ფეხბურთი

21:25 | 30.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

ცხინვალის” უხვგოლიანი გამარჯვება

კახა კაჭარავას ”ცხინვალმა” მიხეილ მესხის სახელობის სათადარიგო მოედანზე “ზუგდიდი” 5:1 დაამარცხა.

საწყის წუთებში ზუგდიდელებმა მოიპოვეს უპირატესობა. მე-11 წუთზე წურწუმიამ სტანდარტული დარტყმა შეასრულა, 32 წლის ცაციამ ზუსტად დაარტყა, ნადირაძეს ნახტომი კი უშედეგო გამოვიდა – 1:0.

“ცხინვალმა” დაცვაში დაშვებული შეცდომების შემდეგ მდგომარეობა გამოასწორა. მასპინძლები შეტევაში გადავიდნენ, გააქტიურდნენ და ორ წუთიან მონაკვეთში წინ გავიდნენ.

26-ე წუთზე ნიკა კაჭარავა მეკარესთან ერთი-ერთზე გავიდა. ფორვარდმა კარგად იმოქმედა, კარგად გაიხსნა, ბურთი კი პირდაპირ მეკარისკენ დაარტყა. ამ მომენტში უკეთესი იქნებოდა ზურაბ მამალაძეს ფეხით ეთამაშა, თუმცა მან ნახტომი შეასრულა, რასაც შედეგი არ მოჰყვა – 1:1.

ორ წუთში ივანიშვილის პასის შემდეგ იუბილარმა ირაკლი ლექვთაძემ “ცხინვალი” დააწინაურა, 39-ე წუთზე კი ცერცვაძემ სხვაობა ორამდე გაზარდა. ამ წუთებში აშკარად გამოჩნდა, რომ “ზუგდიდის” დაცვის ხაზი ვერ უმკლავდებოდა მეტოქის შეტევებს.

“ცხინვალმა” ტექნიკისა და სისწრაფის ხარჯზე აჯობა მეტოქეს. განსაკუთრებით აღსანიშნავია ლექვთაძისა და ივანიშვილის სწრაფი და ეფექტური თამაში, საჯარიმოში კი კაჭარავას მოქმედება, რომელიც ტანმაღალია და მეორე სართულზე თამაში კარგად გამოსდის, ასევე ტექნიკურადაც მომზადებულია და შეუძლია ბურთის “დაჭერა”.

მიუხედავად “ცხინვალის” დამაჯერებელი გამარჯვებისა, კახა კაჭარავას გუნდის ფეხბურთელები ხშირად არაზუსტ პასებს აკეთებდნენ. ტექნიკური წუნი ხშირი იყო, რაც გარკვეულწილად შეუთამაშებლობის ბრალია.

მეორე ტაიმში იყო ეპიზოდები, როდესაც შეტევის ფაზაში “ცხინვალს” შეეძლო კარგი კომბინაციების გაკეთება, თუმცა შეუთანხმებლად მოქმედებდნენ. მიუხედავად ამისა მეტოქეზე მაღლა იდგენენ.

ზოგადად როდესაც გვიწევს საუბარი ევროტურნირებზე გამოსული გუნდის, მისი თამაში უფრო კრიტიკულად უნდა შეფასდეს. ალბათ მთავარი პრობლემა მაინც ფიზიკური მომზადებაა, რაც ერთ ან ორ თვეში არ გამოსწორდება. ამ პრობლემას დიდი დრო სჭირდება, პირველ რიგში კი მთავარია ძირითადი ბირთვის შენარჩუნება.

შესვენების შემდეგ თამაშის სურათი არ შეცვლილა. მასპინძლებმა პირველი ტაიმის მსგავსად მეორე ნახევარიც ორბურთიანი უპირატესობით მოიგეს.

61-ე წუთზე ნიკა კაჭარავამ დუბლი შეასრულა. მსაჯის მიერ დამატებულ მესამე წუთზე კი მისი დარტყმული მამალაძემ მოიგერია, დამატებაზე მახარობლიძემ ზუსტად ითამაშა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ცხინვალი – ზუგდიდი 5:1 (3:1)

თბილისი, მ.მესხის სახელობის სტადიონი, 200 მაყურებელი

ცხინვალი: ნადირაძე, ჯაფარიძე, კაკუბავა, ქარდავა (მახარობლიძე 46), ბეჭვაია (გიგაური 81), მაისაშვილი, ივანიშვილი, ლექვთაძე (ლობჟანიძე 87), ცაცკრიალაშვილი, ცერცვაძე, კაჭარავა

მთავარი მწვრთნელი: კახა კაჭარავა

ზუგდიდი: მამალაძე, ჯავაშვილი (ჟვანია 76), მალანია, მაჩაიძე, თიბილაშვილი, ტყემალაძე, წურწუმია, წყაროზია, თუთბერიძე (სამუშია 46), ფიფია (ბულია 68), კვარაცხელია

მთავარი მწვრთნელი: ბესიკ შეროზია

გოლები: 0:1 წურწუმია (11), 1:1 კაჭარავა (26), 2:1 ლექვთაძე (28), 3:1 ცერცვაძე (39), 4:1 კაჭარავა (61), მახარობლიძე (90+3)

მთავარი მსაჯი: ირაკლი კვირიკაშვილი

გაფრთხილება: ტყემალაძე (18), ბეჭვაია (25), კვარაცხელია (53), მალანია (62), ცაცკრიალაშვილი (67), ჯავაშვილი (72)

0.120473