი გადრანი (“ჩერნომორეცი”, უკრაინა), გიორგი ხარაიშვილი, გაგი მარგველაშვილი (ორივე “საბურთალო”), გიორგი თევზაძე (“დინამო”), ნიკა სანდოხაძე, დაჩი ცნობილაძე (ორივე “სამტრედია”), დავით უბილავა (“ლოკომოტივი”), ლაშა დვალი (“დუისბურგი”, გერმანია).
ნახევარმცველები: მათე ცინცაძე, ოთარ კიტეიშვილი (ორივე “დინამო”), ავთო ენდელაძე (“სამტრედია”), მათე კვირკვია (“დილა”), გიორგი აბურჯანია (“ანორთოსისი”, კვიპროსი).
თავდამსხმელები: ნიკა კაჭარავა (“ცხინვალი”), გიორგი პაპუნაშვილი (“ვერდერი”, გერმანია), გურამ გოშთელიანი, გიორგი ფანცულაია (ორივე “საბურთალო”).
ჩივაძის თავკაცობით 21-წლამდელთა ნაკრებმა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ივარჯიშა. ორშაბათს გვიან ღამე გუნდი სტამბოლის გავლით ხორვატიაში გაფრინდება. ხორვატია-საქართველოს დაპირისპირება 3 სექტემბერს ქალაქ კოპროვინიცაში შედგება და თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება.