რაგბი

17:20 | 29.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

ლევან მაისაშვილი: “წარმატების საწინდარი დეტალებშია”

საქართველოს ჩემპიონის, “ლელო-სარასენსის” მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი რამდენიმე დღის წინ ინგლისიდან დაბრუნდა, სადაც “სარასენსის” ბაზაზე ორი კვირა გაატარა და გუნდის წინასასეზონო მზადების სპეციფიკას გაეცნო.

უკვე ერთი წელია, რაც თბილისური და და ლონდონური კლუბები “დაძმობილდნენ” და ახალგაზრდა ქართველო სპეციალისტისთვის ეს მეორე ვიზიტია კლუბის ბაზაზე, წინა ჯერზე ის ინგლისში იანვარში, მიხეილ სუჯაშვილთან ერთად იმყოფებოდა, ახლა კი, მარტოს მოუწია გამგზავრებია. იქ მიღებულ ცოდნაზე, ქართული კლუბის სეზონისწინა მზადებასა და საქართველოს ნაკრების პერსპექტივებზე ინგლისის მსოფლიო თასზე, “მსოფლიო სპორტი” მაისაშვილს ვრცლად ესაუბრა.

ლევან მაისაშვილი: ეს ჩემი მეორე ვიზიტი იყო “სარასენსის” შეკრებაზე. ახალ წლებზე, შუა სეზონში, იქ მე და მიხეილ სუჯაშვილი ვიყავით. მსურდა, რომ შემდეგი ვიზიტი განსხვავებულ პერიოდში ყოფილიყო და ამჯერად მარტო მომიწია წასვლა. ამჟამად გუნდი სეზონისწინა მოსამზადებელ პერიოდს გადიოდა და მე ლონდონში მათთან ერთად ორი კვირა გავატარე. აღნიშნულ პერიოდებში გუნდების მზადების პროცესი განსხვავებულია და ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ სეზონისწინა მზადების მათ მეთოდიკას გავცნობოდით.

ეს ორი კვირა უაღრესად ნაყოფიერი გამოდგა. დილის 7 საათიდან საღამოს 7 საათამდე აქტიურად ვიყავი ჩართული ვარჯიშის პროცესში. წვრთნის მსვლელობისას და მის შემდეგ პერიოდშიც, კონსულტანციებს გავდიოდი ადგილობრივ მწვრთნელებთან, რომელთანაც ძალიან კარგი ურთიერთობა ჩამომიყალიბდა. იქ ყველა მიმართულებას თავისი მწვრთნელი ყავს - დაცვას, შერკინებას, ხაზს, ფეხით დამრტყმელს, კონტრშეტევას და ასე შემდეგ. 22 წელიწადია მწვრთნელი ვარ და რომ ვთქვა რაიმე ისეთს შევხვდი, რაც არ ვიცოდი, ასე არ იყო, მაგრამ არის დეტალები, რაც უმნიშვნელოვანესია. როდესაც რაგბიში დიდი ხნის განმავლობაში მოღვაწეობ, აღმოჩენას ვერ გააკეთებ, მაგრამ აუცილებელია დეტალებს ჩაუღრმავდე. მთლიანობაში, რასაც ისინი ვარჯიშებზე აკეთებდნენ, იმას ჩვენც ვაკეთებთ საქართველოში, მაგრამ ის მცირედი დეტალები აბსოლიტურად ცვლის ყველაფერს. თუ ამ დეტალების გარეშე წვრთნის პროცესი ჩვეულებრივი რამაა, მერე უკვე სრულყოფილი ხდება. სწორედ ამ დეტალებზე ვამახვილებდი ყურადღებას და მრავლად მქონდა კონსულტაციები, ვიდეო-ანალიზი, საუბრები მწვრთნელებთან და ასე გრძელდებოდა ყოველდღიურად.

კონტრაქტის პირობების თანახმად, ლონდონში ჩემთან ერთად უნდა წამოსულიყო და “სარასენსში” 21-დღიანი შეკრება გაევლო ჩვენს მორაგბეს რატი შანიძეს. მას 10, 15 და 9 ნომრის პოზიციებზე ინდივიდუალური ვარჯიშები უნდა გაევლო. იქ იყვნენ ყველა იმ კლუბის მოთამაშეები ჩამოსული, რომლებიც ამ გლობალურ პროგრამაში არიან გაერთიანებული. მათი ვარჯიშები პირველ გუნდთან ერთად, ჩემს თვალწინ ხდებოდა. საწყენია, რომ შანიძეს გაურკვეველი მიზეზების გამო ბრიტანეთის ვიზა არ ჩაურტყეს. ეს გამგზავრებამდე ორი დღით ადრე გავიგეთ და სიტუაციის გამოსასწორებლად ფაქტობრივად დროც არ გვქონდა. ამაზე უფრო საწყენი ისაა, რომ მე იქ დავესწარი პრემიერ შიპის 7-კაცას, რომელსაც მოსამზადებელ პერიოდში ატარებენ. “სარასენსის” აკადემიის მენეჯერს შანიძის თამაში თბილისში ყოფნის დროს ნანახი ქონდა, ის ძალიან მოეწონა და ზემოთნახსენები 7-კაცას ტურნირისთვის შანიძე “სარასენსის” განაცხადში ყავდა შეყვანილი. ამრიგად, ამ რაღაც გაურკვეველი უარის გამო, შანიძემ არა მხოლოდ 21-დღიანი შეკრება, არამედ “სარასენსის” მაისურით, “უოსპსის” მთავარ სტადიონზე ინგლისის პრემიერშიპის კლუბების 7-კაცა ტურნირში მონაწილეობის მიღებაც ვერ მოახერხა, რაც მას უდიდეს გამოცდილებას შესძენდა.

-დეტალები ახსენეთ და იქნებ უფრო კონკრეტულად გვითხრათ, რომელ დეტალებს ექცევა იქ ყურადღება, რაც ბევრ რამეს ცვლის და საქართველოში არ კეთდება?

-აბსოლიტურად ყველა დეტალს. ერთი და იგივე მოძრაობა, ერთი ადგილიდან მეორემდე მისვლა, შესაძლოა რამდენიმენაირად მოხდეს. ყველა ამ მოძრაობაში დევს დაგეგმარება, გათვლა და შესრულება. გასაგებია, რომ “სარასენსი” მდიდარი კლუბია და იქ “სტაფი” 20 კაცს აჭარბებს. 40-45 კაცი რომ ვარჯიშობს, მათ 20 კაცი ემსახურება, რომელთაც თავ-თავიანთი ფუნქციები აქვთ გაწერილი და ყველა დეტალს ექცევა ყურადღება. არ არსებობს ქმედება, რომელიც არ იქნება განხილული, გადაღებული და მრავალჯერ გაანალიზებული. პასის დროს ხელის მოქნევა, დაცვისას პოზიციის დაკავება, ბოჭვის შესრულება... ყველა ნიუნსის გათვალისწინება ხდება. ისეთ დეტალებზე მუშაობენ, რომელზეც მხოლოდ დამწყებ მორაგბეებს ვავარჯიშებთ. ჩვენთან, გნებავთ კლუბებში და გნებავთ ნაკრებში, ამ ტიპის ვარჯიშები რომ ჩაატარო, ყველანი გაკვირებული შემოგხედავენ, რადგან ჩათვლიან, რომ ეს უკვე დიდი ხანია იციან. “სარასენსში”, ინგლისის ნაკრების რვა მოთამაშე, არგენტინის, აშშ-ს და შოტლანდიის ნაკრების მოთამაშეები, დგანან ამ ყველაფერს აკეთებენ. სწორედ აქაა ტექნიკური წუნის მინიმალიზაციის გასაღები, წესი, კულტურა, დისციპლინა, შესრულების ხარისხი, რაშიც მაგრად მოვიკოჭლებთ. ასჯერ რომ რაღაც გააკეთებდნენ, ასმეერთადაც ასეთივე მოთმინებით და რუდუნებით იმეორებდნენ, ჩვენთან კი, რაღაც ვარჯიშს ორჯერ რომ გავაკეთებთ, ბიჭებს ეტყობათ, რომ მესამეჯერ მისი გაკეთება მობეზრებული აქვთ.

-გასაგებია, რომ “სარასენსი” მდიდარი კლუბია და “ლელო-სარასენსი” მას ბევრი რამით ვერ შეედრება, მაგრამ თუ არის რამე ისეთი, რაც მათ მაგალითზე უკვე დაინერგა თქვენს კლუბში?

-ძალიან ბევრი რამე. ვარჯიშის კულტურა, მიდგომა, დაგეგმარება, თამაშის წინა და შემდგომი ანალიზი, ინდივიდუალური მუშაობა, “ლელო-სარასენსის” აკადემია, რომელიც სექტემბრიდან უკვე დაიწყებს ფუნქციონირებას. მის ფარგლებში, კვირაში სამი დღე, პერსპექტიულ ახალგაზრდა მოთამაშეებს ცალკე ვარჯიშებს ჩავატარებთ და “სარასენსის” გამოცდილებას აუცილებლად გამოვიყენებთ. დაცვის სიტემა, რომელიც აგერ უკვე ერთი წელია დაინერგა და ამან შედეგიც გამოიღო. გასულ ჩემპიონატში ყველაზე ნაკლები ლელო სწორედ ჩვენ გავუშვით. წელს თუ რამე კითხვის ნიშნები იყო სრულყოფილებამდე მივა. რაღაც ნაწილი უკვე დავნერგეთ, რაღაც ნაწილი ინერგება, რაღაც ნაწილის კი, სრულყოფილება ხდება.

-“ლელო-სარასენსის” ბაზაზე ვიმყოფებით, რომელიც ჩემი ბოლო ვიზიტის შემდეგ კიდევ უფრო დახვეწილი მეჩვენება. რა შეიცვალა ზამთრის შემდეგ “ლელოზე”?

-ძალოსნობის დარბაზი უკვე სრულყოფილია. აღჭურვილობა, რომელსაც ველოდებით, უკვე ადგილზე და მიმდინარეობს მისი მონტაჟი და პარალელურად, დარბაზში ინტენსიური ვარჯიშები ტარდება. მოედანი შედის ფორმაში და ამ სეზონის პირველ საშინაო თამაშს აქ ჩავატარებთ (12, ან სექტემბერს “არმიასთან”). სეზონის მსვლელობისასაც, ყველა საშინაო თამაში ჩვენს სტადიონზე გვექნება. ესაა “ქართუს” პროექტი, რომლის შედეგადაც ძალიან კომფორტული სტადიონი მივიღეთ და ეს მზადებაშიც დაგვეხმარება. გვაქვს ვიდეო-ანალიზის, ინდივიდუალური შეხვედრების ოთახები. მოკლედ აქ ყველანაირი პრიობებია.

-რამდენიმე დღეში საქართველოს ჩემპიონატი დაიწყება და როგორ ემზადება “ლელო-სარასენსი” ახალი სეზონისთვის?

-როგორც წესი, ჩვენ ყოველთვის სხვებზე გვიან ვიწყებდით ხოლმე შეკრებას, მაგრამ წელს მზადება შედარებით ადრე დავიწყეთ. ეს გარკვეულწილად საკადრო ცვლილებების გამო მოხდა. მზადება 20 ივლისს დავიწყეთ და მისი პირველი ნაწილი ძირითადად ფიზ.მომზადებას დაეთმო. ძალოსნობის დარბაზის გაარდა, კომპლექსურად ვმუშაობდით ტექნიკაზეც. სამწუხაროა, რომ მხოლოდ ერთი საკონტროლო თამაშის გამართვა მოვახერხეთ. 26 აგვისტოს შევხდით “აიას”. ჩვენი შემადგენლობა მნიშვნელოვნად იყო გადახალისებული. სამი მოთამაშე ეროვნულ გუნდშია მივლინებული და ირაკლი ყიასაშვილიც არ ვათამაშეთ, რადგან მხარზე პატარა პრობლემა აქვს. 4 ლელო გავუშვით და 3 გავიტანეთ. დავმარცხდით, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს და ბევრი საინტერესო რამ დავინახეთ.

-ცოტა ხნის წინ ოთხთა ტურნირი გაიმართა თამაშების სიმცირის აღმოფხვრა იქ მონაწილეობით ხომ შეიძლებოდა?

-არავის შემოუთავაზებია ჩვენთვის მასში მონაწილეობა, თორემ დიდი სიამოვნებით დავთანხმდებოდით.

-საკადრო პრობლემები ახსენეთ და რა ცვლილებებით ხვდება “ლელო-სარასენსი” ახალ სეზონს?

-“ყოჩებში” გადავიდნენ გიორგი კაჭარავა, თორნიკე ცერცვაძე და სანდრო ნიჟარაძე, შოთა მელიქიძემ “არმაზს” მიაშურა, საფრანგეთში მიდის დავით გოგოლაშვილი. მენეჯერის ფუნქციებს შეითავსებს ლექსო გუგავა და ისე ინტენსიურად ვეღარ ითამაშებს, როგორც აქამდე. “კლერმონში” წავიდა ჩვენი ბურჯი ნიკა სვიმონიშვილი და კვაჭი ბადრი ალხაზაშვილი გადავიდა “ტულონში”. გადინება სოლიდურია, თუმცა შევსებაც გვაქვს. ფრანგული “ორიაკიდან” დაგვიბრუნდა როლანდ კვაჭაძე, რომელიც მანამდე “კლერმონში” თამაშობდა. მან ცხვირის ოპერაცია გაიკეთა, ჯერ ვერ ვარჯიშობს და სავარაუდოდ მეორე წრიდან შემოგვიერთდება. დაგვიბრუნდა მეორე-მესამეხაზელი ლექსო იორდანიშვილი, რომელიც ასევე საფრანგეთში თამაშობდა. დაგვიბრუნდა საკმაოდ ძლიერი ბურჯი, ასევე ჩვენი აღზრდილი ნიკოლოზ პატარაია. მან ფედერალ 1-ში ძალიან ძლიერი სეზონი ჩაატარა, გუნდთან ერთად პრო დ2-ის საგზური მოიპოვა (ფინალში “ლილი” დაამარცხა), მაგრამ კლუბთან უთანხმოების გამო შინ დაბრუნდა. მეორე გუნდიდან რამდენიმე მოთამაშეც აუცილებლად მიიღებს თავის გამოჩენის შანსს. მოკლედ, ხარისხიანი შევსება გვაქვს.

-“ლელო-სარასენსი” ძალიან ბევრმა მორაგბემ დატოვა და რა არის მოთამაშის მოტივი, როდესაც ჩემპიონი გუნდიდან მიდის?

-ჩვენ არავინ გაგვიშვია, უბრალოდ, სხვა კლუბებმა მათ მეტი ანაზღაურება შესთავაზეს. სამი წელიწადია ჩემპიონები ვართ და ამით ჩვენ არანაირი ფინანსური სარგებელი და სტაბილურობა არ მიგვიღია. სამწუხაროდ, ჩვენთან ასეა, რომ ჩემპიონობა ფინანსურ სტაბილურობას არ იძლევა. უსახსრობის გამო, შესაძლოა ამ ბიჭების მოტივაციაც დაიკარგოს. აქტიურად ვეძებთ სპონსორებს, მაგრამ შედეგები ჯერჯერობით არ ჩანს. ამ მიზეზის გამო, “ჩელენჯ ქაფის” შესარჩევ ტურნირშიც ვერ ვიღებთ მონაწილეობას.

-“ჩელენჯ ქაფზე” შესაძლო მონაწილეობის კუთხით სიახლე არაფერია?

-სამწუხაროდ, ჯერჯერობით არაფერია და სამი წელიწადია ევროტურნირებში მონაწილეობას ვერ ვახერხებთ. ამ შემთხვევაში “კავკასიელების” მონაწილეობას არ ვგულისხმობთ. ორი კვირის შეკრებილი გუნდით შედეგის მიღწევა გაცილებით რთული იყო და დარწმუნებული ვარ, კლუბის სახელით იქ უკეთ გამოვიდოდით. ახლა წესიც მიიღეს, რომ შესარჩევ ტურნირში კლუბმა უნდა ითამაშოს და მცდელობას არ დავაკლებთ, თბილისის მერია იქნება თუ სპორტის სამინისტრო, ვეცდებით საჭირო სახსრები გამოვნახოთ. მინდა ავღნიშნო, რომ ევროტურნირებზე მონაწილეობის შემთხვევაში, ოფიციალური უფლება გვაქვს ინგლისიდან “სარასენსის” მოთამაშეები დავიმატო, მაგრამ ფინანსები არ ჩანს. სხვათა შორის მათ ფინანსებზეც ვესაუბრე, მაგრამ ამის შანსი არაა. ერთადერთი, ისინი თავისი სახსრებით მოგვაწვდიან აკადემიის მოთამაშეებს. იქ ის ბიჭები თამაშობენ, რომლებიც ინგლისის 20-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობაში ახალგაზრდულ მსოფლიო თასზე მონაწილეობდნენ.

-დავუბრუნდეთ ისევ საქართველოს ჩემპიონატს. ასეთი ცვლილებების ფონზე, რამდენად მიღწევადი იქნება ზედიზედ მეოთხე ჩემპიონობა?

-მარტივი არც პირველი, მეორე და მესამე იყო. იმედს ვიტოვებთ, რომ მიზანი ამჯერადაც შესრულდება. ჩვენ არ ვართ ის გუნდი, რომელიც მეორე პოზიციას დასჯერდება და ვნახოთ, ყველაფერი წინ გვაქვს. არანაირი ფსიქოლოგიური წნეხი არ გვაქვს, თავდაჯერებულნი ვართ და ველოდებით ჩემპიონატის განახლებას.

-მსოფლიო თასის დაწყებამდე 20 დღე რჩება და თქვენ მასპინძელ ქვეყანაში, ინგლისში იყავით. თუ იგრძნობა მოლოდინი?

-ეს ქვეყანა რაგბის მოლოდინით დუღს. დარწმუნებული ვარ, ინგლისში გაცილებით პომპეზური, საინტერესო და ფინანსურად მომგებიანი მსოფლიო თასი იქნება, ვიდრე ოთხი წლის წინ ახალ ზელანდიაში იყო. უფრო მეტიც, ვფიქრობ ის აქამდე ჩატარებულ ყველა მსოფლიო თასს გადაფარავს. ინგლისელების მიდგომა ამის დასტურია. ყველა ჩართულია მსოფლიო თასის მასპინძლობაში და ინგლისის პრემიერშიპის დაწყებაც კი გადადეს.

-როგორ ფიქრობთ, ინგლისში საქართველოს ნაკრებს ისეთივე გულშემატკივრობა ექნება, როგორც საფრანგეთში და ახალ ზელანდიაში ჰქონდა?

-ლონდონში მრავლად არიან ქართველები და ისინი აქტიურად არიან ჩართული. იქ ერთი ქართველი მეგობარი მყავს, რომელიც მოჭიდავე იყო და მერე რაგბისაც თამაშობდა. მას ლონდონში საჭიდაო დარბაზი აქვს გახსნილი და იქ მხოლოდ ქართველებს ავარჯიშებს. იქვეა ქართული ტაძარი, რომლის ბრწყინვალე მამაოც სრულადაა ჩართული ამ მიმართულებით. მას ძალიან ბევრი მრევლი ყავს და რაგბის დიდი გულშემატკივარია. დარწმუნებული ვარ, ინგლისში მყოფი ქართველების უმეტესობა, ჩვენს ნაკრებს გვერდში დაუდგება. აქედან ჩასულებიც ბევრი იქნება. უშუალოდ იმ ქალაქის კლუბების ინგლისელ გულშემატკივრებზე, სადაც თამაში გვიწევს, ვერაფერს ვიტყვი. პირველი ორი თამაში გლოსტერში გვაქვს და “გლოსტერში” ოთხი ტონგელი თამაშობს. ალბათ, მათ უფრო მეტი ეყოლებათ მხარდამჭერი.

-როგორ ფიქრობთ, შეძლებენ “ბორჯღალოსნები” ინგლისში ორი თამაშის მოგებას?

-თუ პრაქტიკულები ვიქნებით, ჩვენი გუნდის მინიმუმი ნამიბიასთან მოგებაა, ხოლო მაქსიმუმი ტონგას დამარცხება. რუმინელები მსოფლიო თასზე რომ გადიან, ერთ თამაშს ირჩევენ, დანარჩენებში თავს ზოგავენ და სამარცხვინოდ მარცხდებიან, მაგრამ ჩემთვის ასეთი მიდგომა შეურაცხმყოფელია. საქართველოს ნაკრებისთვის ინგლისში ოთხივე თამაში იქნება ომი! დარწმუნებული ვარ, ბიჭები არავისთან არაფერს დათმობენ. მაგრამ არ შეიძლება საკითხი დავსვათ ასე - ჩვენ ტონგას აუცილებლად უნდა მოვუგოთ. თუ შევაფასებთ ჩვენი და მათ შესაძლებლობებს, ისინი ჩვენზე მაღლა დგანან. არის რაღაც, რაშიც ჩვენ უპირატესობა გვაქვს, თუმცა ტონგელებს უფრო მეტ კომპონენტში აქვთ უპირატესობა. მაგრამ, ეს იმას სულაც არ ნიშნავს, რომ ჩვენ მათი დამარცხება არ შეგვიძლია. ეს ბევრ რამეზე იქნება დამოკიდებული - ჩვენი და იმათ განწყობაზე. ტონგა უდისციპლინო გუნდია და თავისუფლად შეიძლება ამ უდისციპლინობით თამაში წააგონ. სწორად უნდა გამოვიყონოთ ჩვენი უპირატესობები და თუ გამოგვივიდა ის, რასაც მწვრთნელები დაგეგმავენ, გამარჯვება შესაძლებელია. მწვრთნელებზე ბევრი რამაა დამოკიდებული და მეტოქის ძლიერი და ჩვენი სუსტი მხარეები, შესაძლებელია მათემატიკური სიზუსტით გათვლის შედეგად გადაიფაროს. ვიმეორებ, არაა ის სიტუაცია, რომ აუცილებლად უნდა მოვიგოთ, მაგრამ მოგება შესაძლებელია. აი ნამიბიასთან აუცილებლად უნდა მოვიგოთ. 2007 წლის შემდეგ საქართველოს ნაკრები გაცილებით გაიზარდა, ხოლო ნამიბიისთვის არაფერი შეცვლილა. ამ გუნდს ულაპარაკოდ უნდა მოვუგოთ. ჩემთვის მინიმუმი მათი დამარცხება არაა. მათთან ულაპარაკოდ უნდა მოვიგოთ და დანარჩენებს უშეღავათო ბრძოლა გავუმართოთ. აი ესაა ჩემთვის მინიმუმი.

0.143913